კალათბურთი

21:35 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ბრიტანეთი 73:60 დავამარცხეთ

დასრულდა კალათბურთში თბილისის საერთაშორისო ტურნირის ბოლოსწინა ტური. მეორე ტურის მეორე, ბოლო შეხვედრაში საქართველომ დიდი ბრიტანეთის ნაკრებს უმასპინძლა, 73:60 დაამარცხა, ბელარუსთან ერთად 6 ქულა დააგროვა და ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ტურნირის ლიდერია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს გუნდები ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან, ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა, რომელიც ხვალ, 4 აგვისტოს ჩატარდება.

შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. პირველმა ტაიმმა ქართველების უპირატესობით ჩაიარა, რომლებმაც დიდი ანგარიშით 34:21 შეძლეს მეტოქის დამარცხება. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა, რადგან მცირე ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ სანიკიძე გამოაკლდა და მისი თამაშში ჩართვისაგან მწვრთნელებმა თავი შეიკავეს. ამით ისარგებლეს ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებმა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, ბოლო წუთებში ქართველი კალათბურთელები უკეთ გამოიყურებოდნენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ შეძლეს მეტოქის დამარცხება და ისინი ბელარუსთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები ინგლისელთა ცენტრალური თავდამსხმელი დანიელ კლარკი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იყვნენ, რომელთაც 20-20 ქულა მიითვალეს. ფაჩულიამ თავის შედეგს 10 მოხსნაც შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

დავით უსტიაშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის თანაშემწე): “ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მეორე კი სუსტად ჩავატარეთ. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ სანიკიძემ ხელის ტრავმა მიიღო და მისი თამაშში ჩართვისაგან თავი შევიკავეთ, რათა ტრავმა უფრო არ გაღიზიანებოდა. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი შეხვედრაა, რომელიც 10 აგვისტოს ჩატარდება და ამ დღეს ჩვენს უშუალო კონკურენტ ჩეხეთს უნდა ვუმასპინძლოთ. თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა იმ ფაქტმაც, რომ ნაკრებს სამი წამყვანი კალათბურთელი: მანუჩარ მარკოიშვილი, რიკი ჰიკმანი და გიორგი შერმადინი ვერ ეხმარება. მათგან შესარჩევ ტურნირში მარკოიშვილისა და ჰიკმანის თამაში გამორიცხულია, ხოლო შერმადინი მალე შემოგვიერთდება”.

ზაზა ფაჩულია (“საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი, გუნდის კაპიტანი): “ვეთანხმები ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს, რომ ორი განსხვავებული ტაიმი იყო. ვეცდებით, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს მომზადებული შევხვდეთ. ტურნირის დაწყებამდე ჯერ კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს დრო კარგად გამოვიყენოთ”.

ჯო პრანტი (დიდი ბრიტანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გუშინდელთან შედარებით, დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდით, მაგრამ მოდნომება და შესაძლებლობები ბოლომდე არ გვეყო, რომ ეს თამაში მოგვეგო. განსაკუთრებით დაცვაში გარჯით ვარ კმაყოფილი, მაგრამ თავდასხმაში თამაში არ გამოგვივიდა”.

დანიელ კლარკი (დიდი ბრიტანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი): “ვეთანხმები ჩვენს მთავარ მწვრთელს, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უფრო კარგად ვითამაშეთ. მაგრამ მეტოქემ ბევრად უკეთ ითამაშა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა”.

ხვალ, ოთხთა ტურნირის ბოლო ტურში 15:30 საათზე დიდი ბრიტანეთი მოლდოვას შეხვდება, ხოლო 18 საათზე ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან, სადაც ტურნირის გამარჯვებულისა და მთავარი პრიზის მფლობელის ვინაობა გაირკვევა.

0.218043