43 წლის დიმიტრი სანაკოევს ჩვენი საზოგადოება პოლიტიკიდან უფრო იცნობს. მის თანამდებობას ახლა ოფიციალურად “სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი” ჰქვია. მაგრამ ბევრმა, შესაძლოა, არ იცოდეს, რომ უკვე 5 წელიწადია (დაარსების დღიდან) ის ცხინვალის საფეხბურთო კლუბ “სპარტაკის” პრეზიდენტია. ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ გუნდი არსებობს და უცხოურ სპორტულ გამოცემებსა თუ ინტერნეტგვერდებზე ცხინვალი ისევ საქართველოს ორგანულ ნაწილად აღიქმება. თავად უფრო იდეალისტს ჰგავს, ფეხბურთს თვითონაც ხშირად თამაშობს ვეტერანებთან ერთად. სამსახურში ნამდვილი ევროპელია – მოწესრიგებულია და წუთობით აქვს ყველაფერი გათვლილი. მეგობრებთან ყოფნისას კი კარგ პურ-მარილზეც არ ამბობს უარს. სხვათა შორის, საინტერესო მოსაუბრეა. მისი “სპარტაკი” შარშან გავარდა უმაღლესი ლიგიდან, როცა პლეი აუტის ზღვარი ვერ დაძლია. პრობლემებიც იყო, მაგრამ წლეულს გუნდი კარგად თამაშობს, პირველი ლიგის “ბ” ჯგუფში საშემოდგომო ეტაპის 16 თამაშში 43 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ სიმპათიური გუნდის შეკვრა მოახერხა. თითქმის სულ ახალგაზრდა ბიჭები თამაშობენ. ყველაზე უფროსი, თავის დროზე თბილისის “დინამოსა” და ბოლნისის “სიონში” გამოცდილებამიღებული 27 წლის ზვიად მეტრეველია, რომელმაც წლეულს 9 გოლი გაიტანა და ერთით ჩამორჩება მთავარმეგოლე 19 წლის დათო გელაშვილს. გუნდის სული და გული, ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, კაპიტანი თემურ შონია 22 წლისაა, ხოლო “დინამოდან” განათხოვრებული ამჟამინდელ ახალგაზრდა “ჯვაროსანთა” ნაკრების მეკარე გიორგი ნადირძე - 20-ის. არის საფეხბურთო გვარის წარმომადგენელიც - 19 წლის ვარლამ კილასონია, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის გიორგი კილასონიას ვაჟია. აი, მოკლედ, ასეთია დღევანდელი “სპარტაკის” ამბები. პრეზიდენტთან საუბარი კი პირველი წრის შეფასებით დავიწყეთ.
- საშემოდგომო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეთ...
- როცა შარშან უმაღლესი ლიგიდან გავვარდით, ბევრ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა უნდოდა. მაშინ ვუთხარი: ბიჭებო, 5 წელიწადია ერთად მოვდივართ, ამდენი გამოგვივლია და დაშლა არ ივარგებს-მეთქი. მათი უმეტესობა ხომ გუნდის შექმნის დღიდან ჩვენთან იყო. საბედნიეროდ, ერთმანეთს გავუგეთ და დარჩნენ. გააგრძელეს სრულფასოვანი ვარჯიში და შედეგი სახეზეა. დღეს კარგი გუნდი გვყავს, ჯგუფის ლიდერები ვართ და კვლავ ელიტაში დასაბრუნებლად ვემზადებით.
- ეს პროგრამა მინიმუმია. მაქსიმუმი?
- მაქსიმუმი უმაღლესი ლიგის საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრებაა.
- და, კიდევ უფრო მაქსიმუმი?
- (იცინის) არა, ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ საპრიზო ადგილებზე და ევროთასებზე ვიფიქროთ. იქ ძალიან დიდი კონკურენციაა. აბა, ნახეთ, როგორ თამაშობენ თბილისის “დინამო”, “დილა” და “ტორპედო”. მათთან მიახლოვებას კიდევ ბევრი მუშაობა დასჭირდება.
- მიმდინარე ამბებს დავუბრუნდეთ. თქვენს მთავარ კონკურენტად ხობის “კოლხეთს” მიიჩნევთ (“სპარტაკი” მეორე ადგილზე მყოფ “კოლხეთს” 9 ქულით უსწრებს – ს.გ.)?
- ფიზიკური მომზადებისა და თამაშის ორგანიზაციის გათვალისწინებით, ვფიქრობ, კონკურენტი არ გვყავს. მართალია, ხობში დავმარცხდით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ისე, კარგი გუნდებია: ქობულეთის “შუქურა”, “სამტრედია” და თბილისის “ლოკომოტივი”. რკინიგზელებს ძალიან პერსპექტიული ბიჭები ჰყავთ და თუ ამ შემადგენლობას შეინარჩუნებენ, ერთ-ორ წელიწადში აუცილებლად გადავლენ უმაღლეს ლიგაში.
- ახლა ჩემპიონატში ზამთრის შესვენებაა. ვარჯიშს როდის განაახლებთ?
- 26 დეკემბერს ვიწყებთ, ხოლო 5 ან 6 თებერვალს 12 დღით შეკრებაზე თურქულ ანტალიაში გავემგზავრებით. ცხადია, საქართველოში გვერჩივნა, მაგრამ აქ პირობები არ არის. შარშან ჯერ იყო და, ბაკურიანში, თოვლში მოგვიწია მზადება, ჩამოვედით და თბილისშიც თოვლი დაგვხვდა.
- ახალი ფეხბურთელების დამატებას აპირებთ?
- ზუსტად ვერ გეტყვით, სამ მოთამაშესთან გვაქვს მოლაპარაკება. დაცვის გაძლიერება გვჭირდება. ვნახოთ.
- საწვრთნელი ბაზა?
- ვაჟა ფშაველაზე, საბურთალოს სკოლა “ბენდელას” მშვენიერ მოედანზე ვვარჯიშობთ და მატჩებსაც იქ ვატარებთ. მართალია ჩვენი საკუთრება არ არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით არენდით იოლას გავდივართ. თავის დროზე ხაშურში გვინდოდა ბაზის გაკეთება, სადაც კლუბის ხარჯზე ბავშვებიც ივარჯიშებდნენ. მით უმეტეს, იქ დევნილებიც ცხოვრობენ და პატარებს ფეხბურთის თამაშის საშუალება ექნებოდათ. 2008 წლის ომამდე კი ქურთაში ვიყავით დაბანაკებული და ახლო-მახლო სოფლებში ბავშთა ფეხბურთის აღორძინება გადავწყვიტეთ, მთავრობის პროგრამით მოედნები ავაშენეთ და ბავშვების მომზადება დავიწყეთ. მაგრამ ომის შემდეგ იქიდან წამოსვლა მოგვიწია. მთავარია, რომ სახელი – ცხინვალის “სპარტაკი” შევინარჩუნეთ, რაც დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ერთსაც გეტყვით. ორი ახალგაზრდას ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდანაც ვიმატებთ. ერთი - მეკარე ალან ხალიევი ზაფხულში “ალანიის” დუბლებიდან გადმოვიყვანეთ, მეორე კი ზამთრის შეკრებისას შემოგვიერთდება. ჩვენ გვინდა, რომ სწორედ ამ რეგიონიდან წამოსულმა ბიჭებმაც ითამაშონ საქართველოს ჩემპიონატში. პერსპექტივა დაინახონ. თორემ მოგეხსენებათ, რუსეთში თუნდაც მეორე დივიზიონის გუნდებში, რა ძნელია მოხვედრა. კორუფცია ისეთ დონეზეა, თუ ვიღაც არ გყავს, არაფერი გამოგივა.
- დღეს თქვენ ისევ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელი ბრძანდებით?
- ცხინვალში არ ვცხოვრობ, მაგრამ ეგრე გამოდის (იცინის). ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით და მთავრობის განკარგულებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი გახლავართ.
- გუნდი ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება?
- დიახ. მაგრამ ერთს გეტყვით: ჩემი აზრით, სახელმწიფოსგან კლუბების შენახვა რთული და არასწორია. ეს შეიძლება კორუფციის წყაროც გახდეს. ხოლო როცა ფულს ბიზნესმენი დებს, ის დაინტერესებულია, რომ უმისამართოდ თეთრიც არ დაიხარჯოს. მაგრამ ჯერ-ჯერობით, სანამ ბიზნესისგან ფეხბურთისადმი დიდ დაინტერესაბას ვერ ვხედავთ, აუცილებელია სახელმწიფომ იკისროს ეს ვალდებულება. დღევანდელ პირობრებში ალბათ, საუკეთესო ვარიანტი სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობა იქნებოდა, რათა სახელმწიფოსგან მოცემული ფული მიზნობრივად დაიხარჯოს. ამ მხრივ, მე პრობლემა არ მაქვს, რადგან ფეხბურთისთვის გამოყოფილ თანხას მთლიანად გუნდს ვახმარ. სამაგიეროდ რიგ შემთხვევებში კანონი მზღუდავს. მაგალითად, არ შემიძლია ვიყიდო ფეხბურთელი და ისეთი ხელფასი დავუნიშნო, როგორიც, ვთქვათ, თბილისის “დინამოში” აქვთ, ამიტომ ჩემი გუნდი ყოველთვის უფრო ჩამორჩენილი იქნება, ვიდრე იგივე “დინამო”, “ტორპედო” და “ზესტაფონი”. ჩვენთან სულ რამდენიმე მოთამაშეაEვისაც ათას ლარზე მეტი ხელფასი აქვს. დანარჩენების ანაზღაურება 600-800 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს მაშინ, როცა განვითარებულ კლუბებში 3 ათასი და გაცილებით მეტიც აქვთ ჯამაგირი.
- ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ადმინისტრაციის ბიუჯეტი ხომ არ შეიცვალა?
- არა, იგივეა.
- ეს რომ არ გკითხოთ არ ვიქნები მართალი. ახალი მთავრობა თითქოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. ამ მხრივ თქვენს რეგიონში არის რაიმე ცვლილება?
- ჯერჯერობით არაფერი. ერთადერთი, ხალხს იმედი გაუჩნდა, რომ შეიძლება რუსებს დაველაპარაკოთ. ვფიქრობ, სანამ რუსეთის მთავრობაში ისევ ძველი ხელმძღვანელობაა, პოლიტიკურად არაფერი შეიცვლება. ეკონომიკურად, შესაძლოა, რაღაც ძვრები მოხდეს, მაგრამ პოლიტიკურად…სამწუხაროდ აქ ისეთი რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომ რაღაცის დარეგულირებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. სამაგიეროდ არსებობს ოსი და ქართველი უბრალო ხალხი, რომლებსაც აქეთ-იქით ნათესავები ჰყავთ და საზღვრების გახსნა და ურთიერთობა სწყურიათ. დღეს მთელს მსოფლიოში იხსნება საზღვრები და სირცხვილია ჩვენთან რაც ხდება.
ესაუბრა სოლომონ გულისაშვილი