ფეხბურთი

21:40 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “ჩვენი ვალია, 8 აგვისტოს გორელებს სიხარული მივანიჭოთ”

უცნაური ტუდორი

ხუთშაბათს, ვაკეში, 20 საათზე, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება. გორის “დილა” ხორვატულ “ჰაიდუკს” უმასპინძლებს.

ოთხშაბათს ორივე გუნდმა მსუბუქად ივარჯიშდა და პრესკონფერენციებიც გამართა.

გიორგი დევდარიანი (“დილას” მთავარი მწვრთნელი): ცხადია, კმაყოფილები ვართ პირველი მატჩის შედეგით და ამჯერადაც დიდი იმედით გავალთ სათამაშოდ. თუმცა სპლიტში შეცდომებიც გვქონდა და ამაზე ფეხბურთელებთან უკვე ვილაპარაკეთ. ახლა ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ისე კი ვიტყვით, რომ გუნდი, ფაქტობრივად, 2 თვის შეკრებილია და შეცდომებისგან დაზღვეული ვერ ვიქნებით. ვეცდებით თამაშიდან თამაშამდე გამოვასწოროთ.

- როგორ ტაქტიკას აირჩევთ საპასუხო მატჩში?

- ამას თამაშის დროს იხილავთ. რაც შეეხება სტრატეგიას, პირველი მატჩი ჩვენთვის სასურვეელი შედეგით დამთავრდა, ამიტომ არსად გვეჩქარება. მეტოქეს კი გასატანი აქვს და აუცილებლად შეგვიტევს. ჩვენ კი, მათ შეცდომებს დაველოდებით და ვეცდებით სწრაფი კონტრშეტევებით მივაღწიოთ წარმატებას.  

- დისკვალიფიცირებული ოთარ ხიზანეიშვილის მაგიერ ვინ ითამაშებს?

- ალექსანდრე კვახაძე. საერთოდ, ხიზანეიშვილზე მინდა ვთქვა, რომ ცოტა გასაკვირია გამოცდილი მოთამაშისგან ასეთი ქმედება, თუმცა ის დიდი წნეხიც გასაგებია, რომელიც სტადიონზე სუფევდა. ზედმეტი მოუვიდა და თავადაც ძალიან განიცადა. ეს კარგი მაგალითი იქნება მისთვისაც და დანარჩენი ფეხბურთელებისთვისაც.

- სტადიონზე ალბათ ბევრი გულშემატკივარი მოვა და თქვენგანაც შემტევ თამაშს მოითხოვს...…

- ქომაგებს ვთხოვდი, ჩვენი გეგმების განხორციელების საშუალება მოგვცენ, რათა პლეი ოფში გავიდეთ, ამაზე მეტი სანახაობა რა უნდა იყოს. 8 აგვისტო მარტო “ჰაიდუკთან” თამაშით არ არის მნიშვნელოვანი.Yყველას კარგად მოგვეხსენება, რა მოხდა ამ დღეს 5 წლის წინათ. ეს დღე მთელი საქართველოსთვის და განსაკუთრებით გორელებისთვის ძალიან მძიმე და დამთრგუნველია. ვერ დავიჩემებთ, რომ ჩვენი მოგებით რაღაც გეოპოლიტიკურ პრობლემებს გადავწყვეტთ, თუმცა ვეცდებით პატარა სიხარული მაინც ვაჩუქოთ. ეს ჩვენი ვალია.

- ტრავმირებულები გყავთ?

- მამუკა კობახიძე და რატი ალექსიძე ალბათ ვერ ითამაშებენ.

ირაკლი მოდებაძე (“დილას” კაპიტანი): გადაწყვტილი ჯერ არაფერია, ამიტომ ისეთივე შემართებით ვითამაშებთ, როგორც სპლიტში. ბიჭებს არც იქ დაუზოგავთ თავი, ხიზანეიშვილს ჩათვლით და ასე იქნება ამჯერადაც. გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ.

...შემდეგ “დილამ” ივარჯიშა და ხორვატთა პრესკონფერენციის ჯერიც დადგა. თუმცა მათი მთავარი მწვრთნელი, იგორ ტუდორი ცოტა უცნაურად მოიქცა. ვერ გეტყვით, რამეზე იყო გაბრაზებული თუ სხვა მიზეზით, მაგრამ ინგლისურის ცუდად ცოდნის გამო ხორვატულად დაიწყო ლაპარაკი, ხორვატულიდან ინგლისურად თარგმნიდნენ, ინგლისურიდან კი ქართულად. როგორც შენდეგ ჩვენმა ხორვატმა კოლეგებმა აგვიხსნეს, მას პრესკონფერენციები მაინცდამაინც არ ყვარებია და ეს ერთი ენიდან მეორეზე და მერე მეამეზე თარგმნა ძალიან ხანგრძლივ  პროცესად მოსჩვენებია. ამიტომ ყველა კითხვაზე ერთსა და იმავეს იმეორებდა: საწყენია, რომ პირველი თამაში წავაგეთ, თუმცა ოპტიმიზმით სავსე ვართ და მინდორზე გასამარჯვებლად გავალთო. არადა, თითქმის ნახევარი გუნდი მოიყვანა პრესკონფერენციაზე. რატომ?

სამაგიეროდ შემდეგ ჩვენს მეგობარ ივო შუშაკს ვესაუბრეთ, რომელმაც ტრადიციისამებრ სიამოვნებით უპასუხა “მსოფლიო სპორტის” ორიოდ შეკითხვას.

- ვიცით, რომ სპლიტში პირველ თამაშს დაესწარით.

- დიახ. სტადიონზე ვიყავი. გვეგონა, რომ “ჰაიდუკს” ექნებოდა უპირატესობა, მაგრამ “დილამ” კარგად ითამაშა დაცვაში და სწრაფი კონტრშეტევებიც მშვენივრად გამოსდიოდათ. ეგ არის, ცოტა მინდორმა შეგვიშალა ხელი.

- რატომ იყო ასეთი უცნაური მინდორი?

- თამაშამდე იქ 2 გრანდიოზული კონცერტი ჩატარდა, ამიტომ ძლივს მოასწრეს მოწესრიგება.

- საპასუხო მატჩზე რას ფიქრობთ?

- ორივე კარგი გუნდია და ალბათ შანსები 50/50-ზეა.

0.298425