საბურთალოზე, “ბენდელას” სტადიონის საპრესკოფერენციო დარბაზში გორის "დილას" ახალწვეულების წარდგენა შედგა. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა გია ისიანმა და სპორტულმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა მოკლედ შეაფასეს დღევანდელი მდგომარეობა და მიზნებზეც ისაუბრეს.
ჯერ ახალწვეულები: მეკარე ზურაბ მამალაძე, მცველები ალექსანდრე კვახაძე და ლაშა თოთაძე, ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე და ფორვარდი ბაჩანა არაბული.
ამასთან, ახალწვეულებად ითვლებიან ლიტველი მთავარი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი და ფიზმომზადების გერმანელი სპეციალისტი თომას კლიმეკი, რომელსაც სხვადასხვა გერმანულ კლუბებში უმუშავია და ასევე გახლდათ თურქულ "გაზიანთეფსფორში".
ხუთი ახალწვეული ფეხბურთელის გარდა, "დილას" თურქულ შეკრებაზე კიდევ რამდენიმე მოთამაშე ახლდა: ბრაზილიელმა ფერნანდომ ბელეკშივე ტრავმა მიიღო და გუნდში მისი დარჩენა ვერ მოხერხდა. ასევე, დენის ტალალაიც აღარაა "დილაში".
კამერუნელი ნახევარმცველი ლობე სამშობლოშია და სავიზო საკითხებს აგვარებს, ამდენად, ოფიციალურ წარდგენაზე არ ყოფილა.
რაც შეეხება ლატვიელ მეკარე კასპარს იქსტენსს, აღმოჩნდა, რომ მასთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ხორგუაშვილმა დადებითად შეაფასა თურქული შეკრება და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი საქართველოს ჩემპიონატსა და თასზეც წარმატებით ითამაშებს. მიზანი ნათელია: ჩემპიონობა და თასისთვის ბრძოლაც.
მანამდე კი, "დილა" კიდევ ერთი ტიტულისთვის იბრძოლებს. 22 თებერვალს, 17 საათზე, თბილისის "მიხეილ მესხზე" საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართება: "დილა" მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" შეხვდება.
ივანაუსკასის გუნდმა "ბენდელაზე" ივარჯიშა, ხვალ კი "მიხეილ მესხზე" ექნება წვრთნა.