მიუხედავად ტურინის “იუვენტუსში” არცთუ წარმატებული ასპარეზობისა, დიეგოს ტალანტი ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა. “ბებერი სინიორას” შემადგენლობაში წარუმატებლად დაიწყო ასპარეზობა პაველ ნედვედმაც, მაგრამ შემდგომში იგი ტურინული გუნდის გმირი გახდა. ინტერნეტ გამოცემა Goal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, “იუვენტუსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს.
- ბავშვობაში გულშემატკივრობდით თუ არა “იუვენტუსს”?
- რამდენადაც მახსოვს, ბრაზილიაში იტალიის ჩემპიონატს უჩვენებდნენ და ჩემი ყურადღება მიპყრობილი იყო გუნდისკენ, რომელიც იშვიათად აწყდებოდა სირთულეებს. იტალიური ფესვები მაქვს, რამაც იმოქმედა ამ ქვეყნის ფეხბურთის შეყვარებაზე.
- ვინ იყო ბავშვობაში თქვენი კერპი?
- ვაღმერთებდი რაის, რონალდოს, რომარიოს... სია გრძელია, მისი დასრულების მცდელობას აზრი არ აქვს. ვინმე აუცილებლად გამომრჩება.
- თამაშობდა “იუვენტუსში” ვინმე, ვისი თამაშიც მხოლოდ ცოტათი მოგწონდათ?
- არა. იტალიის ჩემპიონატს თვალს ყურადღებით ვადევნებდი. რამოდენიმე ფეხბურთელი, რომლის თამაშიც ბავშვობაში ძლიან მომწონდა, ასპარეზობდა “იუვენტუსში”, ამიტომ ამ გუნდში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. “იუვენტუსის” მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მქონდა და ძალიან გამიხარდა, როდესაც ამ გუნდში აღმოვჩნდი.
- რას ფიქრობთ იტალიის ნაკრებზე? თვლით მას მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად?
- რა თქმა უნდა. იტალიას შეუძლია იამაყოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებებს მიაღწევს. შესაძლოა, ამ გუნდმა ითამაშოს ფინალში ბრაზილიასთან, რომელიც ჩემპიონი გახდება.
- შესაძლებლობა რომ გქონდეთ “ინტერიდან” და “მილანიდან” თითო ფეხბურთელის “იუვენტუსში” გადაყვანისა, რომლებს აირჩევდით?
- რა თქმა უნდა, ორ ბრაზილიელს, მაიკონს და რონალდინიოს.
- ვის გაუწევთ რეკომენდაციას დუნგასთან?
- დიეგო რიბას და კუნიას. მსურს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრო და გუნდისთვის ბევრი გავაკეთო.
- “იუვენტუსი” არაერთ ბრაზილიელ ახალგაზრდას აკვირდება: ალან კაპდეჩი, რაფაელ ტოლი, დუგლასი... რა იცით მათ შესახებ? არიან ისინი ის ფეხბურთელები, რომლების ხილვასაც ისურვებდით “იუვენტუსში”?
- რა თქმა უნდა! ბრაზილია განაგრძობს მსოფლიოს ფეხბურთისთვის ტალანტების ჩუქებას. ყველას თვალყურს ვერ ვადევნებ, მაგრამ არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაფერი გამოსდით. მსურს ტურინში ბრაზილიელთა ხილვა. მათ აქ თბილად დახვდებიან.
- გულშემატკივრები გიმღერიან იმავე სიმღერებს, რომლებსაც “ნაპოლის” ქომაგები მარადონას უმღეროდნენ. რას განიცდით ამ დროს?
- ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მათთვის მადლობის გადახდა კარგი თამაშით მმართებს.
- ვისთან მეგობრობთ გუნდში, ამაურისთან და ფელიპე მელოსთან?
- როდესაც გუნდში ახალი მოსული ვიყავი, უფრო ახლო ურთიერთობა ბრაზილიელებთან მქონდა. ახლა ყველასთან ძალზე კარგად ვარ.
- თქვენს მიერ გატანილი რომელი გოლი იყო ყველაზე ლამაზი და როგორის გატანაზე ოცნებობთ?
- ჩემი საყვარელი ის გოლია, რომელიც “ვერდერში” ასპარეზობის დროს, მოედნის ცენტრიდან გავიტანე. კონკრეტული გოლის გატანაზე არ ვოცნებობ, მხოლოდ მსურს, რომ “იუვენტუსს” სკუდეტოს, ან ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო.
- გიყვართ ფეხბურთის ტელევიზორში ყურება? როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
- თვალს ვადევნებ სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებს. გამუდმებით ვარ საქმის კურსში. ასევე, მიყვარს ვიდეოთამაშები და ტელესერიალები.
- რომელია თქვენი საყვარელი იტალიური კერძი, ფილმი და სუპერგმირი?
- ძალიან მიყვარს სპაგეტი კარბონარა, საყვარელი ფილმია რემბო, ხოლო სუპერგმირი - სუპერმენი.
- ბრაზილია ახალგაზრა ასაკში დატოვეთ, ხოლო პორტუგალიაში თამაშის დროს პრობლემები გქონდათ...
- ვერ ვიტყვი, რომ პორტუგალიაში მიღებული გამოცდილება უარყოფითია. ის პერიოდი ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ ამ დროს გავიარე ადაპტაცია ევროპულ ფეხბურთთან. რა თქმა უნდა, იყო მომენტები, როდესაც მსურდა ვინმესთან საუბარი. ასეთ დროს, ყოველთვის მივმართავდი მამას, რომელიც არის ჩემი აგენტი და საუკეთესო მეგობარი.
- გარდა ოჯახისა, განსაკუთრებით ვის უხარია თქვენი საფეხბურთო წარმატებები?
- ცელსო როსტს. იგი არის “სანტოსის” მწვრთნელი, რომელმაც საკუთარი თავის წარმოჩენის პირველი შანსი მომცა.
- გენატრებათ ბრაზილია და გერმანია?
- ბრაზილია ძალიან მენატრება, მაგრამ საბედნიეროდ, აქაურობას უკვე შევეგუე და ბედნიერი ვარ. არდადეგების დროს შემიძლია სამშობლოში დაბრუნება, სადაც დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. კარგი მეგობრები დამრჩა გერმანიაში, რომლებთან განშორებაც ყოველთვის რთულია.
- რას გადაიტანდით ბრაზილიური კულტურიდან იტალიურში?
- ორივე კულტურა მომწონს. იტალიური კულტურა ბრაზილიაში კარგადაა განვითარებული. იქ ბევრს იტალიური ფესვები აქვს.
- ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ იტალიური ფეხბურთი ძველებური სიხშირით ვეღარ ზრდის ძლიერ მოთამაშეებს, რადგან ქუჩებში ფეხბურთს აღარ თამაშობენ. პარალელურად, ფეხბურთის თამაში ბრაზილიაში კვლავაც რჩება გართობის უპირველეს საშუალებად. ქუჩაში თამაში ეხმარება ფეხბურთელს ჩამოყალიბებაში?
- ბრაზილიაში ქუჩის ფეხბურთის ტრადიცია ყოველთვის იარსებებს. რაც უფრო მეტი ბავშვი თამაშობს, უფრო მეტია ჩემპიონების გაზრდის შანსი. ბრაზილიაში ძალიან ბევრი ოცნებობს ფეხბურთელობაზე, ზოგიერთი მათგანი კი წარმატებების მიღწევასაც ახერხებს.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა