ავსტრიული შეკრების ბოლო – მეოთხე სპარინგი თბილისის დინამოელებმა რუსულ “კრასნოდართან” გამართეს და 0:1 დამარცხდნენ.
“კრასნოდარი” რუსულ ელიტაში შედარებით ახალწვეულია. ამ ქალაქის “ყუბანი” ძველთაგანვე კარგად გვახსოვს. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც გამოდიოდა ხოლმე და საკმაოდ კერკეტი გუნდის სახელიც ჰქონდა მოხვეჭილი. “კრასნოდარი” კი 2008 წელს დაარსდა და სამ წელიწადში რუსულ პრემიერლიგაში თამაშის უფლებაც მოიპოვა. გასულ სეზონში კრასნოდარელებმა ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავეს. წლეულს კი უფრო ამბიციური გეგმები ჰქონიათ.
მათი 60 წლის სერბი დამრიგებელი სლავოლიუბ მუსლინი ქართველი ქომაგისთვის კარგადაა ნაცნობი. ის თავის დროზე ბელგრადის “ცრვენა ზვეზდაში” მუშაობდა და ქართულ გუნდების წინააღმდეგ ევროტურნირებში უთამაშია. მერე, მოსკოვის “ლოკომოტივში” მწვრთნელობისას მალხაზ ასათიანის დამრიგებელი იყო და ქართველთან მთლად თბილი ურთიერთობა არ ჰქონდა. ცოტა ხნის წინათ, “კრასნოდარში” ქართველი ნუკრი რევიშვილი და ალეკო ამისულაშვილიც თამაშობდნენ.
დღევანდელ “კრასნოდარში” ბევრი ლეგიონერია და ერთ-ერთმა მათგანმა, სენეგალელმა მუსა კონატემ დინამოელებთან მატჩში მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში. ის ურუგვაელმა მაურისიო პერეირამ გაიყვანა მეკარე ლორიასთან პირისპირ და 20 წლის აფრიკელმაც ზუსტად დაარტყა.
საერთოდ, პირველ ტაიმში კრასნოდარელები ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, იმავე კონატეს, ბრაზილიელ ისაელს და სერბ დუშან ანჯელოვიჩს ჰქოდათ მომენტები, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. ქართველთაგან გიორგი მერებაშვილი უტევდა სახიფათოდ, მაგრამ მეკარე ანდრეი სინიცინმა კარის ხაზზე გააჩერა ბურთი. ჩისკომ გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
მეორე ტაიმში წვიმამ გადაიღო, მზემ გამოანათა და თამაშიც უფრო სასიამოვნო გახდა, თუმცა სახიფათო მომენტები ბევრი არ შექმნილა. დინამოელები გათანაბრებას ცდილობდნენ, ბოლო წუთებში ხომ საერთოდ მოწინააღმდეგის ნახევარზე “დასახლდნენ”, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე აღარ მისულა.
ბოლოს კრასნოდარელები კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა კირილ მოროზოვს, თუმცა დრო უკვე ამოწურული იყო.
დინამო (თბილისი) – კრასნოდარი (რუსეთი) 0:1 (0:1)
30 ივნისი. ტიროლი. “უტენდორფი.”
დინამო: ლორია (ზარქუა 46), გლიშიჩი, ძარია, ხმალაძე (პაპავა 82), კვარაცხელია (შაშიაშვილი 69), სეთურიძე, უსტარიცი (კვირკველია 57), გრაიციარი, მერებაშვილი (ელგუჯა გრიგალაშვილი 67), ჩისკო (მიქაბერიძე 83), დვალი (ლექვთაძე 46)
მწვრთნელი: დუშან უჰრინი
კრასნოდარი: სინიცინი (ლეონოვი 59), ანჯელკოვიჩი, ისაელი (მოროზოვი 59), კომანი, მაურისიო პერეირა (ბელოვი 59), შიპიცინი (პისელი 68), სმოლნიკოვი, კონატე, ენჯეიჩიკი, ნახუშევი, ლაბორდე
მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი
გოლი: 0:1 კონატე (5)
გაფრთხილება: კვარაცხელია (24); მოროზოვი (87)
გაძევება: მოროზოვი (90)
მსაჯი: ვ. ალფშნაიტერი (ავსტრია)