ფეხბურთი

0:04 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილას” გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა

სამტრედიაში ჩასატარებელ მატჩს ფსიქოლოგიური დატვირთვა ორივე გუნდისათვის ჰქონდა. მასპინძლების რანგში მოთამაშე მარტვილის “მერანის” ფეხბურთელებს განახლებულ ჩემპიონატში ჯერ გამარჯვების გემო არ უგემიათ. მართალია, მარტვილელებმა რამდენიმე დასამახსოვრებელი პაექრობა ჩაატარეს, მაგრამ ზურაბ იონანიძის შეგირდებმა ჯერჯერობით მომგებიანი სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლეს. რაც შეეხება გორელებს, ისინი ინარჩუნებდნენ ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსს, თუმცა შიდა ქართლელები დამოკიდებულნი იყვნენ თბილისურ მატჩზე, სადაც ქვეყნის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” ზედა ექვსეულში შესვლის მსურველ რუსთავის “მეტალურგს” მასპინძლობდა.

მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ “მერანის” ფეხბურთელები, რომლებსაც დისკვალიფიცირებული კუჭუხიძე და გაბუნია აკლდათ. შეხვედრის დებიუტი მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. მარტვილელებს თავიდანვე შეეძლოთ დაწინაურება, როდესაც ბაბუნაშვილის ჩაწოდებულზე დეკანოსიძე ურტყამდა თავით ახლო მანძილიდან, მაგრამ გორელთა მეკარემ ლეგაშვილმა ნახტომში შეძლო ბურთის დამორჩილება. მე-12 წუთზე კი უფრო რეალური მომენტი მიეცა დასავლელთა ფორვარდ გაგა ჩხეტიანს, როდესაც მელიავას ჩინებული გადაცემით იგი მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩა. გაგამ დარტყმა მოახერხა, მაგრამ მას ამ დროს კობახიძე ჩაუწვა, ბურთი ამავე დროს ლეგაშვილსაც მოხვდა და კუთხურზე გადავარდა.

თანდათანობით ხელი გორელებმაც გამოიღეს და მათაც შეძლეს სახიფათო მომენტების განხორციელება. პირველად მამალაძის დასაცავი ობიექტის მიმართულებით კოშკაძემ “გაისროლა” ძლიერად, მაგრამ “მერანის” კიპერი ადგილზე დაუხვდა ბურთს. მე-16 წუთზე სტუმრებს გატანა მართებდათ, როდესაც კოშკაძემ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ზუსტად უპასა მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილ შალამბერიძეს, რომელმაც მეურვეს მყისიერად დაასწრო და ბურთი ახლო მანძილიდან, ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარისაკენ, მაგრამ მამალაძემ საუცხოო რეაქცია გამოვლინა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისაგან იხსნა. ცოტა ხანში დასავლელთა კიპერი ისევ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც შალამბერიძეს აუღო საჯარიმოს შიგნიდან ძლიერად დარტყმული. ამ დროს “დილას” გარემარბმა სწრაფი კონტრშეტევა თავად დაიწყო და მეტოქის საჯარიმომდე მაღალი სისწრაფით მივიდა, თუმცა გატანაში მას ხელი ზურაბ მამალაძემ შეუშალა. მეკარიდან გამოვარდნილ ბურთზე ყველას ობაშვილმა დაასწრო, რომელმაც განმუხტა მდგომარეობა.

ამის შემდეგ მცირე ხანს შეხვედრა მონოტონურ რიტმში გაგრძელდა, რომლის დროს იყო ხისტი ორთაბრძოლები, თუმცა სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. მარტვილელებს რამდენიმეჯერ ჰქონდათ სახიფათო შეტევის განვითარების საშუალება, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოს მიახლოვებულები აშკარად მოიკოჭლებდნენ. დროის ამ მონაკვეთში მათ რიგებში უნდა გამოვარჩიოთ ფონიავა და რაფაელი, რომლებიც საიმედოდ გამოიყურებოდნენ. 38-ე წუთზე დეკანოსიძის სახიფათო ჩაწოდება ყველას და ყველაფერს გადაცდა, ბურთი კი მცირე მანძილით აცდა სტუმართა კარს. ტაიმის მიწურულს კი ფონიავას მიერ 25 მეტრიდან ძლიერად დარტყმული ლეგაშვილმა ეფექტურ ნახტომში გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე.

ტაიმი თითქოს უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მარტვილელები შეტევისას შეცდნენ და ბურთი მამუკა კობახიძემ მოიხელთა. “დილას” მცველი ჩინებულად გაისარჯა, ბურთიანად საკმაო მანძილი გაირბინა და შეტევის გაგრძელებაც ჩინებულად მოახერხა. კობახიძემ ზუსტად გადასცა კოშკაძეს, რომელიც ბურთიანად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ჯოჯუასთან ორთაბრძოლისას წაიქცა. შეხვედრის არბიტრმა ალექსი კრიჭაშვილმა ხელი თერმეტმეტრიანის ნიშნულისაკენ გაიშვირა, ჯოჯუას კი ყვითელი ბარათი უჩვენა. მართალია, “მერანის” საყრდენი მას უმტკიცებდა, რომ მეტოქეს საერთოდ არ შეხებია, მაგრამ ბუნებრივია მსაჯის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. პენალტის შესრულება რაზმაძემ ითავა, რომელმაც შეძლო მეკარის გაცურება და მამალაძის ნახტომის საწინააღმდეგოდ დაარტყა, შესაბამისად ანგარიშიც გაიხსნა და “დილაც” დაწინაურდა – 0:1.

მეორე ტაიმი მოედანზე ახლად შესული ციცხვაიას ეფექტური დარტყმით დაიწყო, რომელიც ლეგაშვილის იოლი ნადავლი შეიქმნა. ამის შემდეგ “მერანის” ფეხბურთელთა რამდენიმე იერიში საბოლოო დარტყმამდე ვერ მივიდა, გორელთა შეტევა კი გოლით დასრულდა. შიდა ქართლელებმა შეტევა ისევ მარჯვენა ფლნგიდან განახორციელეს, სადაც კოშკაძემ ითამაშა დიდებულად და დროული პასიც უბოძა თანაგუნდელ ბერიაშვილს. ფორვარდმა მოწინააღმდეგის მცველებს წამის მეასედით დაასწრო და მამალაძეს შანსი აღარ დაუტოვა – 0:2.

ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად მარტვილელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. ისინი ცდილობდნენ უფრო დიდი ძალებით შეეტიათ მეტოქისათვის. 56-ე მათი სამსვლიანი კომბინაცია, რომელშიც ფონიავა-ბენაშვილი და ბაბუნაშვილი მონაწილეობდნენ, ამ უკანასკნელის მეკარესთან პირისპირ დარჩენით დასრულდა. “მერანის” კაპიტანი, რომელიც ოდნავ მახვილი კუთხიდან ცდილობდა კარის აღებას, ლეგაშვილზე “აღმატებული” ვერ გამოდგა და კიპერის ჯობნა ვერ მოახერხა. “დილას” მეკარემ ბურთი კუთხურზე მიგერია. ლეგაშვილი ასევე წარმატებით გაუმკლავდა მარტვილელთა შორეულ დარტყმებს, რომლებიც ფონიავამ და მელიავამ განახორციელეს. 67-ე წუთზე კი დასავლელებმა სახიფათო საჯარიმოს შესრულების უფლება მიიღეს. სტანდარტული სიტუაცია გათამაშების შემდეგ ბენაშვილის ძლიერი დარტყმით გაგრძელდა. “დილას” კარის დარაჯმა ნახტომში რის ვაი-ვაგლახით შეძლო ბურთის უკუგდება, მაგრამ ბურთზე ყველას ციცხვაიამ დაასწრო და ზუსტი დარტყმით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა – 1:2.

ცოტა ხანში “ეროსი მანჯგალაძეზე” ინფორმაცია გავრცელდა თბილისში რუსთავის “მეტალურგის” დაწინაურების შესახებ, რამაც გორელებზე გარკვეულწილად ცუდად იმოქმედა. მათ თითქოს სტიმული დაკარგეს. მართალია, შიდა ქართლელები არ მოშვებულან და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანაც შეძლეს, მაგრამ ფეხბურთელებს ის ჟინი და მოტივაცია აღარ ეტყობოდათ. თავის მხრივ თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ “მასპინძლებიც”. მარტვილელები ხან შორეული დარტყმებით, ხანაც კომბინაციებით ლამობდნენ გათანაბრებას. შორეულ დარტყმებს ლეგაშვილი ისევ წარმატებით იგერიებდა, ხოლო კომბინაციები, რმლებსაც “მერანის” ფეხბურთელები ახორციელებდნენ, ხშირად კარში ზუსტი დარტყმით ვერ სრულდებოდა. მაგალითად, ასეთი სიტუაციები ჰქონდათ რამდენიმეჯერ აშორთიას და ციცხვაიას. ყველაზე სახიფათო მე-80 წუთზე ბენაშვილის დარტყმა გამოდგა, რომელზეც ისევ ლეგაშვილმა იყოჩაღა.

მატჩის ეპილოგში ძირითადად მარტვილელები უტევდნენ. მათ რიგებში ყველაზე აქტიურად მელიავა ირჯებოდა, რომელიც თავისი გუნდის შეტევებს იწყებდა და ორჯერ შორიდანაც დაემუქრა მოწინააღმდეგის კარს. პირველ შემთხვევაში “მერანის” მარჯვენაფლანგელს სიზუსტემ მცირედით უმტყუვნა. იქმნებოდა შტაბეჭდილება, რომ მარტვილელები გათანაბრებას შეძლებდნენ, მაგრამ გორელებმა მოახერხეს სასურველი ანგარიშის შენარჩუნება, თუმცა უკვე ფაქტი იყო რომ გორის “დილას” ეს გამარჯვება აღარ ჰყოფნიდა, რადგანაც რუსთაველებმა სენსაციური და სტადიონზე მყოფ ქომაგთათვის საეჭვო გამარჯვება მოიპოვეს თბილისის “დინამოსთან”. შეხვედრის არბიტრის საფინალ სასტვენმა კი გვაუწყა, რომ მატჩის მონაწილეებს ქვედა ექვსეულში მოუწევთ ასპარეზობა.    

Mმერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 1:2 (0:1)

16 მარტი. 15:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”. 500 მაყურებელი

“მერანი”:  მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, რაფაელი, ხუბუა (ჯღამაია, 75), ჯოჯუა, ფონიავა, ბენაშვილი, დეკანოსიძე (აშორთია, 60), ბაბუნაშვილი, გაგა ჩხეტიანი (ციცხვაია, 46),

მთავარი მწვრთნელი:  ზურაბ იონანიძე

“დილა”: ლეგაშვილი, ჯიშკარიანი, კობახიძე, ხიზანეიშვილი, ორბელაძე, გურეშიძე, ბოლქვაძე (კორღალიძე, 78), შალამბერიძე (გაფრინდაშვილი, 83), რაზმაძე, კოშკაძე (ახალკაცი, 64).

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

გოლები: 0:1 რაზმაძე (45, პენალტით), 0:2 ბერიაშვილი (53), 1:2 ციცხვაია (67).   

გაფრთხილება: ჯოჯუა (45), მელიავა (55), ახალკაცი (66), რაფაელი (68), ბოლქვაძე (76), კორღალიძე (90). 

მსაჯი: ალექსი კრიჭაშვილი (თბილისი)

0.135244