ძიუდო

22:23 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიუსელდორფის მონაგარი – 2 ბრინჯაო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრი 2 ბრინჯაოს მედლით და საერთო გუნდურ ჩათვლაში დაკავებული მე-11 ადგილით დაასრულა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი გერმანიაში გადახალისებული, 10-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. ეროვნული გუნდის გამოცდილ წევრთაგან კიმონო მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა მოირგეს. ამასთან, შავდათუაშვილმა ახალ წონით კატეგორიაში – 73 კილოგრამში მოსინჯა ძალა და დებიუტი წარუმატებელი გამოუვიდა. მიმდინარე სეზონში საერთაშორისო ტურნირებზე საკმაოდ არადამაჯერებლად მოჭიდავე ოქრუაშვილმა კი ამჯერადაც ჩვეულზე ბევრად სუსტად წარმოაჩინა თავი, თუმცა პოდიუმზე ასვლა მაინც შეძლო.

მსოფლიოს რეიტინგ-სიის მესამეადგილოსანი ქართველი მძიმეწონოსანი დიუსელდორფის ტატამზე მეორე წრიდან გავიდა და გერმანელი პიერ ბორკოვსკი წუთსა და 21 წამში დასცა ბეჭებზე. ძირითად ბადეში ეს გამარჯვება ადამ ოქრუაშვილისთვის პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა – მეოთხედფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან უილეთო შეხვედრაში გაფრთხილებით წააგო და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო.

ბრინჯაოს ნახევარფინალში ოქრუაშვილმა კიდევ ერთი გერმანელი, ანდრე ბრეიტბარტი გამოთიშა ბრძოლას, მაგრამ ძალიან დაიღალა და რომ არ წააგო, პირველ ყოვლისა გამოუცდელი მეტოქის უნიათობის დამსახურებაა. ბრეიტბარტი მსაჯმა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე მეოთხე შიდოთი დასაჯა. ამ მომენტამდე ქართველი ძიუდოისტი იუკოს იგებდა, მაგრამ სამი გაფრთხილება ჰქონდა და პასიურობის გამო მეოთხე გაფრთხილების რეალური საფრთხის წინაშე იდგა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ორი ქართველი მძიმეწონოსანი დაეჭიდა – ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი. ეს უკანასკნელი დამამშვიდებელ ეტაპზე ნახევარფინალიდან გადაერთო, სადაც იაპონელ დაიკი კამიკავასთან შეხვედრაში, საწყის 25 წამში ჯერ ვაზარზე დავარდა, შემდეგ კი შებოჭვაზეც მოყვა. ნახევარფინალამდე მატიაშვილმა ორი მეტოქე ჩამოიშორა. გრან პრი გამოცდილი კუბელის, 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ ოსკარ ბრისონის ვაზარით ძლევით გახსნა. ყირგიზ იური კრაკოვეცკის კი სამ წუთში, სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე.

ქართული დაპირისპირება 2 წუთში დასრულდა. ადამ ოქრუაშვილმა ჯერ იუკო აიღო, შემდეგ კი ვაზარიც შეასრულა და სწორედ ამ ილეთისას ლევან მატიაშვილმა ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 90 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ და 90 კილოგრამში ზვიად გოგოჭურმა ერთი კვირის წინ ობერვარტის ევროპის ღია პირველობაზე მოპოვებულ ოქროს მედალს გრან პრის ბრინჯაო მიამატა.

ქართველი ძიუდოისტი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოჭიდავე მიხაილ მარჩიტანს წუთი და 45 წამი აკმარა ბეჭებზე გასაკრავად. მეოთხედფინალში კი ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან უშანსოდ წააგო – 2 წუთში ჯერ ვაზარზე დაეცა, შემდეგ კი სუფთა გდებაც გამოეპარა.

ბრინჯაოს გზაზე გადართვის შემდეგ გოგოჭურმა ჯერ რუსი კირილ ვოპროსოვი ჩამოიშორა ვაზარით, რეპეშაჟის ფინალში კი ფრანგ რომენ ბუფეს 34 წამი აკმარა. მეტოქე ხელში აიტაცა და ბეჭებზე დაანარცხა.

ზვიად გოგოჭურმა და ადამ ოქრუაშვილმა პოდიუმის მესამე საფეხურზე ასვლით 120-120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

90 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ბექა ღვინიაშვილმაც იჭიდავა. ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ბრწყინვალედ იჭიდავა და რომ არა უიღბლო წილისყრა, მრედლისთვის ბრძოლაც რეალურად შეეძლო.

გერმანელი აარონ ჰილდებრანდის 2 წუთში სუფთად მოგების შემდეგ მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ ჯარჯი ზვიადაურს დაუპირისპირდა. ილიას ილიადისის და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე უხვტიტულა ძიუდოისტს ძირითად საჭიდაო დროში არაფერი დაუთმო და მეტოქეებმა მხოლოდ სამ-სამი გაფრთხილება გაცვალეს. ოქროს დროში კი იუკოდ შეფასებული საკამათო გდებით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ილიას ილიადისი დიუსელდორფის გრან პრის ჩემპიონი ისე გახდა, ღვინიაშვილის დარ წინააღმდეგობას არავისგან შეხვედრია. 18 წლის ქართველ ძიუდოისტს კი მთავარი წარმატებები წინ რომ აქვს, ინტერნეტ-რეპორტაჟის უცხოელმა კომენტატორებმაც აღნიშნეს, ოღონდ მაქსიმალური შედეგის მისაღებად პირველ ყოვლისა გამძლეობის პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მართებს.

100 კილოგრამში მოჭიდავე ორივე ქართველი ძიუდოისტი საწყისი ეტაპიდანვე გავარდა. ნოდარ მეტრეველმა პირველ წრეში, გერმანელ დინო პფაიფერთან შებოჭვით წააგო. ალექსანდრე მსხალაძემ შეჯიბრება იაპონელ ტაცუკი მასაბუჩისთან მოპოვებული სუფთა გამარჯვებით გახსნა და ყაზახ მაქსიმ რაკოვთან გაფრთხილებებით (1:3) წაგებით დაასრულა.

მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში 46 ქვეყნის ნაკრებს შორის ყველას იაპონიამ აჯობა 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მორიგი საერთაშორისო ტურნირი ერთ თვეში, საკუთარ კედლებში ელის - 21-23 მარტს თბილისის სპორტის სასახლე გრან პრის უმასპინძლებს და მასზე ირაკლი უზნაძის გუნდი 28-კაციანი შემადგენლობით გამოვა.

 

ძიუდო

დიუსელდორფის გრან პრი

21-23 თებერვალი

კაცები

 

60 კგ

1 ტორუ შიშიმე (იაპონია)

2 იუმე ოშიმა (იაპონია)

3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)

3 ვინსენტ ლიმარე (საფრანგეთი)

 

66 კგ

1 მასაში ებინუმა (იაპონია)

2 რენე შნაიდერი (გერმანია)

3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)

 

73 კგ

1 ჰიროვუკი აკიმოტო (იაპონია)

2 საგი მუკი (ისრაელი)

3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

 

81 კგ

1 ტრევის სტივენსი (აშშ)

2 სვენ მარეხი (გერმანია)

3 შუხატიონ არსლანოვი (უზბეკეთი)

3 ალექსანდრ ვიეჟერზაკი (გერმანია)

7 უშანგი მარგიანი (საქართველო)

 

90 კგ

1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)

2 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)

3 ზვიად გოგოჭური (საქართველო)

3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)

 

100 კგ

1 ლუჩიანო კორეა (ბრაზილია)

2 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)

3 ტუვშინბაიარ ნაიდანი (მონღოლეთი)

3 რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია)

 

+100 კგ

1 დაიკი კამიკავა (იაპონია)

2 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი)

3 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)

 

საერთო გუნდური ჩათვლა. კაცები

ო          ვ          ბ          V         VII

1 იაპონია                         4          1          1          2          0

2 ბრაზილია                     1          0          2          1          0

3 აშშ                               1          0          0          1          0

4 საბერძნეთი                  1          0          0          0          0

5 გერმანია                       0          2          1          1          3

6 ყაზახეთი                      0          1          0          3          0

7 ისრაელი                       0          1          0          0          1

8 ჰოლანდია                    0          1          0          0          0

8 ტუნისი                        0          1          0          0          0

10 რუსეთი                     0          0          3          3          2

11 საქართველო            0          0          2          1          1

0.124806