პოლონეთის ქალაქ ბელსკო ბიალში მიმდინარე ძიუდოისტთა “ევროპის თასზე” მედლების ზუსტად ნახევარი – 8 კომპლექტი (4-4 გოგონებსა და ვაჟებში) გათამაშდა. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 18 მაისს, ტატამზე 8 ქართველი ძიუდოისტიც გავიდა და მათგან კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ ერთმა შეძლო – გოგონათა ნაკრების წევრმა მარიამ ჯანაშვილმა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალამდე მან 5 შეხვედრა ჩაატარა და ხუთივეში იპონით მოიგო, თან ისე, რომ მინიმალურ ქულად შეფასებული ილეთიც კი არც ერთი მეტოქისთვის დაუთმია.
ებრაელი დარ ავისარის, ფრანგი პატინ გუენელის, ჰოლანდიელი ლარისა ვან კრეველის, უნგრელი ჟურინა დარიასა და რუსი ელიზავეტა სტეპანოვას იოლად ძლევის შემდეგ, გადამწყვეტ ბრძოლაში ჯანაშვილი ფრანგ ასტრიდნეტოს დაუპირისპირდა და გაფრთხილებით წააგო.
52 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გურანდა შოთაძემაც იჭიდავა, მაგრამ ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა. ამავე ეტაპით დაასრულა “ევროპის თასზე გამოსვლა მზია ბებოშვილმაც (48 კგ). გოგონათა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი თენაძემ პოლონეთში სულ ოთხი შეგირდი იახლა და მათგან მხოლოდ ხატია ჯანაშვილს (63 კგ) დარჩა საჭიდაო.
ვაჟთა ნაკრების თავკაცმა ირაკლი ცირეკიძემ პოლონურ განაცხადში 10 სპორტსმენი შეიყვანა, რომელთაგანაც ტურნირის პირველ დღეს საქმეში 5 ჩაერთო. სამეულში შესვლის ყველაზე რეალური შანსი ხელიდან რობიზონ ბეგლარიშვილმა (50 კგ) გაუშვა. ძირითად ბადეში გამოსვლა მან ნახევარფინალში დაასრულა, მომავალ ჩემპიონთან - აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლისთან წაგებით. რეპეშაჟის ფინალში კი უკრაინის ნაკრების წევრ არტემ მარტიროსიანთან დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ამ ორ გადამწყვეტ შეხვედრამდე ბეგლარიშვილმა 3 მეტოქე ჩამოიშორა: იტალიელი ფაბრიციო მაგოცი, სომეხი დავიდ ხაჩატრიანი და რუსეთის ნაკრების წევრი სამველ ბაბინიანი.
50 კილოგრამშივე იჭიდავეს ირაკლი კუპატაძემ, თორნიკე ნაგლიაშვილმა და ნიკო ჭიკაიძემ. კუპატაძემ და ნაგლიაშვილმა მე-7 ადგილები დაიკავეს და ნაკრებს საერთო გუნდური ჩათვლისთვის შემატეს თავიანთი ქულები. ჭიკაიძე კი 8 საუკეთესოს მიღმა დარჩა, ისევე, როგორც 55 კილოგრამში მოჭიდავე ერეკლე არხოზაშვილი, რომელიც “ევროპის თასს” მერვედფინალიდან გამოეთიშა.
19 მაისს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა დარჩენილ 4-4 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ზურაბ ლომიძე (73 კგ), გიორგი გველესიანი, დავით რამაზაშვილი (ორივე 90 კგ), ჯაბა მუმლაძე, ბაქარ კუხიანიძე (ორივე +90 კგ) და ხატია ჯანაშვილი (63 კგ).