გუშინ დიეგო მარადონა 53 წლის გახდა. თუკი განგებამ ინება, როცა იქნება ალბათ 80 წლისაც მოიყრება და უფრო მეტისაც. ალბათ ჩამობერდება, ცხოვრებისაგან დაიღლება, შეიძლება ტირილსაც უფრო მოუხშიროს (ტრემლებს ახლაც ხშირად აღვარღვარებს ხოლმე) და ისიც შეიძლება, რომ თავის წარსულზე თვითონვე თქვას უარი. მაგრამ ჩვენთვის, ვისაც მინდორზე ყოვლისშემძლე დიეგო გვახსოვს - მაინც ის ჭაბუკი მარადონა იქნება, სასწაულებს რომ სჩადიოდა და ხმის ჩახლეჩვამდე რომ გვაძახებინებდა - მა-რა-დონა-ნაააააა!
ყველა თაობას თავისი კუმირები ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და სხვანი და სხვანი. თაობას, რომელიც ძალმოსილ მარადონას მოესწრო, ბევრ რამეში გაუმართლა, რადგან მარადონას პარალელურად ჩვენ პლანეტაზე არაერთ ლეგენდარული მუსიკოსი და მსახიობიც დააბიჯებდა, რომლებსაც მილიონობით კუმირი გუნდ-გუნდად დასდევდა. მაგრამ მათ შორისაც კი, მარადონა სულ სხვა იყო, სულ სხვა ემოცია იყო მინდორზე მისი გამოჩენა და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ჩვენი საცოდავი ქვეყანა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმედს ჯერ ებღაუჭებოდა, შემდეგ კი თავისუფლების საზღაურად გადამწვარ და გათოშილ ქალაქებში ფეხბურთის მოყვარულ ხალხს ლამის სექტანტებს გვეძახდნენ.
ფეხბურთის მოყვარულთა ახლანდელ თაობაში ბევრი მინახავს მოძულე თუ მოყვარული სხვადასხვა ცნობილი კლუბებისა, მაგრამ ვერსად ვნახე ადამიანი, რომელსაც მარადონას მშობლიური “ნაპოლი” სძულს და ეზიზღება. ნეაპოლიტანური გუნდის სიყვარულს ფეხბურთის ყველა მოყვარული უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა დიეგო მარადონასთან აკავშირებს და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. აკი ცოტა ხნის წინ “ნაპოლის” ამჟამინდელმა ლიდერმა, სლოვაკმა მარეკ ჰამშიკმა თქვა კიდეც: ”ჩვენ ფაქტობრივად მარადონას კერპის ქვეშ გვიწევს თამაში და რაც არ უნდა გავაკეთოთ, ქომაგი ყველაფერს მარადონას თამაშს ადარებს და შეგუებულნი ვართ იმ აზრს, რომ მარადონა ნეაპოლელებისათვის ხელშეუხებელი ღვთაებაა”.
მარადონა რომ გიჟი და გადარეული ვინმეა, ჩვენი თქმა რად უნდა ამ ამბავს? ის თუ გახსოვთ კოკოითთან ერთად რომ პოზიორობდა ფოტოკამერების წინ? ალბათ არც აწუფალსმიბარებულ უგო ჩავესთან და ვერმიბარებულ ფიდელ კასტროსთან მარადონას ძმაკაცობა დაგვიწყებიათ. ჟურნალისტებსა და ფოტორეპორტიორებს უკვე იმდენჯერ აგინა, ერთი სოციოლოგიური ცენტრის დაქირავებაა ამ ყველაფერის დასათვლელად საჭირო. მაგრამ, უბადლო იყო ეს კაცი როგორც ფეხბურთელი და გინდა აქედან მიუდექი და გინდა იქიდან, გინდა აკრიტიკე და გინდა აგინე, გინდა სულაც კაცობიობის მტრად გამოაცხადე... მარადონა მარადონაა!
ამასწინათ ერთი რუსი ჟურნალისტის სტატია წავიკითხე სადაც ეს უკანასკნელი წერდა, რომ მისი აზრით მარადონას გაფეტიშება (ვინ აფეტიშებს ნეტა?!) სულაც არ იქნება კარგი შემდეგი თაობებისათვის, რადგან დიეგო ყველაფერთან ერთად ნარკომანიც იყო და ნარკომანის კუმირად შერაცხვა ბავშვებს არ წადგებათო. ამ მოსაზრებას ალბათ ჩვენშიც ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება, მაგრამ ფაქტია, რომ ვინმეს კუმირად გამოცხადება (თუკი ამას უკან მერკანტილური ან პოლიტიკური მიზნები არ უდევს) სულაც არ ხდება ვინმეს (მაგალითად მშობლის (ჩაგონებითა და პატრონაჟით.
მშობელმა რამდენიც არ უნდა დაუშალოს “ნარკომანი და გათახსირებული” მარადონას შეყვარება, ბავშვი როცა იქნება აუცილებლად მიუჯდება კომპიუტერს და თავისი თვალით ნახავს იმ სასწაულებს, რასაც დიეგო მარადონა წლების მანძილზე სჩადიოდა. მერე ამ ბავშვს რამდენიც არ უნდა ეძახო მარადონასთანა უსინდისო და “ბუა კაცი” მეორე არ დაიარებაო, მისთვის მარადონა მაინც ჩვეულებრივ ადამიანზე მაგარი იქნება.
გუშინ ალბათ მილიონობით მილოცვა მიუვიდოდა მარადონას და მისი ბევრი სადღეგრძელოც შეისმებოდა, მაგრამ 53 წლის მოყრილ დიდ დიეგოს მოდით ჩვენც მივულოცოთ პატარა და ბეჩავი საქართველდან. დიდი ხნის სიცოცხლე ვუსურვოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ედუარდ კოკოითი ღამეულ კოშმარად არ გამოეცხადება....