განსხვავებული მიზნების მქონე მატჩი ლანჩხუთში მზიანი ამინდის ფონზე შედგა. სატურნირო ცხრილის ზედა ექვსეულის საპირისპირო პოლუსებზე მყოფი გუნდების დუელი საინტერესო იყო იმით, შეძლებდა თუ არა ლანჩხუთის “გურია” ზედიზედ ექვსი წაგებული პაექრობის შემდეგ ამ უსიამოვნო სერიის შეწყვეტას. თავის მხრივ თბილისის “დინამოს” წარმატების შემთხვევაში შეეძლო დიდი ნაბიჯი გადაედგა საჩემპიონო გზაზე.
ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის სტუმრობას საქართველოს ყველა ქალაქში დიდი ინტერესით ელიან, ბუნებრივია გამონაკლისი არც ლანჩხუთი გახლდათ. “ევგრაფი შევარდნაძეზე” წინა მატჩებისაგან განსხვავებით გაცილებით მეტი ქომაგი მოვიდა, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წინა საშინაო მატჩისას რუსთავის “მეტალურგთან” დუელისას, “გურიას” ქომაგებმა შუა თამაშისას დემონსტრაციულად დატოვეს არენა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე “გურია”-“დინამოს” შეხვედრა საინტერესო ნამდვილად უნდა გამომდგარიყო.
მატჩის საწყსმა წუთებმა ისე ჩაიარა მეტოქეებს ერთმანეთის კარის დარაჯები არ შეუწუხებიათ. ორივე გუნდი ცდილობდა კომბინაციური თამაშის აწყობას, მაგრამ სადებიუტო წუთებში ეს არც ერთს არ გამოუვიდა. მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შეიქმნა მე-13 წუთზე, როდესაც მასპინძლების შესრულებულ კუთხურს, თავით ისიანი აბოლოვებდა, მაგრამ ფორვარდის მცდელობა საკმაო მანძილით აცდა “დინამოს” კარს. ვილის ასისტენტობას ალექსანდრე შენგელია უწევდა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და სახიფათო სიტუაციებიც შექმნეს, მაგრამ საქმე საბოლოო დარტყმამდე ვერ მიყვანეს.
თანდათანობით პაექრობა გათანაბრდა, თუმცა მეტი მოტივაცია გურულებს ეტყობოდათ. ლანჩხუთელებმა შორიდანაც ცადეს ლორიას შეწუხება, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათ სიზუსტე ღალატობდათ, ხანაც კი “დინამოს” კიპერი თამაშობდა დამაჯერებლად. 28-ე წუთზე დინამოელთა სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა მერებაშვილმა და გლიშიჩმა მიიღეს, თერთმეტმეტრიანით დასრულდა. გლიშიჩი საკუთარ საჯარიმოში ჭეიშვილმა წააქცია და არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომლის შესრულება ჩისკომ ითავა და ანგარიშიც ზუსტი დარტყმით გახსნა – 0:1.
გოლის გატანიდან რამდენიმე წუთში მარცვალაძეს შეეძლო კიდევ თავის გამოჩენა, მაგრამ გამოცდილ ფორვარდს საბოლოო დარტყმა ზუსტი არ გამოუვიდა. ამის შემდეგაც თბილისელებს რამდენიმეჯერ შეეძოთ თამაშის გამწვავება, მაგრამ იერიშები სწორად ვერ განავითარეს. რაც შეეხება მასპინძლებს, მათ ცდა და მონდომება არ დაუკლიათ, მაგრამ რეალური ხიფათის შექმნა პირველ ტაიმში არ გამოუვიდათ. გურულთაგან ყველაზე აქტიური ვილი ისიანი გახლდათ, რომელმაც რამდენიმეჯერ საჯარიმოს გარედან დაარტყა, მაგრამ მის მცდელობებს სიზუსტე აკლდებოდა ხოლმე. ტაიმი კი დედაქალაქელებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს.
მეორე ნახევარი წინამორბედის მსგავსად დაიწყო. მასპინძლების ისევ აქტიურობდნენ და მათ შეტევებს ისევ ვილი ისიანი უძღვებოდა. ვილიმ მატჩის განახლებისთანავე ითამაშა კარგად და დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ 55-ე წუთზე მას საერთო გარჯა დაუფასდა და ანგარიში გაათანაბრა. ამ შემთხვევაში აშკარად სუსტად ითამაშეს “დინამოს” დაცვის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელებმა, რომლებმაც მეტი ყურადღება შენგელიაზე გააკეთეს და ბურთი თბილისელთა საჯარიმოში მყოფმა ისიანმა ისე მიიღო, მას ხელს არავინ უშლიდა. “გურიას” ფორვარდმა ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლორიას შანსი არ დაუტოვა – 1:1.
გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელები გააქტიურდნენ და რამდენიმეჯერ სწრაფი იერიშების წამოწყება ცადეს, მაგრამ სერიოზული ხიფათი ვერ შექმნეს. მე-60 წუთზე თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა ტრიბუნებზე მომხდარი არეულობის გამო, მაგრამ სამართალდამცავების დროული ჩარევის და თავად ორივე მხარის წარმომადგენელთა ჩარევის წყალობით, სიტუაცია მალევე ჩაცხრა და თამაშიც გაგრძელდა. მოწინააღმდეგეთა თავკაცებმა შეცვლებს მიმართეს. უნდა ითქვას, რომ გათანაბრების შემდეგ უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ. ჩისკოს გადაცემის შემდეგ გლიშიჩს ჰქონდა დასარტყმელად კარგი პოზიცია, მაგრამ მაკედონიელმა არაზუსტად დაარტყა. 74-ე წუთზე კი დინამოელებმა მოედნის ცენტრში კარგად ითამაშეს, მეტოქის შეტევა ჩაშალეს და თავად წამოიწყეს საპასუხო იერიში. ამ სიტუაციაში დიდებულად გაისარჯა ძარია, რომელმაც მოწინააღმდეგის იერიშის ჩაშლის შემდეგ იუველური სიზუსტის პასი მისცა მარცვალაძეს, რომელმაც ბურთიანად მეტოქის საჯარიმოში შეირბინა, ძლიერად დაარტყა და საკუთარი გუნდი ისევ დააწინაურა. ბობღიაშვილმა კი მოასწრო რეაგირება და ბურთს შეეხო კიდეც, მაგრამ მისი შეჩერება და უკუგდება ვეღარ მოახერხა – 1:2.
გურულებს ჩამორჩენისთანავე შეეძლოთ გათანაბრება, ცოტა იღბალიც რომ წაშველებოდათ. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შენგელიას ჩაწოდებს შემდეგ ისიანმა თავით ბურთი ხარიხას მოახვედრა. ცოტა ხანში გურულთა შორის ყველაზე აქტიური ისიანი მოწინააღმდეგის საჯარიმოს ხაზთან, წაქცევისათვის ჯარიმის დანიშვნას ითხოვდა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა და ასისტენტმა ეს ასე არ ჩათვალეს. ისიანმა თავისი უკმაყოფილება ასისტენტთან გამოხატა, რის გამოც ბეუქლიშვილისაგან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.
მატჩის ეპილოგი ძალიან მშვიდი გამოდგა. ფაქტობრივად, მომენტები არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა. მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ, ხოლო დინამოელებს მიღწეული შედეგი აკმაყოფილებდათ, რომელიც მორიგი ჩემპიონობისაკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად ჭირდებოდათ. რაც შეეხებათ გურულებს, მათ ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტთან ღირსეულად ითამაშეს და თამაშის მსვლელობიდან ფრეს მაინც იმსახურებდნენ, მაგრამ მცირეოდენმა შეცდომებმა “გურიას” წევრებს წაგებების სერიის შეწყვეტის საშუალება არ მისცა.
გურია (ლანჩხუთი) – დინამო (თბილისი) 1:2 (0:1)
27 აპრილი. 16:00. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”. 2500 მაყურებელი
გურია: ბობღიაშვილი, ქურდაძე, მეგრელიშვილი, კვირტია, ხორგუაშვილი, შენგელია (ნიქაბაძე, 79), კუკულაძე (გაგნიძე, 60), ტეიდი (გაჩეჩილაძე, 62), ისიანი, ჭეიშვილი, ზარნაძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე
დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, მერებაშვილი (გორგიაშვილი, 84), პაპუნაშვილი (მოდებაძე, 64), ხურცილავა, მარცვალაძე (გოგა, 90), რეხვიაშვილი, ჩისკო, გლიშიჩი, ძარია. .
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
გოლები: 0:1 ჩისკო (29, პენალტით), 1:1 ისიანი (55), 1:2 მარცვალაძე (74).
გაფრთხილება: ხურცილავა (27), ისიანი (78).
მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)
მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ჭანკოტაძე (85)
სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:2 (1:2)
გოლები: 1:0 ლობჟანიძე (12), 1:1 ჭელიძე (37), 1:2 კვასხვაძე (38), 2:2 უგულავა (75), 3:2 ლობჟანიძე (87)
1 | დინამო (თბ) | 28 | 19 | 4 | 5 | 60:20 | 61 |
2 | ზესაფონი | 28 | 16 | 4 | 8 | 37:19 | 52 |
3 | სიონი | 28 | 15 | 6 | 7 | 39:28 | 51 |
4 | ჩიხურა | 28 | 12 | 6 | 10 | 48:43 | 42 |
5 | მეტალურგი | 28 | 11 | 6 | 11 | 31:33 | 39 |
6 | გურია | 28 | 11 | 0 | 17 | 28:43 | 33 |
ზუგდიდი - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:3 (1:2)
გოლები: 0:1 მაისურაძე (26), 1:1 მირცხულავა (30), 1:2 ჯავაშვილი (38 საკუთარ კარში), 1:3 კორიფაძე (81), 2:3 კირკიტაძე (89 პენალტით)
სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 შონია (38), 1:1 ჩიკვილაძე (55), 1:2 ხურციძე (84)
მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ქვილითაია (18), 0:2 ბოლქვაძე (45 პენალტით), 0:3 ქვილითაია (70)
1 | ვიტ ჯორჯია | 28 | 11 | 6 | 11 | 36:37 | 39 |
2 | ტორპედო | 28 | 11 | 6 | 11 | 33:39 | 39 |
3 | დილა | 28 | 10 | 8 | 10 | 39:31 | 38 |
4 | სპარტაკი | 28 | 9 | 4 | 15 | 28:36 | 31 |
5 | ზუგდიდი | 28 | 7 | 6 | 15 | 20:39 | 27 |
6 | მერანი | 28 | 6 | 4 | 18 | 21:52 | 22 |
მეგოლეები:
15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
10 - ვილი ისიანი (“გურია”)
9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)
6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;
ზაზა ლეთოდიანი ლანჩხუთიდან