გორის “დილას” ლიტველ თავკაც ვალდას ივანაუსკასს სასტუმრო “არკადიაში” შევხვდი, სადაც ეს გუნდია დაბინავებული. კლუბის იქვე მაცხოვრებელი ხელმძღვანელების გარდა, “მსოფლიო სპორტის” ყოფილი ჟურნალისტი და კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ფრიდონ კერვალიშვილიც დამეხმარა, რომელმაც “არკადიას” დამაკავშირა. უცხო სასტუმროში შესვლას მთელი პროცედურები სჭირდება – დიდი დრო მიაქვს.
“ზესტაფონი”-“ლეხიას” თამაშზე ისე წავედით, ვუყურეთ და დავბრუნდით, რომ ივანაუსკასს ჩაფიქრებული სახე ერთხელაც არ შეცვლია. “დილაში” მხიარული განწყობა იყო, იცინოდნენ, ხუმრობდნენ, ვალდასი კი მეტისმეტად სერიოზული ჩანდა.
თუმცა, პირდაპირი და საინტერესო მოსაუბრე გამოდგა ლიტვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ივანაუსკასი მშვენივრად თამაშობდა ვილნიუსის “ჟალგირისში” და “ჰამბურგშიც” დატოვა კვალი.
- როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი? კმაყოფილი ხართ?
- მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ გუნდმა მიმიღო და ვატყობ, რომ ნდობას მიცხადებენ. ფეხბურთელები ზედმეტი პრეტენზიების გარეშე ასრულებენ მანამდე მათთვის უცხო დატვირთვებს.
- გუნდის პრობლემატურ პოზიციებზე გვითხარით.
- ერთი ცენტრალური მცველის დამატება არ გვაწყენდა. გვყავს თომაშვილი და კვახაძე. თოთაძესაც შეუძლია ცენტრში თამაში, მაგრამ ერთი კიდევ მინდა. ჩამოვიყვანეთ ბრაზილიელი ფერნანდო, მაგრამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და არ ვიცი, როგორ იქნება მისი საკითხი. სანამ ასეთი სიტუაციია, ამ ფეხბურთელზე დაკონკრეტებას მოვერიდები.
- თავდამსხმის ხაზში არ გაქვთ პრობლემა?
- ამაზეც ვიფიქრე. გაძლიერება არ გვაწყენდა, მაგრამ დროც არაა. რგოლებში კონკურენციაა, ეს უკვე კარგია.
- “ბოლესლავთან” 3:2 მოგებულ მატჩს როგორ შეაფასებდით?
- კარგ გუნდს მოვუგეთ და შეუძლებელია, ეს არ მსიამოვნებდეს. ასევე, დავინახე, რომ შეცვლებმა კი არ არია, პირიქით, გააძლიერა ჩვენი თამაში.
- მიზანი საქართველოს ჩემპიონობაა?
- მიზანი თავისთავად იკვეთება. უნდა შევძლოთ და ამ 4 თვეში მაქსიმუმი შევასრულოთ. დავიცადოთ, გამოჩნდება...
- ვიცით, რომ ქართულ კლუბებზე ინფორმაცია გაქვთ, მათი თამაშებიც ნახეთ. შეადარებდით საქართველოსა და ლიტვის კლუბებს?
- ამასწინათ ლიტვურ გაზეთთან ინტერვიუშიც ვთქვი, რომ ჩემს სამშობლოში ფეხბურთის განვითარების არანაირი სისტემა არ არსებობს. 10 წელია, რაც ლიტვური ფეხბურთი უკან-უკან მიდის. საქართველოს ჩემპიონატი გაცილებით მაღალ დონეზე დგას, თქვენთან ფეხბურთს თამაშობენ, ლიტვაში კი... მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტია – ლიტვაში ფეხბურთი არათუ წინ იძვრის, ერთ ადგილზეც კი არ დგას. მხოლოდ რეგრესია.
- ვისი ბრალია?
- ლიტვის ფეხბურთის ფედერაციის ბრალია და სანამ მისი შეცვლა არ მოხერხდება, კარგი არაფერი გველის. მშვენივრად ვიცნობ ლიტვის 15, 16, 17, 19-წლამდელთა ნაკრებებს და აბსოლუტური უპერსპექტივობაა. ეს ფეხბურთელების ბრალი არაა: არასწორად მიდის მათი აღზრდა, მოშლილია აკადემიების სისტემა. ამასთან, საკმაო ინფორმაცია მაქვს ქართულ ბავშვთა ფეხბურთზე და ვიცი, რომ თქვენთან ამ მხრივ წინ მიდის საქმე.
- საიდან გაქვთ ინფორმაცია?
- გოჩა თამაზაშვილი ჩემი მეგობარია, ის “საბურთალოსთან” თანამშრომლობს. მიყვება ამბებს და ჩემი თვალითაც ვნახე “საბურთალოს” სკოლა – “დილას” ხომ მის სტადიონზე (“ბენდელაზე”) ვავარჯიშებდი.
ახლა კი “დილაში” ცვლილებების შესახებ. ივანაუსკასს გადაწყვეტილი აქვს, რომ ლატვიელ მეკარე კასპარს იქსტენსსა და კამერუნელ ლობეს დაიტოვებს. ლიტველმა მწვრთნელმა ლობე აქო – დღითიდღე უმატებსო.
ბექა გოცირიძე კვლავ გამალებულად ვარჯიშობს. 24 წლის ფორვარდმა ერთ თვეში 10 კილოგრამი დაიკლო და 10 კიდევ აქვს დასაკლები.
“ყველაფერს გავაკეთებ საამისოდ. ახლა საკონტროლოებში თამაში არ მიწევს, მაგრამ ყველაფერი წინაა”, – მითხრა ბექამ.
“დილა” 11 თებერვალს სერბულ “რადნიჩკის” შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება, თუმცა, როგორც კლუბის გენერალურმა მენეჯერმა გია ისიანმა მითხრა, შესაძლოა, 2 საათით ადრე გადმოიწიოს.
ილია ნანობაშვილი ბელეკიდან, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო