ფეხბურთი

22:15 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილას“ პირველი სპარინგი

 

გორის „დილა“ მზადებას განაგრძობს XXVI ეროვნული ჩემპიონატისთვის. გუნდმა 14 ივლისს საკუთარ მოედანზე ცხინვალის „სპარტაკთან“ გამართა პირველი ამხანაგური შეხვედრა.

მატჩის დაწყების წინ, გორის „დილას“ ფანკლუბმა „ლომკაცებმა“ 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება გუნდის კაპიტან ალექსანდრე კვახაძეს მიანიჭეს. ფანკლუბის წევრებმა მას სამახსოვრო სუვენირები გადასცეს და კარიერაში წარმატება უსურვეს.

გასული მატჩის პირველი ნახევარი ძირითადად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გამოსარჩევი მხოლოდ ორი მომენტი გახლდათ, როდესაც 39-ე წუთზე „სპარტაკის“ სამი ფეხბურთელი ერთი მცველისა და მეკარის წინააღმდეგ დარჩა. ნიკა კაჭარავას დარტყმული ბექა შეყრილაძემ მოიგერია, დამატებაზე კი შინდაგორიძემ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. ამ მომენტიდან ერთ წუთში ირაკლი მოდებაძე ურტყამდა მეტოქის კარის მიმართულებით და რიკოშეტის შემდეგ, ბურთი მცირე მანძილით აცდა მიზანს.

მეორე ნახევარში „დილას“ შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში გაგრძელდა, ბევრი იყო ორთაბრძოლა და გოლებიც თამაშის მიწურულს გავიდა. ცხინვალელთა მიერ 74-ე წუთზე გათამაშებული კომბინაციის შედეგად ფოცხვერიამ ზუსტი დარტყმით გადაგზავნა ბურთი კარში – 0:1. ორ წუთში ცხინვალელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. მარცხენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ, მაქაცარიამ შეძლო მეორედ „დილას“ კარის აღება – 0:2. ამის შემდეგ „დილა“ გააქტიურდა და შეხვედრის მე-80 წუთზე თენგიზ წიქარიძის ლამაზად შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – 1:2.

დარჩენილ დროში „დილა“ გააქტიურდა. აღსანიშნავია ბერიძის მეკარესთან პირისპირ გასვლა, თუმცა, ცხინვალელთა გოლკიპერმა ნადირაძემ იხსნა საკუთარი გუნდი.

საბოლოოდ, შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ 2:1 დამთავრდა.

აქვე მოგახსენებთ, რომ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი გორში 17 ივლისს გამართავს თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

გუნდების შემადგენლობა

„დილა“: შეყრილაძე, თომაშვილი, კვახაძე (კაპ.), მჭედლიშვილი, ი. ლომიძე, რაზმაძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, კურმაშვილი, მახარობლიძე, მოდებაძე.

მეორე ნახევარში ითამაშეს: მარიამიძე, ბერიძე, გაფრინდაშვილი, ნოზაძე, ერისთავი, წიქარიძე, ქარქუზაშვილი, სადაღაშვილი, ახალკაცი, სარალიძე, ბაჩიაშვილი, ბარბაქაძე, ნოზაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

„სპარტაკი“: ნანიევი, ჭაფოძე, კვარაცხელია (კაპ.), მაისაშვილი, იოსელიანი, ხუბუა, რეხვიაშვილი, ცერცვაძე, თექთურმანიძე, შინდაგორიძე, ნ. კაჭარავა.

მეორე ნახევარში ითამაშეს: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, მუმლაძე, თედეევი, ქოჩღაძე, ფოცხვერია, ჯიშკარიანი, მაქაცარია, რუხაძე, ლექვთაძე.

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა.

გოლები: 0:1 ფოცხვერია (74), 0:2 მაქაცარია (76), 1:2 წიქარიძე (80).

„დილას“ პრესსამსახური

0.126851