ინტერვიუები

19:41 | 26.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

დიმიტარ ბერბატოვი: “მანჩესტერი” ჩემპიონი გახდება”

დღეს ღამით “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის მორიგ მატჩში დედაქალაქის “ფულჰემს” მიიღებს და ზედიზედ მეექვსე მოგების შემთხვევაში, პრემიერლიგის გათამაშების ცხრილს ჩაუდგება სათავეში. ოლდ ტრაფორდელთა ბულგარელ თავდამსხმელს დიმიტარ ბერბატოვს მანჩესტერელთა საკლუბო ჟურნალის United Review-ის კორედპონდენტი შეხვდა და სეზონის წინასაფინიშო ინტერვიუ ჩამოართვა.

- თქვენი აზრით, რითაა განპირობებული “მანჩესტერ იუნაიტედის” წარმატებული თამაში სეზონის დასკვნით ნაწილში?
- ერთბაშად რამდენიმე ფაქტორის დასახელება შემიძლია. ჩვენ ბევრს ვვარჯიშობთ და ამასთანავე, კარგადაც ვისვენებთ. სამწვრთნელო შტაბი ვიდეოებით გვამარაგებს, რომელთა მეშვეობითაც მეტოქეების თამაშს ვაკვირდებით, სათანადო დასკვნას ვაკეთებთ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ. დიდი მნიშვნელობა აქვს მატჩისშემდგომ აღდგენით პროცესს, რომელიც, როგორც ყოველთვის, ჩვენ კლუბში მაღალ დონეზეა და ყოველი მატჩის წინ მინდორზე ენერგიით სავსენი გავდივართ. ნებისმიერი გუნდის წარმატებას მრავალი ნიუანსი განსაზღვრავს, რამდენიმე და უმთავრესი მომენტი უკვე დაგისახელეთ.
- ლონდონში “ტოტენჰემ ჰოთსპურის” დამარცხების შემდეგ გარი ნევილმა განაცხადა, მორიგი “საჩემპიონო სუნი” მეცაო. თავად თქვენ თუ “იყნოსეთ” პირველობის მოპოვება?
- მოდით, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. პრემიერლიგის დასრულებამდე 9 მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი და ყველა მოწინააღმდეგესთან რთული დაპირისპირება გველის. რთული ფინიში გველის, თუმცა, “იუნაიტედი” ყოველწლიურად ჩემპიონობისთვის იბრძვის და კარგად ვიცით, თავი როგორ უნდა დავიკავოთ საფინალო სპურტის დროს. არცერთ შეხვედრაში ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს, მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება კი 24 აპრილს, “სიტის” მინდორზე გვიწევს.
- რადგანაც “იუნაიტედის” სალიდერო პოზიცია თქვენთვის ჩვეული ამბავია, ალბათ, პრემიერლიგის ფინიშზე არცკი ნერვიულობთ...
- როდესაც ჩემპიონობისთვის იბრძვი, სიმშვიდის შენარჩუნება აუცილებელია. საკუთარი საქმე ნებისმიერმა ფეხბურთელმა ზედმეტი დაძაბულობის გარეშე უნდა შეასრულოს. ყველა დეტალსა და ნიუანსზე ყურადღება თუ გაამახვილე, ზედმეტად დაიძაბები და ფეხიც დაგიცდება. ვიმეორებ, ყველა დარჩენილ შეხვედრას ისე ველით, როგორც თასის ფინალს, მაგრამ “იუნაიტედის” მოთამაშეებს იმდენი გამოცდილება ნამდვილად გვაქვს, საკუთარი ნერვები და ემოცია რომ მოვთოკოთ. ვფიქრობ, დასახულ ამოცანას თავს ღირსეულად გავართმევთ და “მანჩესტერი” ჩემპიონი გახდება.
- მიმდინარე სეზონი, ალბათ, აქტივში არ ჩაგეთვლებათ. როგორ გგონიათ, სერ ალექსი მაისის ბოლომდე თავის გამოჩენის შანსს მოგცემთ?
- პრემიერლიგაში 10 მატჩი ჩავატარე და 7 გოლის გატანა მოვახერხე. ჩემი აზრით, არცთუ ურიგო შედეგია. ნებისმიერ მომენტში მინდორზე გასასვლელად მზად ვარ და ვფიქრობ, “იუნაიტედისთვის” სარგებლობის მოტანაც შემიძლია. ისე კი, ჩვენ კოლექტიური ძალით ვართ ძლიერები და შემცვლელებსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ ხოლმე. ცხადია, გულდასაწყვეტია, როდესაც სათადარიგოთა სკამზე რჩები, მაგრამ გადამწყვეტი მატჩებისთვის საგულდაგულოდ ვემზადები და ნებისმიერ მომენტში მინდორზე გასასვლელად მზად ვარ.
- გამოდის, თანაგუნდელებთან კონკურენციისთვის მზად ხართ...
- რასაკვირველია. მწვრთნელს შემადგენლობის როტაციის ჩატარება უწევს, გუნდის ნებისმიერი წევრი კი მზად უნდა იყოს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად თუნდაც სათამაშო დროის მოკლე მონაკვეთის განმავლობაში. აქვე მოგახსენებთ, რომ ძალიან მახარებს დენი უელბეკის ბოლოდროინდელი წარმატებები. კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც იგი “იუნაიტედში” მოვიდა. ჯერ კიდევ მაშინ ჩანდა, დენი უნიჭიერესი ფორვარდი რომაა. შემდეგ უელბეკი “სანდერლენდში” გაანათხოვრეს, სადაც მან გამოცდილება შეიძინა. დენი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების მომავალია.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ


 

0.124183