ქართული “კლასიკო”, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული აღმოჩნდა. “დინამო არენაზე” შეკრებილმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა ტურის ცენტრალურ მატჩში, სამი გატანილი გოლი, გაცუდებული პენალტი, გაძევება და დრამატული ბოლო წუთები იხილა. შეხვედრას არც ორივე გუნდის ფანებს შორის ჩხუბის გარეშე ჩაუვლია, რაც თბილისსა თუ ქუთაისში უჩვეულო მოვლენა არაა.
“ტორპედოს” შანსი ჰქონდა, რომ თბილისიდან სამი ქულა წაეღო, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩა, თითქმის ორი ტაიმის განმავლობაში კაცნაკლულმა “დინამომ” კი, პრინციპულ მატჩში, არბიტრის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებზე გაიმარჯვა.
“დინამოსთვის” მატჩი ძალიან უიღბლოდ დაიწყო. მე-3 წუთზე, გიორგი ფანცულაია უსტარიცს დაუსხლტა და ესპანელს აკრძალული ილეთით რომ არ შეეჩერებინა, გიორგი ლორიასთან პირისპირ გავიდოდა. მსაჯმა უსტარიცი უყოყმანოდ გააძევა და ვინაიდან წესი თბილისელთა საჯარიმოს მისადგომებთან დაირღვა, “ჯარიმა” დანიშნა.
ამ ეპიზოდის შემდეგ, “ტორპედოსა” და “დინამოს” ფანები, რომლებიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნებზე ისხდნენ, საკუთარი ადგილებიდან დაიძრნენ და აღმოსავლეთ ტრიბუნის მე-2 სექტორის ქვემოთ იჩხუბეს. შეხლა-შემოხლა კარგა ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, მხარეები სამართალდამცავებმა დააშოშმინეს. ქუთაისელმა ქომაგებმა იმ სექტორში, სადაც ისხდნენ, სკამები დაამტვრიეს.
უსტარიცის გაძევების მერე, დაცვის ცენტრში გივი კვარაცხელიას, გუნდის კაპიტანი ლევან ხმალაძე შეუწყვილდა.
მე-12 წუთზე, თორნიკე კაპანაძემ “კედელი” დავით უბილავასთან გაითამაშა და პარტნიორისგან კარგი პასის მიღების შემდეგ, ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა. მე-19 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ჯაბა დვალის პასის შემდეგ, ჩისკომ თავით გადაცემა დორინ გოგას გაუკეთა, რომელმაც “ცაციათი” შეუჩერებლად დაარტყა და მაქსიმე ქვილითაიამ ბურთი ხელებში მეორე ცდაზე შეიმაგრა.
21-ე წუთზე, გიორგი მერებაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, მაგრამ ზუსტი პასის მიცემის საშუალება მეტოქემ არ მისცა, თუმცა შეტევა გაგრძელდა და დვალს “ტორპედოს” მცველმა დაასწრო, კარგი პოზიციიდან ირაკლი ძარიას დარტყმული ქვილითაიამ გაანეიტრალა.
22-ე წუთზე, “ტორპედოს” სწრაფი შეტევის დროს, უბილავამ მარცხენა ფლანგიდან გადაცემა გააკეთა “დინამოს” საჯარიმოში, სადაც ყველას თორნიკე კაპანაძემ დაასწრო და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0. გახარებული კაპანაძე იმ სექტორისკენ გაიქცა, სადაც ქუთაისელი ფანები ისხდნენ, რომლებმაც მადლიერების ნიშნად, დამტვრეული ყვითელი სკამები სარბენ ბილიკზე გადმოყარეს.
42-ე წუთზე, ესპანელმა ჩისკომ ტრავმა მიიღო და ის გიორგი გველესიანმა შეცვალა, რომელმაც ადგილი დაცვის ცენტრში დაიკავა, ლევან ხმალაძე კი, ნახევარდაცვას დაუბრუნდა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, გოგამ მარჯვნიდან კუთხური მოაწოდა და მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ “ტორპედოელ” დავით მთივლიშვილზე ხელით თამაში დააფიქსირა, რისთვისაც სტუმართა კარში პენალტი დანიშნა. დვალმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ზემოდან გადაცდა.
58-ე წუთზე, დვალის მაგივრად მოედანზე ელგუჯა გრიგალაშვილი გამოვიდა, რომელმაც თამაში გაამწვავა. 77-ე წუთზე, ის ქუთაისელთა საჯარიმოში შეიჭრა, ერთ მოწინააღმდეგეს გაცდა და მას მერე, რაც კარიდან გამოსული ქვილითაია ფეხებში ჩაუხტა, წაიქცა – მსაჯმა “ტორპედოს” კარში მეორე პენალტი დანიშნა. ამჯერად, ბურთთან ხმალაძე მივიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მე-80 წუთზე, ფანცულაია “დინამოს” საჯარიმოში მარცხნიდან ბურთიანად შევიდა, მასპინძელთა ერთ ფეხბურთელს გაცდა და უზუსტოდ დაარტყა. ცოტა ხანში, მთივლიშვილის პასის შემდეგ, ნიკა საბანაძეს ახლო მანძილიდან კარში კვარაცხელიამ არ დაარტყმევინა, რომელიც სტუმართა ფორვარდს ფეხებში ჩაუვარდა. 85-ე წუთზე, ნიკა ახვლედიანმა შორი მანძილიდან სახიფათოდ “გაისროლა” და გიორგი ლორიამ ბურთი ნახტომში მოიგერია.
87-ე წუთზე, პატრიკ ვუომ “ტორპედოს” საჯარიმოში გრიგალაშვილი მოძებნა, რომელმაც ქუსლით ძალიან ეფექტურად ბურთი კოტდივუარელს დაუბრუნა, ხოლო ეს უკანასკნელი ერთ მცველს გაცდა და ხელსაყრელი პოზიციიდან ქვილითაიას ვერ აჯობა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე, მერებაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩამოაწოდა და გველესიანმა თავის კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში მისთვის პირველი აღმოჩნდა – 2:1.
ჟერარდ სარაგოსა: “პირველყოვლისა, მინდა ჩვენს გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო, რადგან საბოლოოდ ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვსურდა. სამი ქულა კი არა, ერთი ქულაც ვერ ავიღეთ. 3-4 თვეა, რაც გუნდს ვხელმძღვანელობ. ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 21 წელია. 60 წუთი კარგად ვითამაშეთ, ხოლო ბოლო 10 წუთში “დინამოს” ფეხბურთელებმა გამოცდილებით გვაჯობეს. ახლა ცხინვალის “სპარტაკთან” მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ”.
დუშან უჰრინი: “ჩვენთვის თამაში ძალიან რთულად დაიწყო, რადგან პირველივე წუთებიდან ფეხბურთელი გაგვიძევეს. გუნდის გადაწყობა მომიწია. საჭირო იყო ისეთი ტაქტიკა შეგევრჩია, რომ შეგვეტია და გოლი არ გაგვეშვა. მინდა ვთქვა, რომ პირველ ტაიმში ჩემი ფეხბურთელები არცთუ კარგად თამაშობდნენ, მაგრამ იყო თავდადება. ბოლო 20 წუთი “დინამომ” თავისი ფეხბურთი ითამაშა და გავიმარჯვეთ. ბოლო ნახევარი საათი მჯეროდა, რომ მოვიგებდით. გოლის გასატანად კარგი მომენტები გვქონდა. პირველ ტაიმში “ტორპედომაც” კარგი მომენტები შექმნა. საბოლოოდ, მოვიგეთ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ღამეს კარგად დავიძინებთ”.
განვლილ მატჩში მსაჯების ქმედებაზე მწვრთნელებმა ასეთი კომენტარები გააკეთეს:
სარაგოსა: “მსაჯობაზე ვერაფერს ვიტყვი. არ ვსაუბრობ”.
უჰრინი: “წითელი ბარათის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. პირველი პენალტი ვერ დავინახე, რადგან ზურგით ვიდექი. მეორე პენალტი იყო”.
დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:1)
26 ოქტომბერი. თბილისი. “დინამო არენა”.
დინამო: ლორია, უსტარიცი, გივი კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე (კ), დვალი (ელგუჯა გრიგალაშვილი, 58), მერებაშვილი, კვირკველია, გოგა, ჩისკო (გველესიანი, 42), ძარია (77).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი).
ტორპედო: ქვილითაია (კ), ცინცაძე, გიგაური, საბანაძე, ჭელიძე, უბილავა, კუხიანიძე (ახვლედიანი, 77), ფანცულაია, ხიდეშელი, მთივლიშვილი (გაბაძე, 90), კაპანაძე (გოროზია, 69).
მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა (ესპანეთი).
გოლები: 0:1 კაპანაძე (22), 1:1 ხმალაძე (79), 2:1 გველესიანი (90+2).
45-ე წუთზე ჯაბა დვალმა პენალტი ვერ გამოიყენა.
გაფრთხილება: გიგაური (50), სეთურიძე (51), ქვილითაია (77).
გაძევება: უსტარიცი (3).
მთავარი მსაჯი: გ. ვადაჭკორია
1 | დინამო (თბილისი) | 10 | 8 | 1 | 1 | 27:9 | 25 |
2 | ჩიხურა | 10 | 6 | 1 | 3 | 23:18 | 19 |
3 | ტორპედო | 10 | 5 | 4 | 1 | 15:7 | 19 |
4 | მეტალურგი | 10 | 5 | 2 | 3 | 16:15 | 17 |
5 | გურია | 10 | 5 | 0 | 5 | 10:14 | 15 |
6 | დილა | 10 | 4 | 3 | 3 | 13:11 | 15 |
7 | ზესტაფონი | 10 | 4 | 2 | 4 | 12:8 | 14 |
8 | მერანი | 10 | 4 | 0 | 6 | 12:22 | 12 |
9 | ვიტ ჯორჯია | 10 | 3 | 3 | 4 | 14:14 | 12 |
10 | სიონი | 10 | 2 | 3 | 5 | 11:15 | 9 |
11 | ზუგდიდი | 10 | 1 | 4 | 5 | 5:15 | 7 |
12 | სპარტაკი | 10 | 1 | 1 | 8 | 5:15 | 4 |
მეგოლეები:
7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”)
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა