ფეხბურთი

10:49 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიდი მატჩის წინ: გატეხავს "რეალი" ნავსს?

 

"ბაიერნი" და "რეალი" ბოლო 14 წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე მეთექვსმეტედ შეხვდებიან ერთმანეთს. ასეთი "დაძმობილება" ევროთასებზე მართლაც საინტერესოა. ეყოფა "სამეფო კლუბს" შინ მოგებული 1:0? ამას პასუხი "ალიანს არენაზე" გაეცემა.

კარლო ანჩელოტი ("რეალის" მწვრთნელი): "ფინალში გასვლა იმ შემთხვევაშიც შეგვიძლია, თუ გოლს ვერ გავიტანთ. თუმცა, ჩვენ მხოლოდ დაცვაზე არ ვფიქრობთ, შეტევას ვაპირებთ. ბოლო პერიოდში ბევი გოლი გაგვაქვს და არ მინდა, რომ ტრადიცია შეწყდეს. ვეცდებით, ინიციატივა მოვიპოვოთ. ტაქტიკა? ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ხშირად შეიძლება ვცვალოთ".

ანჩელოტიმ ასევე აღნიშნა, რომ "ალიანს არენასთან" კარგი მოგონებები აკავშირებს: როცა "მილანს" წვრთნიდა, მისმა გუნდმა ორჯერ იმარჯვა მიუნხენში. ბევრი ამბობს, რომ ანჩელოტი გერმანელებთან მოგებების სპეციალისტია, თუმცა ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონასაც" დადებითი ბალანსი ჰქონდა "რეალთან" – 14 მატჩი, 6 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება.  

პეპ გვარდიოლა ("ბაიერნის" მწვრთნელი): "ვერ წარმომიდგენია, რომ ანჩელოტიმ მიუნხენში მხოლოდ დაცვაზე ააწყოს თამაში. "რეალი" სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ბურთის დაკარგვის შემთხვევაში. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის დააყენებს ანჩელოტი ძირითადში. მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ფილიპ ლამის პოზიცია? მას მეკარის გარდა, ყველგან შეუძლია თამაში. მშვენივრად ითამაშა მადრიდში და ასევე, "ვერდერთან" გამართულ მატჩში".

არიენ რობენი: "ყველას გაგვიკვირდა, როცა "რეალმა" შინ დაცვითი ტაქტიკა აირჩია. ამ ტაქტიკამ გაუმართლათ და 1:0 მოგვიგეს, რამაც მათ თავდაჯერება შემატა, მაგრამ იციან, რომ მიუნხენში უფრო რთული მატჩი ელით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ფინალში გავიდეთ. კარგი წინათგრძნობა მაქვს".       

გარეთ ბეილი: "დავიდ ალაბას წინააღმდეგ? ის სწრაფი და ძლიერი ფეხბურთელია, ასე რომ, ნამდვილი ომი გვექნება. "რეალი" ბრწყინვალე ფორმაშია, გუნდში დიდებული ატმოსფეროა და ეჭვი არ გვეპარება, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. "რეალი" არაა ის გუნდი, რომელიც მოედანზე მხოლოდ თავის დასაცავად გადის".  

"ბაიერნი"-"რეალს" პორტუგალიელი პედრო პროენსა იმსაჯებს.      

რაც ჩემპიონთა ლიგა შეიქმნა, უშუალოდ პლეი ოფში "რეალმა" 3-ჯერ გამოთიშა "ბაიერნი" და ასევე, 3-ჯერ გავარდა. თუმცა, საერთო ჯამში, "ბაიერნს" ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა. 8-ჯერ გერმანელებმა მოიგეს, 6-ჯერ ესპანელებმა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება: 23:20 მიუნხენელთა სასარგებლოდ. 

"რეალმა" მიმდინარე ლიგაზე 33 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია. ამ 33-იდან 14 კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა. და მთავარიც: 2002 წლიდან მოყოლებული, "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში არასოდეს უთამაშია. გატყდება ნავსი? დიდწილად ეს დამოკიდებულია იმაზე, გაიტანს თუ ვერა "სამეფო კლუბი" გოლს – ამ შემთხვევაში "ბაიერნს" სამის გატანა დასჭირდება, ეს კი ძალიან ძნელი იქნება.   

0.134047