პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) ბოლო ტურში, ბიალისტოკის “იგიელონია”, სადაც ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე გამოდიან, სტუმრად ლოძის “ვიძევს” დაიზავდა – 1:1. ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა და 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ძალამიძეს მუხლის ტრავმა აქვს და ამიტომ, 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “იაგიელონიას” 27 ქულა აქვს და ქვედა 8 გუნდში ლიდერია.
კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) ზედა ექვსეულში “ერმისმა”, რომლის ღირსებასაც ლევან მაღრაძე იცავს, თავის მოედანზე ნიქოზიას “ომონიას” 2:1 აჯობა. ქართველი მარჯვენა მცველი მოედანზე შეცვლაზე 36-ე წუთზე შევიდა. “ერმისს” 62 ქულით მე-4 ადგილი უკავია.
მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) 32-ე ტურში, “ტირასპოლმა”, რომელშიც ლაშა ჯაფარიძე ასპარეზობს, შინ კიშინიოვის “ზიმბრუს” 2:1 აჯობა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვერცხლის მედლები გაინაღდა. ჯაფარიძემ 90 წუთი ითამაშა. “ტირასპოლს” 72 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-2 ადგილზეა. ჩემპიონი რამდენიმე ტურით ადრე “შერიფი გახდა, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია.
ბელარუსის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურში, მოგილიოვის “დნეპრმა” სახლში ბობრუისკის “ბელშინას” ვერ მოუგო – 0:0. ქართველმა მცველმა ნიკა მნათობიშვილმა მასპინძლებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. “დნეპრი” 6 ქულით 12 გუნდში ბოლო ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის 30-ე ტურში, მარიუპოლის “ილიჩევეცმა” გასვლაზე “ტავრიას” 3:0 მოუგო. დავით თარგამაძე სტუმართა სამატჩო განაცხადში არ იყო. ის უკრაინაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო, საქართველოში დაბრუნდა. “ილიჩევეცი” 34 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.
თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში “ქაისერისფორი” შინაურ კედლებში “ფენერბახჩესთან” 0:2 დამარცხდა. ტრავმირებული ხიზანიშვილი მასპინძლების 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. განვლილ სეზონში ნაჩვენები შედეგის მიხედვით, “ქაისერი” სუპერლიგიდან გავარდა.