ფეხბურთი

21:07 | 23.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” ახალი აქცია: ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული მთლიანი თანხა ფონდ “იავნანას” მოხმარდება

სანაკრებო პაუზის შემდეგ, კვირას, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტური გაიმართება. სანაკრებო პაუზა ვთქვით, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნულ გუნდს არ უთამაშია, მოწინააღმდეგე ვერ გამოიძებნა. ეს შესვენება ჩვენი მთავარი გუნდის მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ერთმანეთის შეურაცყოფისთვის გამოიყენეს. სამაგიეროდ 19-წლამდელებმა გვასახელეს. 

 

მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე)

24 ნოემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ლუკა რაზმაძე, გიორგი გავაშელიშვილი (ორივე – “მეტალურგი”)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ზ. მენთეშაშვილი, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 3:2

რუსთაველებმა ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგეს და “გურიასთან” ერთად 3-4 ადგილებს იყოფენ. საჩხერელებმა კი მიჯრით 3 თამაშში იმარჯვეს, მეორე ადგილზე დამსახურებულად დგანან და ამტკიცებენ, რომ შარშანდელი წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. 

 

მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი)

24 ნოემბერი. სამტრედია. ცენტრალური. 14:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. ვარამიშვილი, კ. ტეფნაძე, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:1

მარტვილელები ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. ზედიზედ 6 მატჩი წააგეს და გასავარდნი ზონის სიახლოვეს დგანან. ახალი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, რომელიც გუნდში ოქტომბრის ბოლოს “დინამოში” წასული მალხაზ ჟვანიას მაგიერ მივიდა, ჭყონდიდელებს ჯერ ქულაც არ მოუპოვებიათ ჩემპიონატში. “გურიას” შესახებ კი ადრეც ვწერდით, რომ ნამდვილად სეზონის აღმოჩენაა. გუნდი, რომელიც სეზონის წინ კინაღამ დაიშალა და სახელდახელოდ შეიკრიბა, მე-3 ადგილზეა, საოცარი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და “გონივრული ეჭვი გვაქვს,” ამაზე არ შეჩერდება.

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი

24 ნოემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი მჭედლიშვილი, ოთარ ჯავაშვილი (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, დ. ჩიგოგიძე, ი. კაკაბაძე, ბ. ნინუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:0

 სანაკრებო პაუზის დროს ყველაზე დიდი ამბები “ზუგდიდში” მოხდა. იმის გარდა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქოდათ, გუნდიდან ჯერ მთავარი მწვრთნელი კობა წიტაიშვილი წავიდა - დირექტორს, მალხაზ ჭეჟიას ვერ შევეწყვეო. 14 ნოემბერს გუნდის თავკაცად წიტაიშვილის ნაცვლად სერგო გაბელაია დანიშნეს. თუმცა, ზუგდიდის საკრებულოს მიერ კლუბის დირექტორის პოსტიდან მალხაზ ჭეჟიას დათხოვნის შემდეგ, გუნდს მთავარი მწვრთნელი კვლავ შეეცვალა - “ზუგდიდი” გიორგი დარასელიამ ჩაიბარა და შეეცდება, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნოს. მან გუნდი პირველად სამშაბათს ავარჯიშა, ხოლო ოფიციალურად “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩის წინ წარადგენენ. ამჟამად, კლუბის დირექტორის მოვალეობას სპორტული დირექტორი რევაზ პერტაია ასრულებს. როგორც ზუგდიდელთა პრესსამსახურში გვითხრეს, უახლოეს დღეებში სახელფასო დავალიანებაც დაიფარება. კვირის მატჩში კი მათ ტრავმირებული ლუკა გუგუჩია და ლევან წურწუმია დააკლდებათ.

Mმოკლედ, ზუგდიდელები მცხეთაში ახალი შემართებით ჩავლენ. მათ კი ბოლო 3 ტურში დამარცხებული “ვიტ ჯორჯია” დახვდება. ასე რომ, საინტერესო თამაში უნდა გამოდგეს.

 

სიონი (ბოლნისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

24 ნოემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ვალერი აბრამიძე (“სიონი”);  ნიკა კვეკვესკირი (“სპარტაკი”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, გ. ჩიგოგიძე, ზ. ბერულავა, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 2:0

ეს გუნდები “საშინაო” მატჩებს ვაკეში, “მიხეილ მესხზე” ატარებენ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ერთმანეთს გორში დაუპირისპირდებიან. ბოლნისელებმა წინა ტურში სწორედ ამ ქალაქში დაამარცხეს მასპინძელი “დილა” და ცხინვალელებთანაც იმავეს შეეცდებიან. თავის მხრივ, “სპარტაკს” აღმავლობის ჟამი დაუდგა. ახალი მწვრთნელის კახა კაჭარავს მისვლის შემდეგ გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ბოლო ადგილსაც დააღწია თავი. მადა ჭამაში მოდისო და თითქმის განწირულმა “სპარტაკმა” როგორც ჩანს, ახალი ცხოვრება დაიწყო.

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზესტაფონი

24 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი კუხიანიძე (“ტორპედო”), გიორგი კაჭკაჭიშვილი (“ზესტაფონი”)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. ფიფია, ლ. თოდრია, ხ. გაგნიძე, ა. ნონიკაშვილი, დ. სანოძე

პირველ წრეში – 3:2

იმერული დერბი ყოველთვის საინტერესოა და სავარაუდოდ ახლაც ასე იქნება. “ზესტაფონის” ძველ-ახალ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს ორივე გუნდში უმუშავია, თუმცა მისი წასვლის შემდეგ “ტორპედო” მნიშვნელოვნად გადახალისდა. ქუთაისელებს მართლაც ისეთი სიპათიური ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ, რომ ფეხბურთის ჭეშმარიტმა ქომაგმა არ შეიძლება მათი თამაშით სიამოვნება არ მიიღოს. ეგ არის, ბოლო დროს ჭაბუკებს პატარა ჩავარდნა ჰქონდათ, ზედიზედ 3 თამაში წააგეს, მაგრამ ამ შესვენებისას ალბათ, ცოტა სულს მოითქვამდნენ. ზესტაფონელებს კი გეგუჩაძე ჰყავთ და ეს ბევრს ნიშნავს. აქვე “ტორპედოს” ფეხბურთელების წინასამატჩო კომენტარებიც ვნახოთ, რომელიც მათ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მისცეს: 

მათე ცინცაძე: „მოხარული ვარ, რომ ამ სანაკრებო პაუზისას რამდენიმე ტორპედოელთან ერთად მეც გავახარე გულშემატკივრები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებული თამაშით და იმედი მაქვს, რომ ეს დადებითი მუხტი ჩვენგან „ტორპედოსაც“ გადმოედება. ბიჭები კარგ სათამაშო კონდიციებში ვართ და სერიოზულად ვემზადებით „ზესტაფონთან“ მატჩისთვის, რომელშიც ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ ამ 3-მატჩიან წაგებათა სერიას გამარჯვებით დავუსვათ წერტილი. ვფიქრობ, პირველი წრის თამაშში ზესტაფონში საკმაოდ გაგვიმართლა და მოვიგეთ. ამჯერადაც ძალიან გაგვიჭირდება მათი დამარცხება, თუმცა გპირდებით, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

გიორგი ხიდეშელი: „ჩემი აზრით, ბოლო მატჩებში ჩვენი დამარცხების მიზეზი არაერთია. პირველ რიგში, გვაკლდნენ საჭირო ფეხბურთელები, ცოტათი არ გაგვიმართლა და ალბათ, რაღაც ჩვენც დავაკელით გასამარჯვებლად, მაგრამ არა უშავს, ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს და იმედია, ამიერიდან გამოვასწორებთ ჩვენს მდგომარეობას. რაც შეეხება „ზესტაფონთან“ მომავალ მატჩს, მართალია, ჩემთვის ნებისიერი თამაში განსაკუთრებულია, თუმცა მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე წინა პლანზე დგას „ზესტაფონთან“ შეხვედრა. ამ გუნდში 7 წელი ვთამაშობდი და შეუძლებელია, რომ ასე არ იყოს. უშეღავათო მატჩის მოლოდინში ვართ. ვფიქრობ, ახალი მწვრთნელის ფაქტორი ზესტაფონური გუნდისთვის კარგად იმოქმედებს. ვპირდები ჩვენს გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს, რომ ბიჭები მაქსიმუმს გავიღებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ“.

 

დინამო (თბილისი) – დილა (გორი)

24 ნოემბერი. თბილისი. “დინამო არენა” 18:00

მსაჯები: ო. ხეცაძე, ი. უკლება, გ. ელიკაშვილი, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:1

“დინამო” – “დილა” ბოლოდროინდელი საქართველოს ჩემპიონატების ნაღებია. მართალია, წლეულს “დილა” ისეთი ვეღარ არის, როგორიც შარშან, მაგრამ მაინც. ახლა, დინამოელთა ერთი საინტერესო აქციის შესახებ: “დილასთან” მატჩზე ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული მთლიანი თანხა პაატა ბურჭულაძის ფონდ  “იავნანას” ანგარიშზე გადაირიცხება. მოგეხსენებათ, ეს ფონდი უკვე წლებია უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებს და ძალიან სასიამოვნოა, რომ საფეხბურთო კლუბიც ჩაერთო ამ მადლიან საქმეში. შესაძლოა, კვირას შემოსული თანხა გრანდიოზული არ იყოს, მაგრამ მთავარია ის ნება, რომელიც “დინამოს” ხელმძღვანელობამ გამოხატა. უდაოდ, მშვენიერი აქციაა.

რაც შეეხება მატჩს, დინამოელები ლიდერები არიან და ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 2 ქულა დაკარგეს. “დილას” კი სტაბილურობა აკლია, ახლა გუნდს მეკარეების ყოფილი მწვრთნელი, რამაზ სოღოლაშვილი ავარჯიშებს და ზედიზედ 2 მოგებას გასულ ტურში “სიონთან” საშინაო მარცხი მიაყოლეს. პირველ ექვსეულში არიან და ლიდერებთან დიდი ჩამორჩენაც არ აქვთ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

 

1.               დინამო (თბილისი)                        12         9         2         1        29:10          29       
2. ჩიხურა 12 8 1 3 27:19 25
3. გურია 12 7 0 5 13:15 21
4. მეტალურგი 12 6 3 3 18:16 21
5. ტორპედო 12 5 4 3 17:11 19
6. დილა 12 5 3 4 16:12 18
7. ზესტაფონი 12 4 3 5 13:10 15
8. სიონი 12 3 4 5 12:15 13
9. მერანი 12 4 0 8 12:26 12
10. ვიტ ჯორჯია 12 3 3 6 16:19 12
11. სპარტაკი 12 3 1 8 9:16 10
12. ზუგდიდი 12 1 4 7 5:18 7

 

 მეგოლეები:

 

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

7 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”) 

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (“გურია”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.112933