თურქეთში შეკრებაზე მყოფმა გორის “დილამ” 7 თებერვალს მორიგი ამხანაგური მატჩი სამხრეთ კორეის “სეონგნამთან” ითამაშა და 1:3 დამარცხდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დილას” პრესსამსახური იუწყება.
წინასწარ ცნობილი იყო, რომ “დილას” რუსეთის პირველი დივიზიონის ორენბურგის “გაზოვიკთან” უნდა ეთამაშა, მაგრამ განრიგი შეიცვალა და კორეის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს დაუპირისპირდა.
განვლილი მატჩი “დილამ” შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: შეყრილაძე, ქებურია, აფხაზავა, ქარქუზაშვილი, გაფრინდაშვილი, გოროზია, შენგელია, კორღალიძე, გოგინაშვილი, ახალკაცი, ფოცხვერია.
შეცვლაზე შევიდნენ: კვახაძე, რაზმაძე, გურეშიძე, წიქარიძე, ჯიშკარიანი, რაჟამაშვილი, ბერიაშვილი, შალამბერიძე.
შეხვედრის მსვლელობისას გორელები 0:3 მარცხდებოდნენ და ანგარიში პენალტით შეამცირეს. კობა შალამბერიძის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ლუკა რაზმაძემ აქცია.
9 თებერვალს, “დილა” კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს და ამჯერად, მისი მეტოქე სლოვენიის “მარიბორი” იქნება.