ორშაბათს, დილის ცხრა საათზე თბილისის “დინამო” ჩარტერული რეისით ფარერების კუნძულებზე გაემგზავრა. ჩვენი გუნდი ტორსჰავნში სასტუმრო Hotel Føroyar–ში დაბინავდება. “დინამოელები” ორშაბათს საღამოს მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. ამის შესახებ, “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.
გამგზავრებამდე, “დინამოს” ფეხბურთელებმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარები გააკეთეს.
ირაკლი ლექვთაძე: “ადგილობრივი კლიმატი თავისებურ კორექტივებს შეიტანს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში დიდი ანგარიშით მოვიგეთ, საპასუხო შეხვედრაშიც გამარჯვება გვსურს”.
გიორგი სეთურიძე: “ეს თამაშიც ერთ–ერთი საკონტროლოთაგანია. მართალია, პირველი თამაში დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ საპასუხო მატჩის მოგებასაც ვეცდებით. ამხელა გზაზე ტყუილად არ მივდივართ”.
ლევან ხმალაძე: “ოფიციალური თამაშია, მაგრამ ის მომდევნო შეხვედრისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. სავარაუდოდ, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის “სტიაუას” ვითამაშებთ. ძლიერი მეტოქეა, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას ვეცდებით. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გვსურს”.
23 ივლისს, თბილისის დროით 22 საათზე “დინამო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას “სტრეიმურის” წინააღმდეგ გამართავს. პირველი მატჩი “დინამომ” თბილისში 6:1 მოიგო.