ბოლო წლებში, ლათინურ ამერიკაში ერთი მეტად უცნაური ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომელსაც ერთგვარ ახირებას უფრო დავარქმევდით. სამხრეთ ამერიკაში ძალიან მომრავლდნენ ე.წ. ახალგაზრდა მემარცხენეები, რომლებიც ერნესტო ჩე გევარას, ფიდელ კასტროსა და სხვა მათთან მსგავი ხალხის კულტებს აღმერთებენ და არც ჩე გევარასგამოსახულებიანი მაისურით ქუჩებში სიარულს ერიდებიან.
ეს ყველაფერი კიდევ არაფერი იქნებოდა, მილიონობით ლათინოამერიკელისათვის, ცოცხალ კერპს, ფეხბურთელ დიეგო მარადონას თავისი ”მფრინავი იდეებით” რომ არ დაეხვია თავბრუ. მარადონა ხომ წამდაუწუმ იმეორებს, რომ სოციალისტ-რევოლუციონერების მომხრეა და სწორედ მისმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა დაამეგობრა ისეთ უცნაური ხალხთან, როგორებიც ფიდელ კასტრო და უგო ჩავესია.
სწორედ ამის გამო, ამერიკელი სოციოლოგი, ავგუსტ ჯიმბლერი ირწმუნება, რომ ლათინურ ამერიკაში ”სოციალიზმის სენის” გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიეგო მარადონა და მისი ”ხალხთა თანასწორობის” შესახებ ბოდვებია. როგორც ამერიკელი მკვლევარი ამბობს, დიეგო მარადონას ფიგურა დღეს ახალგაზრდებში იმდენად პოპულარულია, რომ მის აბსურდულ პოლიტიკურ განცხადებებსაც კი ბევრი ადვილად იჯერებს. და ეს მაშინ, როდესაც დონ დიეგო ხშირად ათასგვარ სისულელეს ამბობს.