დღეს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში “მილანი” “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” შეხვდება. ჩრდილოიტალიელთა სამწუხაროდ, პრინციპულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ჯამპაოლო პაცინი – “როსონერის” ფორვარდი სერია A-ს ბოლო ტურში “ჯენოას” მცველმა დანიელე პორტანოვამ დაამტვრია. პაცინის უთამაშებლობაზე გული წყდება, თავიანთ პარტნიორებს კი ბარსელონაში აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს.
- ჯამპაოლო, რა კომენტარს გაუკეთებთ დანიელე პორტანოვას საქციელს?
- ამაზე საუბარი აღარც კი მსურს. არაა საჭირო ყურადღების გამახვილება იმ ფეხბურთელზე, რომელიც ამის ღირსი არაა.
- თქვენი აზრით, რატომ იყვნენ “ჯენოას” მოთამაშეები ესოდენ აგრესიულები “მილანის” წინააღმდეგ თამაშისას?
- ვერაფერს გეტყვით, პირველივე წუთებიდან მათ ფეხბურთის ნაცვლად ომი შემოგვთავაზეს.
- ამის გამო “კამპ ნოუზე” ვერ ითამაშებთ...
- ბარსელონაში არასადროს მითამაშია და “კამპ ნოუზე” გამოსვლას წილისყრის მომენტიდან მოუთმენლად ველოდი. გენუაში თამაშს კი არ ვნანობ. შესაძლოა შინ დავრჩენილიყავი და ტრავმა კიბის უჯრედზე ფეხის დასრიალების გამო მიმეღო.
- პარტნიორებს წინასამატჩოდ რა რჩევა-დარიგეგებს მისცემდით?
- ყოვლად დაუშვებელია დაცვაში ჩაკეტვა. “ბარსელონას” ფეხბურთელებს სივრცეები მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ “მილანმა” ყოველგვარი რიდის გრძნობის გარეშე უნდა ითამაშოს.
- “როსონერიმ” პირველ მატჩში 2:0 იმარჯვა და ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურის გასაფორმებლად იასპარეზებს. ცოტა ხნის წინ ეს ძნელად წარმოსადგენი იყო. მაინც რაა “მილანის” ბოლოდროინდელი წარმატების საფუძველი?
- გაიხსენეთ წინასასეზონო ვითარება. “სენატორების” წასვლამ ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა. ბევრს არ სჯეროდა, მათ გარეშე დარჩენილი “მილანი” წარმატებას რომ მიაღწევდა. ახალბედებს თითქოს ენთუზიაზმი აკლდათ და გუნდთან ადაპტირების სირთულეებიც ჰქონდათ. შემდეგ კი თანდათანობით მდგომარეობა სასიკეთოდ დარეგულირდა. ჩემი აზრით, აღმასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 17 ნოემბერს ნეაპოლში “ნაპოლისთან” 2:2 ვითამაშეთ.
- “მილანის” აღორძინების საქმეში მასიმილიანო ალეგრის რა როლი მიუძღვის?
- ჩვენ ალენატორეს განსაკუთრებით ერთი კარგი თვისება აქვს. იგიყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებულია. ეს იმის მიუხედავად, “მილანს” აღმასვლა აქვს თუ შედარებით უიღბლო სერია უდგას. იგი ყოველთვის გვეუბნება, რომ თუ ვიმარჯვებთ, ეს ჩვენი, ფეხბურთელების დამსახურებაა, წაგებას კი საკუთარ თავზე იღებს. ალეგრი ყოველთვის გვიცავს. ამბობენ, იგი ფეხბურთელებთან ხშირ კონტაქტს გაურბის. ვინც ამას ამტკიცებს, ეტყობა არასდროს უმუშავია “მოლაპარაკე” სპეციალისტებთან.
- როდესაც “მილანმა” მარიო ბალოტელი შეიძინა, გულშემატკივართა და სპეციალისტთა სოლიდურმა ნაწილმა იწინასწარმეტყველა, რომ მომავალ ზაფხულს თქვენ გუნდის დატოვება მოგიწევთ...
- დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ადრიანო გალიანის. ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა დამირეკა და სიტუაციაში გამარკვია. ბალოტელის “სან სიროზე” მიყვანა მხოლოდ და მხოლოდ მისი ინიციატივა გახლდათ. მე კი მარიოს თანაგუნდელად გახდომამ ოდნავადაც არ დამრთგუნა. მილანში ყოფნით კმაყოფილი ვარ. კლუბში და კერძოდ, გუნდში მეტად საქმიანი, ჯანსაღი სიტუაციაა შექმნილი. ახალგაზრდები ყურადღებით გვისმენენ და გამოცდილი მოთამაშეების რჩევებს ითვალისწინებენ. პირადად მე ვგრძნობ, რომ ისინი მენდობიან და სხვა რა დამრჩენია – ყოველმხრივ უნდა ვეცადო განვაგრძო გოლების გატანა და გუნდს მაქსიმალური სარგებლობა მოვუტანო. გადახედეთ სტატისტიკას. სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში შევდივარ. ვგრძნობ, რომ “მილანისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ და აქედან გამომდინარე, “სან სიროდან” აბარგებას არ ვაპირებ.
- რას გვეტყოდით თქვენი მეგობრის, ანტონიო კასანოსა და მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელს ანდრეა სტრამაჩონის შორის მომხდარ კონფლიქტზე?
- ანტონიოს რთული ხასიათი აქვს და მისი სტრამაჩონისთან უთანხმოება არ მიკვირს. კასანოს სირთულეები მწვრთნელებთან მაშინაც ჰქონდა, როდესაც პარტნიორები ვიყავით. ანტონიო ფეთქებადი ადამიანია, მაგრამ წყენის გულში ჩახვევა არ იცის და უსიამოვნებას მყისიერად ივიწყებს. როგორც წესი, მეორე დღეს კასანოს მომხდარი აღარც კი ახსოვს. დარწმუნებული ვარ, იგი სტრამაჩონისთან საერთო ენას მალე გამონახავს.