ლიხტენშტაინთან ბოლო ამხანაგური მატჩი; ამბები “დნიპროში”; უკრაინული მოვლენები; ევრო-2016-ის შესარჩევ ჯგუფში მეტოქეები – ამ ყველაფერზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში ისაუბრა. ერთი, რაც საუბრის დასაწყისშივე გვეჩვენა და საერთოდ ამ ფეხბურთელს ყოველთვის ახასიათებდა, გამორჩეულად თვითკრიტიკულია და არასოდეს არ დაფრინავს ცაში.
ჯაბა კანკავა: “ლიხტენშტაინთან მატჩზე ვიტყოდი, რომ სჯობს, ყველამ დაშვებულ შეცდომებზე ვიფიქროთ. ჩემი აზრით, მთავარი ესაა და არანაირად არ უნდა მოვეშვათ. ყველამ იცის, რომ შესარჩევში ლიხტენშტაინზე გაცილებით ძლიერ გუნდებს შევხვდებით. პირადად მეც შეცდომები მქონდა”.
- კონკრეტულად?
- ბევრჯერ დავკარგე ბურთი ისეთ მომენტში, როცა შემეძლო არ დამეკარგა. ჩემი თამაშით უკმაყოფილო ვარ. სხვებსაც ჰქონდათ შეცდომები და იმედია, ამაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
- პირველივე წუთებზე იგრძენით, რომ ლიხტენშტაინი სუსტი გუნდი იყო? ამან თავდაჯერება შეგმატათ?
- იგრძნობოდა ეგ მომენტი. აშკარად ვერ იყო ძლიერი მეტოქე, პირველი გოლის მერე კი საერთოდ ვეღარ თამაშობდნენ.
- ფსიქოლოგიურად თუ წაგადგებათ ეს მოგება?
- აი, ფსიქოლოგიური კუთხით კი მართლაც საჭირო გამარჯვება იყო. ამდენი ხნის განმავლობაში არ გვქონდა მოგება, რასაც განვიცდიდით. ზოგჯერ საჭიროა სუსტი მეტოქის შერჩევა, რათა ცუდი სერია შეწყდეს. ეს მიღებული პრაქტიკაა სხვა ნაკრებებისთვისაც.
- უკრაინულ ამბებზე გადავიდეთ. “ჩერნომორეციდან” 5 ფეხბურთელი წავიდა და “დნიპროშიც” ხომ არაა რაიმე პანიკა?
- არა. ახლა არაფერი იგრძნობა, ჩვეულებრივ ვვარჯიშობთ და სეზონის განახლებას ველოდებით, მაგრამ ყირიმში ომი თუ დაიწყო, მაშინ ჩვენზეც იმოქმედებს. ჯერჯერობით კი, დნეპროპეტროვსკში სიმშვიდეა.
- “ტოტენჰემთან” გავარდით ევროპის ლიგაზე. შინ 1:0 მოიგეთ, გასვლაზეც 1:0-ს იგებდით და მაინც, ამის შემდეგ 3 გოლი გაუშვით. რატომ მოხდა ასე?
- ლონდონში პირველი ტაიმი ისე წარიმართა, როგორც გვსურდა. “ტოტენჰემს” ბევრ მომენტს არ ვაქმნევინებდით, მეორე ტაიმის დასაწყისში დავწინაურდით კიდეც და მართალია, მალევე გაგვიტანეს, მაგრამ ორი გოლი კიდევ სჭირდებოდათ. ზოზულიას გაძევებამ არია სიტუაცია.
- ანუ, ფიქრობთ, რომ 11 კაცით სასურველ შედეგს მიაღწევდით?
- ჩემი აზრით, მივაღწვედით. 11 კაცით 2 გოლს არ გავუშვებდით. საბოლოოდ კი, 1:3 წავაგეთ.
- კარგ სეზონს ატარებთ და უფრო ძლიერი ლიგის რომელიმე კლუბიდან არ გქონიათ შემოთავაზება?
- კონკრეტული არაფერი. მპირდებიან ხოლმე, მაგრამ კონკრეტულად ჯერ არაფერი ხდება. ისე, შარშან უფრო კარგი პერიოდი მქონდა, 2-3 თვის განმავლობაში ფორმის პიკში ვიყავი. მაშინდელი ფორმა უნდა აღვიდგინო.
- “დნიპროში” საყრდენებად თითქმის მუდმივად თქვენ და როტანი ხართ გამწესებული. რეალური კონკურენტი გყავთ?
- საკმაოდ. კონკურენცია ძალიან მაღალია. აქ თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე თუ არ დაიხარჯე, ძირითადს დაემშვიდობე... გვყავს ისეთი ფეხბურთელები, სხვადასხვა პოზიციაზე რომ შეუძლიათ თამაში, ამდენად თითოეულ პოზიციაზე 3-4 კაცი მოდის. სულ უნდა ამტკიცო, რომ სხვებს ჯობიხარ.
- ევრო-2016-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს მეტოქეებზე რას იტყვთ? მიიჩნევთ, რომ ჩვენი ჯგუფი ყველაზე ძლიერია?
- რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გუნდები შეგვხვდნენ, მაგრამ ვფიქრობ, მესამეზე ან თუნდაც მეორეზე გასვლა შეუძლებელი არაა. მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო თითოეულ მატჩზე. ვიბრძოლებთ და ვნახოთ.
- პოლონეთი, ირლანდია, შოტლანდია – ამ სამეულიდან ყველაზე ძლიერად რომელს მიიჩნევთ?
- ვფიქრობ, დაახლოებით თანაბარი დონისაა სამივე გუნდი. მართალია, შოტლანდია მეოთხე კალათიდანაა, მაგრამ შარშან ხორვატიას გასვლაზე მოუგო.