საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის I საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში შოტლანდიას 3:0 მოუგო. გიორგი დევდარიანის გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა. შოტლანდიის ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიელი დინ გორე გახლავთ, რომელიც ამსტერდამის ”აიაქსში” შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო. ის შოთის გამოსათხოვარ მატჩზეც ჩამოვიდა თბილისში.
გორეს მისი გუნდისთვის ესოდენ წარუმატებელ თამაშამდე რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებზე, როგორ თამაშს ელით?
- მეტოქე ტექნიკური გუნდია, ასე ვთქვათ, დაცვიდან არ თამაშობს, საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით მეშვიდე ნომერს (ლუკა ზარანდია) გამოვარჩევდი, რომელსაც ძალიან კარგი ცაცია აქვს.
- საკუთარ გუნდზე რას გვეტყოდით, ბრიტანულ სტილში თამაშობს თუ უფრო ჰოლანდიური ელემენტებითაა გაჯერებული?
- ბრიტანული და ჰოლანდიური სტილი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. რა თქმა უნდა, მე უპირატესობას ჰოლანდიურ სტილს ვანიჭებ, რადგან ასეთ დროს მოედანზე თერთმეტი მწვრთნელი თამაშობს, ყველამ იცის, რა დროს რა უნდა გააკეთოს. უარყოფითი მხარე, შესაძლოა, ამ სტილსაც ჰქონდეს, რადგან ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ფიქრობენ და ის, რაც ბრიტანალებს აქვთ - Come On - იკარგება. ამიტომ, ამ ყველაფრის დაბალანსებაა საჭირო.
- შოტლანდიის ახალგაზრდულ ფეხბურთში რა პრობლემებს ხედვათ?
- სწორი განვითარება - ამ მხრივ არსებობს პრობლემები. გამარჯვებისკენ სწრაფვა, შედეგის მიღწევა - ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ახალგაზრდულ ასაკში მთავარი ჯერ განვითარებაა და მერე შედეგი.
- ჰოლანდიურ სამწვრთნელო სკოლას საკუთარი სპეციფიკა აქვს, ჰოლანდიელებს თითქოს გიყვართ სამუშაოდ ერთი ქვეყნიდან მეორეში წასვლა...
- ჰოლანდიელი მწვრთნელები თამაშს კარგად კითხულობენ, ჩვენი სპეციალისტები განსაკუთრებულად ძლიერები არიან ამა თუ იმ პრობლემის ანალიზში. სადაც უნდა წავიდნენ, ყველგან ასე მოქმედებენ.
- შოთა არველაძეზეც გკითხავთ. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როცა თანაგუნდელები იყავით ამსტერდამის ”აიაქსში”?
- ვისთანაც კი მითამაშია, შოთა მათგან საუკეთესო თავდამსხმელია. ჩვენ ერთდროულად მივედით ”აიაქსში”. შოთა ძალიან ტექნიკური თავდამსხმელი იყო, ტაქტიკურად კარგად აღიქვამდა თამაშს. მე ათი ნომრის პოზიციაზე ვთამაშობდი ”აიაქსში”, შოთა სულ ბურთს ითხოვდა, მაგრამ მეც ძალიან მიყვარდა ბურთთან ყოფნა. საბოლოოდ, ყველაფერს ასე ვაკეთებდით - როცა შოთას მისამრათით ვასრულებდი გადაცემას, მცველი ბურთის ჩაჭრას ვეღარ ასწრებდა. შოთას ისეთი იუმორი აქვს, ყოველთვის კარგ ატმოსფეროს ქმნიდა გუნდში, ბევრს ხუმრობდა, მაგრამ ამავე დროს საქმეს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა. სხვა რა გითხრათ, ბევრი სასაცილო ისტორია გვაკავშირებს, მაგრამ ყველაფერს ახლა ვერ მოგიყვებით...