ფეხბურთი

11:04 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: "არაა სწორი, როცა პრობლემები პრესის საშუალებით ირკვევა"

საქართველოს ეროვნული ნაკრები, სხვა ყველაფერთან ერთად, ამ შინაომებმაც ძალიან არია. ჯერ ისედაც, რბილად რომ ვთქვათ, ვერ წყვეტს ვარსკლავებს გუნდი და კიდევ ამდენი კულისებსმიღმა ამბები ძირს აცლის. ალეკო ამისულაშვილმა, მე ქეცბაიასთან ვერ ვიმუშავებო და ნაკრებიდან წავიდა. ზურაბ ხიზანიშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც ნაკრებს დაშორდა და ამასთან განაცხადა, რომ არის საშიშროება, ნაკრებში 22-23 წლის ბიჭები აღარ ჩამოვიდნენ ქეცბაიას გამო. 

"მსოფლიო სპორტი" ეროვნული ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას დაუკავშირდა. კაპიტნის აზრი მაინც სხვაა.

ჯაბა კანკავა: საერთოდ, მომხრე ვარ, რომ გუნდში რაც ხდება, თუნდაც პატარა წვრილმანი, შიგნით უნდა მოგვარდეს. არაა სწორი, როცა პრესის საშუალებით ირკვევა. უნდა შემდგარიყო საუბარი ხიზანიშვილ-ქეცბაიას და ამისულაშვილ-ქეცბაიას შორის.

- როცა გაიგეთ, რომ ამისულაშვილი ნაკრებიდან მიდიოდა, პირადად თქვენ, როგორც კაპიტანმა, თუ სცადეთ, რომ წასვლა გადაეფიქრებინა?

- არა, მე აზრს ვერ შევაცვლევინებდი 31 წლის ფეხბურთელს.

- ქეცბაიასთან ურთიერთობაში თქვენ გქონიათ კონფლიქტი?

- მქონია, ოღონდ, კონფლიქტს ვერ დავარქმევ. ვილაპარაკეთ და ნაკრების შიდა სამზარეულოშივე მოგვარდა. ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთი რამ "დნიპროშიც" მომსვლია და შიგნითვე მოგვარებულა. სახალხოდ ლაპარაკი არ დამიწყია. საერთოდ, ისეთი ამბებია ატეხილი, თითქოს მოკვდა ნაკრები და აღარ არსებობს. ვიზუალურად უფრო ჩანს ასე, არადა, ნაკრებში არაა ასეთი გადაუჭრელი პრობლემა. ქეცბაია ემოციური ადამიანია და ეს ყველამ იცის. ის თამაშებზეც ემოციურია და ვარჯიშებზეც, მაგრამ დედის გინება არასოდეს მომისმენია. ახლა იცით, რა გამოდის? თითქოს, ვინც ნაკრებში დავრჩით, ქეცბაიასგან დედის გინებას ვიტანთ. ქართველი კაცი რომ დედის გინებას არავის აპატიებს, მგონი, ორჯერ ორია. ზურგსუკან არ ვიცი, რა ხდება და ქეცბაიას პირში ვინმესთვის დედა შეეგინებინა, ასეთი რამ არ გამიგია. ან თუნდაც შეეგინებინა და სხვას გაეგონა, ეს რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. არც ჩემს მიმართ და არც სხვების მიმართ. ასეთ რამეს არავინ აიტანს.

- ჯაბა, ერთს გკითხავთ: საქართველოს ნაკრები მეგობრული გუნდია?

- ფეხბურთელები ცუდად არ ვართ ერთმანეთში. ნორმალური სიტუაციაა, პატივისცემა არის, მაგრამ მინდა, რომ უფრო მეტი იყოს.

- მეტი რა მხრივ?

- აი, თუნდაც ეს ამბები ავიღოთ. შიგნით უნდა მოგვარებულიყო. მეტი პატივისცემა და სიყვარულია საჭირო. ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა და ერთმანეთის დაჭმა კარგს არაფერს მოიტანს.

- კეთილი. კონფლიქტებს რომ თავი დავანებოთ, სათამაშო კუთხით რაშია საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა?

- გადამწყვეტ თამაშებს ვერ ვიგებთ. ასე იყო ლატვიასთან წინა შესარჩევში და ახლა ბოლოს ფინეთთანაც. და თამაშის ხარისხიც რომ უკეთესის სურვილს ტოვებს, ყველა ხედავს. ეს ფეხბურთელების ბრალიცაა და მწვრთნელისაც. უბრალოდ, მეტად თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ.

- "დნიპროში" თქვენს თამაშზე რას იტყვით? ფიქრობთ, რომ საუკეთესო სეზონს ატარებთ კარიერაში?

- შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ დაველოდოთ. ჯერ პირველი წრე მიმდინარეობს.

- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დნიპროს" ორმხრივი თამაშის დროს თქვენ და ხორვატი ნიკოლა კალინიჩი წაკინკლავდით.

- ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ, დაიძაბა სიტუაცია და მწვრთნელმა დაშოშმინების მიზნით ორივენი გასახდელში გაგვიშვა. ხდება ასეთი რამ და გაუგებრობა მალევე დასრულდა. პრობლემა არ ყოფილა.

- "დნიპრო" ჩემპიონობისთვის ბოლომდე თუ იბრძოლებს? აქვს ამის პოტენციალი?

- კონკრეტული მიზანი მაინცდამაინც ჩემპიონობა, ან მაინცდამაინც სამეულში შესვლააო, ასე არაა. ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. ასევეა ევროპის ლიგაზე, სადაც ჯგუფიდან გავედით და რაც შორს წავალთ, მით უკეთესი.

- უკრაინაში "შახტარი" დომინირებდა, წლეულს კი ასე არაა. რატომ - "დნიპრო" და "მეტალისტი" გაძლიერდნენ თუ "შახტარი" დასუსტდა?

- ალბათ, ერთიც და მეორეც. "შახტარს" სამი ისეთი ფეხბურთელი გამოაკლდა, რომ თამაშზე აესახათ. ფერნანდინიო, მხითარიანი და ვილიანი.

- უკრაინის ნაკრები ფლეი-ოფში პირველი მატჩის შემდეგ ახლოს იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლასთან. გულშემატკივრობდით ფრანგებთან?

- ძალიან. ჩემი 6 თანაგუნდელია უკრაინის ნაკრებში და რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ გასულიყვნენ. არ ველოდი, 2:0-ის შემდეგ თუ გავარდებოდნენ. 

 

 

0.112615