2000 წელს, თბილისელი მკითხავი, ქსენია ბებო რომ გარდაიცვალა, ანდერძის თანახმად, საბურთალოზე, ქსენიას სამოთახიანი ბინა მის უმცროს შვილიშვილს, სერგოს, მეტსახელად ”ფსონოს” დარჩა. სერგოს ამ მეტსახელის წარმოშობას სულ ადვილად მიხვდებით, როდესაც გეტყვით, რომ ქსენია ბებოს პირველ სართულზე მდებარე ბინაში ”ფსონომ” ერთ თვეში ტოტალიზატორი გახსნა და ერთ-ერთი ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის სახელი უწოდა. იქ, სადაც ადრე ქსენია მკითხავი სულებს იძახებდა, ჯადოს ხსნიდა და ყავის ჭიქას მრავალმნიშვნელოვნად ატრიალებდა, ახლა უკვე საწერი კალმითა და ფურცლებით შეიარაღებული კაცები დადიოდნენ, რომლებიც დილიდან საღამომდე დიდ გნიასში იყვნენ და მათმა გადამკიდემ, ტოტალიზატორის ზემო სართულზე მცხოვრებმა, დამსახურებულმა პენსიონერმა და 1936 წლიდან კომპარტიის წევრმა, იგორა ბაბუამ ცხოვრებაში პირველად ინანა, რომ თავის დროზე ქსენია მკითხავის წინააღმდეგ მილიციას ანონიმური წერილი მისწერა. წერილი, სადაც კომუნისტი, მკითხავის სახლს ”სოციალისტური მშენებლობის შემაფერხებელ გარემოებად” მოისხენიებდა...
იმ პერიოდში, ტოტალიზატორები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და ქალაქის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულშიც კი გადააწყდებოდით ჯიხურებში გახსნილ ტოტალიზატორებს, სადაც მეფსონეცა და ფსონის მიმღებიც საღამოობით ერთად სვამდნენ ლუდს, ვისთვის მოგებული და ვისთვის წაგებული ფულით. გავიდა დრო და თანდათან წელში გაიმართა ქსენია ბებოს შვილიშვილის - ”ფსონას” კანტორა. გარდაცვლილი მკითხავის სახლში ჯერ ახალი ტელევიზორები შეიტანეს, რამაც აღფრთოვანებაში მოიყვანა ტოტალიზატორის ყველაზე ერთგული კლიენტები. შემდეგ, სასუსნავებისათვის, წვენებისა და სიგარეტისათვის პატარა დახლიც დადგეს, სადაც სერგომ თავისი მამიდაშვილი, თენგიზა დასვა. თენგიზა იმდენად ზარმაცი ვინმე იყო, რომ ერთიანად თვლემდა და სულ უკვირდა, ამ ხალხს ფეხბურთი ასე რამ შეაყვარაო. წადით, დალიეთ, გაიარ-გამოიარეთ თქვე ოხრებოო - ამბობდა.
პატარა-პატარა პრობლემებს თუ არ ჩავთვლით, ქსენია ბებოს სახლში ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა და ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა, ერთ კვირა დღის საღამოს ტოტალიზატორში 3 განაწამებსახიანი ქალი და ამდენივე ხანში შესული ბიძაკაცი რომ არ შესულიყო. სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც ტოტალიზატორის კლიენტურა ესპანეთის ჩემპიონატის 20.00-საათიანი მატჩებისათვის ემზადებოდა და ყველა ცდილობდა, რომ ტელევიზორთან ახლოს სკამი ადრევე დაეკავებინა, რადგან თუ სხვები დაგასწრებდნენ, მატჩის ცქერა სადმე კუნჭულში მიყუჟულს, ანდა სულაც იატაკზე მჯდომს მოგიწევდა.
ტოტალიზატორში შესულ ექვსეულს მეფსონეობის არაფერი ეტყობოდათ და მათ დანახვაზე ყველა გაჩერდა. ”ფსონა” მიხვდა მის თავს რაღაც ფარსაგი რომ ხდებოდა და ძლივს წამოდგა სპეციალურად მისთვის განკუთვნილი რბილი სკამიდან. ერთ-ერთმა შემოსულმა ტანჯულსახიანმა ქალმა წინ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, ხელები მაღლა აღაპყო და მთელი ხმით აყვირდა: ”ხალხო, იცით ახლა სადა ხართ?! იცით ვის და რა სახლში ხართ?! ეს სახლი დაწყევლილია ხალხო! მე სასიკვდილემ ჩემი რძლისათვის აი სწორედ აქ, ამ ადგილზე გავაკეთებინე ჯადო იმ სულწამხდარ ქსენიას. აქ ეშმაკია ჩაბუდებული ხალხო – ეშმაკი!”...
ტოტალიზატოში შეკრებილი საზოგადოება ჯერ შეცბა და უცნაური, შეკავებული ზმუილი ამოაფრქვია. მერე კი, შიშით დაზაფრულმა ხალხმა ისეთი ყაყანი და ჩოჩქოლი ატეხა, ზემო სართულზე მცხოვრებმა ყოფილმა კომუნისტმა, იგორა ბაბუამ, ალბათ, კიდევ ერთხელ ინანა, თავის დროზე ქსენიას რომ ებრძოდა, რადგან ქსენიაზე უარესი სატანჯველი მოუვლინა ღმერთმა.
როგორც აღმოჩნდა, სწორედ იმ ქალს, რომელმაც ტოტალიზატორის მოყვარულებს სიტყვით მიმართა, თავის დროზე ქსენია მკითხავისათვის უთხოვია: ”რძალი ზარმაცი მყავს და რამე მიშველეო”. ჰოდა, ამ ქსენიასაც ნამეტანი მოუნდომებია და ისეთი ჯადო გაუშვანშვალებია, ავ თვალს რომ არ დაენახვებოდა. ამის შემდეგ გავიდა ერთი წელი და რძალი საერთოდ გაიქცა სახლიდან (როგორი გასაძლებია დედამთილი, რომელიც ჯადოებს გიკეთებს?) დედამთილი მიმხვდარა თავის შეცდომას და უღიარებია, რომ ჯადოს გაკეთება ცუდი საქციელია. ჰოდა, სწორედ ამ აღიარებისათვის და მკითხავის წყევლა-კრულვის შესათვლელად იყო ნათესავებთან ერთად მისული ის ქალბატონი აწგარდაცვლილი ქსენია მკითხავის სახლში. იქ კი, ის ხალხი დახვდა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ელოდა!..
ტოტალიზატორისაკენ ხელი ცოტ-ცოტა, ალბათ, ყველას გაგვირბის და ისიც კარგად ვიცით, რომ ეს საქმე ცრურწმენის საკმაოდ დიდ დოზებს შეიცავს. სწორედ ეს ცრურწმენები გახდა იმის მიზეზი, რომ იმ დღის შემდეგ, საწყალმა ”ფსონამ“ თითქმის ყველა ძველი კლიენტი დაკარგა და ორ თვეში საერთოდ დახურა ტოტალიზატორი. ხოლო სახლში, სადაც ჯერ მკითხავი ქსენია ბებო ცხოვრობდა და შემდეგ ტოტალიზატორი იყო მოწყობილი, დღეს ავტონაწილების დიდი მაღაზიაა გახსნილი. როგორც ჩანს, ამ მაღაზიის მფლობელმა არც ქსენია ბებოს შესახებ იცის და არც მის ჯადო-თილისმებზე სმენია რამე. ანდა... ანდა, სულაც ერთი იმ სამ მამაკაცთაგანია, რომლებიც იმ ქალს ახლდნენ, ვინც ”ფსონას” ტოტალიზატორი ერთი წინადადებით დახურა...
ლევან სეფისკვერაძე