თბილისის “დინამომ” ბოლოს ქვეყნის ჩემპიონობა და თასი 2003 წელს, ხორვატი ივო შუშაკის თავკაცობით მოიგო და აი, 10 წლის შემდეგ, ჩეხ დუშან უჰრინს სადებიუტო სეზონში “დუბლის” შესრულების შანსი აქვს. “დინამო” დავით ყიფიანის სახელობის თასს ბოლო 2009 წელს დაეუფლა და 4-წლიანი პაუზის მერე კვლავ ფინალშია. საერთო ჯამში, “დინამოს” ერთ სეზონში ჩემპიონატსა და თასზე 7-ჯერ უმარჯვია, ხოლო თასი 9-ჯერ მოუპოვებია...
პირველი მატჩისგან განსხვავებით ბრძოლა არ შედგა, რასაც დაფიქსირებული ანგარიშიც მეტყველებს. თუ პირველ ტაიმში “მეტალურგმა” თბილისელებს წინააღმდეგობა გაუწია, მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა.
მატჩის მე-6 წუთზე, პეტერ გრაიციარმა ჩისკოსთან გაითამაშა ბურთი და სტუმართა საჯარიმოს ხაზიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა. მცირე ხანში, ჩისკოს ძლიერი დარტყმულის შემდეგ, მიხეილ ალავიძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. მე-16 წუთზე, გოგი ფიფიამ საშუალო მანძილიდან “გაისროლა” და გიორგი ლორიამ “ცხრიანისკენ” წასული ბურთი კუთხურზე უკუაგდო. “სტანდარტულის” შესრულების მერე, ლორია გამოსვლაზე შეცდა და დავით საჯაიას დარტყმულ ბურთს წინ გივი კვარაცხელია აღუდგა.
21-ე წუთზე, “დინამოს” შეტევა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ალვაროს დარტყმით დასრულდა და ბურთი “მეტალურგის” ერთ-ერთ მცველს ფეხზე შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა – 1:0.
ტაიმის მიწურულს, მარჯვენა ფრთაზე კუთხური ფიფიამ და რევაზ გეწაძემ გაითამაშეს, ხოლო ამ უკანასკნელის ჩამოწოდების მერე, “დინამოს” საჯარიმოში ვითარება გამწვავდა, მაგრამ საქმე კარში დარტყმამდე არ მისულა.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე, ჩისკომ, საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ, ბურთი რუსთაველთა კარის შორეულ ძელთან ჩააწოდა, იქ მყოფმა გივი კვარაცხელიამ კი თავით არაზუსტად დაარტყა.
53-ე წუთზე, ჩისკოს კარგი პასი ჯაბა დვალმა ვერ შეირგო და ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა. 57-ე წუთზე, ალვარომ მარჯვნიდან ჩააწოდა “მეტალურგის” საჯარიმოში, სადაც გიორგი გავაშელიშვილი ბურთის მოგერიების დროს უხეშად შეცდა და კარის ახლოს მყოფმა ჩისკომ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
64-ე წუთზე, ჩისკომ მარცხენა ფრთაზე გავაშელიშვილი სისწრაფეში დაჩაგრა და საჯარიმოში შესულმა დვალი მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი რუსთაველთა მცველს ფეხზე რომ არ შეხებოდა, შეიძლება გოლიც გასულიყო. 66-ე წუთზე, ჩისკომ მარცხნიდან კუთხური შეასრულა, ლევან ხმალაძემ ბურთს თავით მიმართულება შეუცვალა და შორეულ ძელთან აღმოჩენილმა ალვარომ თავით დუბლი შეასრულა – 3:0.
69-ე წუთზე, “დინამოს” კონტრშეტევისას დვალმა პასი არ დაუგვიანა მარცხენა ფლანგზე გახსნილ პეტერ გრაიციარს, რომელმაც ბურთი საჯარიმოში ლევან ხმალაძეს შეაყოლა და “დინამოს” ნახევარმცველმა ვარდნაში მეოთხე გოლი გაიტანა.
72-ე წუთზე, დვალის დიაგონალური პასის შემდეგ, გრაიციარმა მარცხნიდან ჩამოაწოდა და ალვარო ბურთს ვერ მიწვდა, თორემ ჰეთ თრიქს გაიფორმებდა. 79-ე წუთზე, რუსთაველებმა გიორგი მერებაშვილის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვიეს, მაგრამ მსაჯმა თამაში არ გააჩერა და ჩისკომ, მას მერე რაც ალავიძეს გვერდი აუარა, მარჯვენა მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა – რუსთაველთა მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
85-ე წუთზე, კოტომ მიზანს მარჯვენა მახვილი კუთხიდან ააცილა. 87-ე წუთზე, მერებაშვილი ერთ მოწინააღმდეგეს გაცდა და საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში გაიტანა – 5:0.
89-ე წუთზე, “მეტალურგის” საჯარიმოში მყოფმა ჩისკომ ქუსლით პასი გიორგი პაპავას გაუკეთა, რომელმაც კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა. 90-ე წუთზე, ახლო მანძილიდან კოტოს დარტყმული ბურთი ალავიძემ მოიგერია.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, ფიფიამ მასპინძელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და კარიდან გამოსულ ლორიას ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ “დინამოელები” გოლის გაშვებისგან გვერდითმა ძელმა “იხსნა”.
დუშან უჰრინი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ვიცოდით, რომ ერთი გოლი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგვეტანა. რუსთაველთა გუნდმა პირველი ტაიმი უკეთესად ითამაშა. ახლა ფინალისთვის მოვემზადებით. იმედია, გავიმარჯვებთ. გაგვიმართლა, როდესაც პირველ ტაიმში ლორიამ რთული ბურთი მოიგერია და მატჩში გარდამტეხი მომენტი ეს იყო.
ფინალი 14 დღის შემდეგ გაიმართება და ამჟამინდელ “ჩიხურაზე” ვერაფერს გეტყვით. ამ გუნდს კვირას ვეთამაშებით, მაგრამ ვერ გეტყვით როგორ შემადგენლობას დავაყენებთ, რადგან ჩემპიონები ვართ და ფინალისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, ფინალში შანსები 50/50-ზეა”.
გიორგი დეკანოსიძე (“მეტალურგის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “დინამოს” ჩემპიონობას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ, როგორც თასზე, ასევე ევროტურნირებზე. პირველი ტაიმი შედარებით ნორმალურად ჩავატარეთ, მეორე “ჩაგვივარდა”.
დინამო (თბილისი) – მეტალურგი (რუსთავი) 5:0 (1:0)
(პირველი თამაში 1:2)
8 მაისი. თბილისი. “დინამო არენა”.
დინამო: ლორია (კ), უსტარიცი, გივი კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, გლიშიჩი, ძარია (პაპავა, 76), ალვარო (კოტო, 83), გრაიციარი, ჩისკო, დვალი (მერებაშვილი, 73).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი)
მეტალურგი: ალავიძე, სუხიაშვილი, ინწკირველი, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე, დობროვოლსკი, დავით საჯაია, გეწაძე (კ) (ხაბელაშვილი, 69), მენთეშაშვილი (სიხარულიძე, 66), რაზმაძე, ფიფია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გოლები: 1:0 ალვარო (21), 2:0 ჩისკო (57), 3:0 ალვარო (66), 4:0 ხმალაძე (72), 5:0 მერებაშვილი (87).
გაფრთხილება: რაზმაძე (69), მერებაშვილი (74).
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია