მორიგი მარცხი განიცადა თბილისის „დინამომ“, ამჯერად თბილისელები ბელგიურ „გენტს“ გაეჯიბრნენ და 3:1 დათმეს შეხვედრა. ჰოლანდიურ შეკრებაზე ეს მატჩი დინამოელთათვის მესამე იყო და სამწუხაროდ, მათ სამივე წააგეს.
სფფ-ს პრეს-სამსახურის ცნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმი ბელგიელების სრული უპირატესობით წარიმართა და ეს ანგარიშზეც აისახა.
მათ ანგარიშის გახსნა მე-14 წუთზე მოახერხეს, გოლის ავტორად ოსალა მოგვევლინა. გატანილი გოლის შემდეგ „გენტი“ კიდევ უფრო გააქტიურდა, დინამოელები კი, თამაშის დალაგებას ვერაფრით ახერხებდნენ და პირველი ტაიმის მიწურულს მათ ორი გოლი მიიღეს საკუთარ კარში.
39-ე და 45-ე წუთებზე, „გენტის“ ახალგაზრდა ნახევარმცველმა, დეჯაგერმა, დუბლი მიითვალა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მეორე ტაიმში ბილეკმა ცვლილებები განახორციელა და „დინამომ“ აშკარად გამოასწორა თამაში. ისინი უფრო სწრაფად კომბინირებდნენ, დაცვაშიც შედარებით საიმედოდ თამაშობდნენ და მეტოქის კართანაც ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს.
„დინამოს“ რიგებში ყველაზე გამორჩეული პატრიკ ვუო გახლდათ, მისმა აქტიურობამ შედეგი 90-ე წუთზე გამოიღო და აფრიკელმა ლეგიონერმა საჯარიმოს მისადგომებიდან საკმაოდ ეფექტური გოლის გატანა მოახერხა.
გენტი: ვან დენ ბუშე, ბენიტუ, ბელჰოკინი, ოსალა, დეპოტრე, პულიჩი, ვან დერ ბრუგენი, ლეპოინი, ფოკეტი,გერშონი
დინამო: მიგინეიშვილი, ხურცილავა (58-პაპავა), დოსუდილი (58-გველესიანი),ხიდეშელი (40-თოთაძე), კვირკველია (60-შერგელაშვილი), (46-ჯიღაური), ცინცაძე (46-პარუნაშვილი), მერებაშვილი (46-ჯანელიძე), მარცვალაძე (46-პაპუნაშვილი), გრიგალაშვილი (58-ჩირგაძე), ჯორდა (60-ვუო)
1:0 ოსალა 13’
2:0 დეჟაგერი 39’
3:0 დეჟაგერი 45’
3:1 ვუო (ჯიღაურის პასით) 90’
გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: გიორგი ლორიას, ნიკა დაუშვილს, საბა ლობჟანიძეს, თორნიკე გორგიაშვილს და ჩისკოს მუნიოსს.
მომდევნო მატჩს თბილისელები დნეპროპეტროვკის „დნიპროს“ წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი 7 ივლისს არნემში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 დაიწყება.