ჩოგბურთი

12:59 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დიდების დარბაზის” ახალი წევრები

 ჩოგბურთის “დიდების დარბაზი”, მოგეხსენებათ, ამერიკის ქალაქ ნიუპორტშია და მისი წევრების რაოდენობა ხუთით გაიზარდა. ნებისმიერი მოთამაშისთვის პრესტიჟულ გალერეაში ამიერიდან კიდევ 5 ჩოგბურთელი – იონ ცირიაკი, კლიფ დრისდეილი, ჩარლი პასარელი, მარტინა ჰინგისი, ტელმა კოინ ლონგი – გაწევრიანდა.

72 წლის დრისდეილს წყვილთა შორის ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობა აქვს მოგებული, თავის დროზე რეიტინგსიის მეოთხე ნომერი გახლდათ და АТР tour-ის პირველი პრეზიდენტიც იყო. 69 წლის პასარელი ინდიან უელსის “მასტერზ 1000”-ის ერთ-ერთი ორგანიზატორია, დევისის თასიც მოუგია, 1967 წელს კი აშშ-ის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელეს. 74 წლის ცირიაკის აქტივში საფრანგეთია ღია პირველობაზე წყვილთა შორის მოპოვებული საჩემპიონო ტიტულია, ამასთან რუმინელი რომისა და მადრიდის “მასტერზ 1000”-ზე დირექტორის მოვალეობასაც წარმატებით ასრულებდა.

მარტინა ჰინგისს რაც შეეხება, შვეიცარიელს 5 სადიდსლემო ტურნირზე უმარჯვია ერთეულთა თანრიგში, წყვილთა შორის 9-ჯერ და მსოფლიოს რეიტინგსიასაც ლიდერობდა.

აღიარებულთაგან ყველაზე ხანდაზმული 94 წლის კოინ ლონგია. მხცოვან ჩოგბურთელს 1952 და 1954 წლებში ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთეულთა შორის ბადალი არ ჰყავდა, წყვილთა შორის კი მელბურნში 12-ჯერ უმარჯვია. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ტელმა კოინ ლონგმა აშშ-ში ჩასვლა ვერ მოახერხა და მის ნაცვლად შესაბამისი დიპლომი ლეგენდარულმა ავსტრალიელმა როდ ლეივერმა ჩაიბარა.

0.117259