სტატიები

17:06 | 9.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

დიდი რეფორმატორი

1999 წელს, ფიფამ მეოცე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად ჰოლანდიელი სპეციალისტი, რინუს მიხელსი აღიარა. მან მართლაც დიდი როლი შეასრულა მილიონების საყვარელი თამაშის განვითარების საქმეში. “ტოტალური ფეხბურთის” მამამთავრად მიჩნეული დამრიგებლის დაბადების დღეზე, მიხელსის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითად ეტაპებს გაგაცნობთ.  
მომავალი საფეხბურთო მწვრთნელი 1928 წლის 9 თებერვალს, ამსტერდამში დაიბადა. 1946-58 წლებში მიხელსმა ამსტერდამის “აიაქსის“ ღირსება 269 მატჩში დაიცვა და 121 გოლი გაიტანა. 1947 და 1957 წლებში მიხელსმა ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ერთ-ერთ შეხვედრაში ამსტერდამელთა ფორვარდმა მოწინააღმდეგის კარი 5-ჯერ დალაშქრა. Mმიხელსს “ნარინჯისფერთა“ ნაკრების ღირსება ხუთჯერ აქვს დაცული. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მიხელსი არმიაში გაიწვიეს, დემობილიზაციის შემდეგ კი, ფიზიკური კულტურის მასწავლებლობას მიჰყო ხელი. მოულოდნელად 1965 წელს, მიხელსს მშობლიური კლუბის, “აიაქსის“ სადავეები ჩააბარეს და მანაც მსოფლიო ფეხბურთში გადატრიალება მოახდინა.  
  რინუს მიხელსის მოღვაწეობის პირველ წლებში ბენილუქსურ სახელმწიფოში როტერდამის “ფეიენოორდი“ დომინირებდა. Uუმოკლეს დროში “აიაქსი“ არა მარტო ჰოლანდიის, არამედ პლანეტის უძლიერეს გუნდად იქცა. მართალია, ამსტერდამელთა ღირსებას ტყავის ბურთის ისეთი დიდოსტატები იცავდნენ, როგორებიც იოჰან კრუიფი, იოჰან ნეესკენსი, ჯონი რეპი, რობი რენსენბრიკი, რუდი კროლი იყვნენ, მაგრამ მათი ერთი საერთო მიზნის ირგვლივ დარაზმვა და იმ დროისთვის ნოვატორული სათამაშო სქემის შემუშავება რინუს მიხელსის დამსახურება გახლდათ. თამაშის წარმოების ახალ სტილს არამარტო შედეგი მოჰქონდა, არამედ მაყურებელსაც დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებდა. 1966, 1967, 1968 და 1970 წლებში “აიაქსელებმა“ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, რასაც სამჯერ ჰოლანდიის თასის ფინალში გამარჯვებაც (1967, 1970, 1971) მიაყოლეს. ტრიუმფმა არც საერთაშორისო სარბიელზე დაახანა. 1969 წელს “აიაქსი“, საკუთარ ისტორიაში პირველად, გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა ევროთასებზე გამობრძმედილ “მილანთან“ ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ, ლონდონის სახელგანთქმულ “უემბლის“ სტადიონზე ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა ბერძნულ “პანათინაიკოსს“ და პირველად მოიპოვა ევროპის საკლუბი ჩემპიონის ტიტული. ამ მატჩმა დიდ სიხარულთან ერთად, მიხელსს სინანულის გრძნობაც დაუტოვა. საქმე ისაა, რომ მან თავისი საყვარელი გუნდი უკანასკნელად გაწვრთნა...
1971 წლის ზაფხულიდან რინუს მიხელსი კატალონიურ “ბარსელონას“ ჩაუდგა სათავეში. 1974 წელს, მან კამპ ნოუელებს ესპანეთის უძლიერესი გუნდის წოდება მოაპოვებინა და ჰოლანდიის ნაკრების გერმანიის მუნდიალისთვის მზადება გაორმაგებული ენერგიით განაგრძო. მსოფლიოს
ჩემპიონატზე “მფრინავმა ჰოლანდიელებმა“ ნამდვილი ფურორი მოახდინეს - ფინალამდე,შვედეთის ეროვნული გუნდის გარდა, ყველა ნაკრები “გააბითურეს“. რინუს მიხელსის გუნდის დომინირება განსაკუთრებით თვალშისაცემი მსოფლიო ფეხბურთის ისეთ აღიარებულ გუნდებთან გამოჩნდა, როგორებიც არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნული გუნდები არიან. არადა, იმხანად ბრაზილიელები პლანეტის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონები იყვნენ, ხოლო გულშემატკივართა და სპეციალისტთა აღიარებით, არგენტინას უფრო ძლიერი საშემსრულებლო ანსამბლი ჰყავდა, ვიდრე 1978 წლის მუნდიალზე, როდესაც ლუის მენოტის ბიჭებმა დამსახურებულად მოიპოვეს პლანეტის უძლიერესი ნაკრების ტიტული. 1974 წლის მსოფლიო პირველობის ფინალი, ალბათ, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ოსტატური და იმავდროულად დრამატული შეხვედრა იყო. მოედნის ერთ მხარეს მდგომ იოჰან კრუიფსა და მის თანანაკრებელებს, საპირისპირო მოედანზე მყოფი ფრანც ბეკენბაუერი და მისი პარტნიორები დაუპირისპირდნენ. Eეს იყო ორი თანაბარი,  უმაღლესი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის პაექრობა. ფინალი ფინალია და მასში მხოლოდ ერთი გუნდი გამოდის გამარჯვებული. ჰელმუტ შიონის ბიჭებს მეტად გაუმართლა, თუმცა, იმ ფინალის შემდეგ აგერ უკვე 37 წელი გავიდა, მაგრამ ჰოლანდიელთა ფანები მარცხს დღემდე არ ურიგდებიან და არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რომ მათი საყვარელი ნაკრები გერმანიის მუნდიალის “უგვირგვინო“ გამარჯვებულია.
მსოფლიო პირველობის  შემდეგ რინუს მიხელსმა ერთგვარი ტაიმ-აუტი აიღო. 1986 წლამდე მან Mმხოლოდ ორი სათასო ტიტული მოიგო. 1978 წელს მან “ბარსელონას“Eესპანეთის სამეფო, ხოლო 1983 წელს “კიოლნს“ გერმანიის თასები Mმოაგებინა.ამ შუალედში კი მიხელსმა დასავლეთ ნახევარსფეროშიც მოასწრო მოღვაწეობა და ამერიკულ “ლოს ანჯელეს აცტეკს“ ედგა სათავეში.
1986 წელს, მიხელსი ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა და ნიშანდობლივია, რომ “ტიტების ქვეყანას” ყველაზე დიდი საფეხბურთო ტიტული მიხელსმა ბენილუქსელებს სწორედ გერმანიაში მოაპოვებინა. 1988 წელს მარკო ვან ბასტენმა, რუუდ გულიტმა, ფრანკ რაიკაარდმა და მათმა პარტნიორებმა 14 წლის განმავლობაში “დაგროვილი ბოღმა” მეტოქეებს თავს დაატეხეს და ბებერი კონტინენტის ჩემპიონის წოდება დაიმსახურეს. ნახევარფინალში მათ ტურნირის მასპინძელ გერმანიას, ხოლო გადამწყვეტ მატჩში ვალერი ლობანოვსკის დამოძღვრილ საბჭოთა ნაკრებს
დამაჯერებლად სძლიეს.მიხელსის სამწვრთნელო “გედის სიმღერა” შვედეთში ჩატარებული ევროპის პირველობა გამოდგა. ჰოლანდიელებმა ნახევარფინალში, პენალტების სერიაში, სენსაციური მარცხი იწვნიეს დანიასთან. თუმცა დისკვალიფიცირებულ იუგოსლავიელთანაცვლად ტურნირში ჩართულ “მეზღაპრეთა ქვეყნის“ ნაკრების ტრიუმფის შემდეგ, რინუს მიხელსის ბიჭების ნახევარფინალურ ფიასკოს, შემთხვევითობას უკვე ნაკლებად მიაწერდნენ...
2005 წლის 3 მარტს, რინუს მიხელს ბელგიის ქალაქ აალსტში გულის რთული ოპერაცია ჩაუტარეს, ორგანიზმმა ქირურგიული ჩარევა ვერ გადაიტანა და ლეგენდარული მწვრთნელი ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
 

გოჩა კაჭარავა

0.123914