ფეხბურთი

1:23 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” “ოლბორგი” “გადააგორა”

გორელთა მომდევნო მეტოქე ხორვატული “ჰაიდუკია”

გორის “დილას” დანიურ “ოლბორგთან” გასვლით მატჩში კონტრშეტევებზე არაერთი საგოლე შანსი მიეცა, რომელთაგან ვერცერთი გამოიყენა, თუმცა, ვინაიდან საკუთარი კარიც “მშრალად” შეინახა, საგანგაშო არაფერი ყოფილა. გიორგი დევდარიანის შეგირდებს ჩრდილოელებთან საშინაო შეხვედრა 3:0 ჰქონდათ მოგებული, ამდენად, უეფა-ს ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე დამაჯერებლად გააღწიეს.

თბილისური მატჩისგან განსხვავებით, გორელთა თავკაცმა არაერთი ცვლილება განახორციელა. მათგან ერთი იძულებითი გახლდათ – პირველ თამაშში საწყისი გოლის ავტორი ირაკლი მოდებაძე მინდორზე მცირე ტრავმის გამო ვერ გავიდა და მის ნაცვლად პირველივე წუთებიდან თბილისურ შეხვედრაში დუბლის ავტორი მიხეილ გორელიშვილი ვიხილეთ. თადარიგში დარჩნენ კახაბერ ალადაშვილი და გრიგოლ დოლიძეც, სამაგიეროდ კი, საქმეში თეიმურაზ ღონღაძე და გიორგი აბურჯანია ჩაერთვნენ.

როგორც აღვნიშნეთ, “დილას” განმეორებითი მატჩის მოგების შანსიც ჰქონდა და ამისთვის, სტუმრებს  მრავალი კონტრიერიშებიდან ერთ-ერთის ზუსტად დასრულება მაინც მართებდათ. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში, როდესაც ერთი ზუსტი პასი ანაც დარტყმა იყო საჭირო, “დილას” ფეხბურთელებს ჩანაფიქრი არ გამოსდიოდათ, არადა, 3 ქულის აღება დანიაშიც შეიძლებოდა.

გორელთაგან ყველაზე რეალური შანსი შეცვლაზე შესულ ალადაშვილს მიეცა, რომელიც მეკარესთან თითქმის ერთიერთზე გასვლის შემდეგ, მას ბურთს თავზე მოხდენილად უგდებდა, თუმცა, ხარიხას გაარტყა და “ოლბორგიც” ქართველებთან მე-2 მარცხს გადაურჩა.

ცხადია, მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, თუმცა, მეტწილად ისინიც კარის ჩარჩოს მიღმა ურტყამდნენ, სხვა შემთხვევაში კი გორელთა კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი ყოჩაღობდა. აქვე ვთქვათ, რომ “დილას” მეკარემ რამდენჯერმე ბურთი არადამაჯერებლად მოიგერია, თუმცა, მე-2 ტაიმში დანიელთა ფორვარდს “მკვდარი” ბურთი აუღო და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

ამ წარმატების წყალობით, ქართულმა კლუბმა ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე გააღწია, სადაც მეტოქედ სპლიტის “ჰაიდუკი” ეყოლება. ხორვატულმა კლუბმა მაკედონიის “ტურნოვოს” შინ 2:1 სძლია, სტუმრად კი სასურველი ყაიმი (1:1) დააფიქსირა. წილისყრის თანახმად, 1 აგვისტოს, “დილა” პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს, 8-ში კი მეტოქეს თბილისში მიიღებს.

უკვე ცნობილია, რომ პირველ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს კახაბერ ალადაშვილი, რომელმაც “ოლგორგთან” ორივე მატჩში გაფრთხილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ მაკედონიაში ჩატარებულ შეხვედრაში “ჰაიდუკის” 6 ფეხბურთელი “გააყვითლეს”, თუმცა, ვინაიდან პირველი თამაში ჰაიდუკელებმა გაფრთხილებების გარეშე ჩაამთავრეს, მათგან დისკვალიფიკაცია არავის მიუღია.

მიუხედავად ამისა, დიდი შანსია, ხორვატებმა გორელებთან მატჩებში 1 წამყვანი ფეხბურთელი მაინც მოისაკლისონ. 20 წლის მარკო ბენკუნი, რომელმაც “ტურნოვოსთან” საშინაო მატჩში ანგარიში გახსნა, იმ შეხვედრის პირველივე ტაიმში ტრავმის გამო შეცვალეს, გუშინ კი განმეორებითი მატჩის განაცხადში საერთოდ აღარ ყოფილა...

უეფა-ს ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი. Aalborg stadion (ოლბორგი), დანია

“ოლბორგი” (დანია) – “დილა” (საქართველო) 0:0

“ოლბორგი”: ლარსენი, ლ.ნილსენი, ტელანდერი, პედერსენი (კრისტენსენი, 46), ვურცი (კაპ.) (ტოფტი, 78), ვიხმანი, კუსკი, ტომსონი, ტომსენი, კურტი, ფრედერიკსენი (დუე, 63), დალსგაარდი.

მწვრთნელი: კენტ ნილსენი.

“დილა”: რევიშვილი (კაპ.), თომაშვილი, ხიზანეიშვილი, გურული, ღონღაძე, კობახიძე, ბოლქვაძე (ალექსიძე, 82), აბურჯანია (დოლიძე, 50), გვალია, გორელიშვილი (ალადაშვილი, 53), ილურიძე.

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

მსაჯი: რობერტ მალეკი (პოლონეთი).

გაფრთხილება: რევიშვილი (16), გურული (78), ალადაშვილი (89).

0.130923