ინტერვიუები

15:59 | 27.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალე: “სკუდეტო” “იუვენტუსის” გახდება”

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “უდინეზეს” ვეტერანმა ფორვარდმა ანტონიო დი ნატალემ, La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტს ტოსკანაში, საკუთარ სახლში უმასპინძლა და მას განვლილი ევროპის ჩემპიონატის შთაბეჭდილებები გაუზიარა.
34 წლის ფეხბურთელმა შვებულება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარა: მეუღლე ილენა, ბავშვები ფილიპო და დილეტა, ერთგული მეგობრები. ტელევიზორებით გადაჭედილ, აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით გაწყობის არცთუ დიდ ვილაში გატარებული დასვენების შემდეგ, დი ნატალე საკუთარ კლუბს დაუბრუნდა, რომლის პრეზიდენტსაც განსაკუთრებით ემადლიერება.
- როგორი მოგონებები დაგიტოვათ განვლილმა ევროპის ჩემპიონატმა?
- უამრავი სასიამოვნო მოგონება დამრჩა. უწინარესად ის, რომ ესპანეთის ნაკრების კარში გოლი გავიტანე (ჯგუფურ ეტაპზე - 1:1). ეს იყო ერთგვარი რევანში 2008 წლის პენალტისთვის (მეოთხედფინალში იტალია ესპანეთთან მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებში დამარცხდა და დი ნატალის დარტყმა იკერ კასილასმა მოიგერია). კასილასს ვუთხარი: ჩვენ გავთანაბრდით და მას სიცილი აუტყდა. ის დიდებული მეკარეა. მოსაგონარი მართლაც ბევრია. საოცარ გუნდში თამაშით დიდი სიამოვნება და გამოცდილება მივიღე. ახლა პლატინის ჩემი მაისური აქვს, ბირჰოფი ჩვენთან გასახდელში მოვიდა და გვაქო, ნაპოლიტანომ და მონტიმ ჩვენი მისამართით თბილი სიტყვები თქვეს, “უდინეზედან” პირადად ჩემი მეგობრები კი, მუდამ გვერდში მედგნენ.
- ფინალში დაშვებული შეცდომა თქვენზე არ მოქმედებს? მას შემდეგ თქვენზე ამბობენ, რომ მხოლოდ “უდინეზეში” ჩატარებული მატჩის ბედის გადაწყვეტა შეგიძლიათ.
- ეს ერთგვარი კომპლიმენტიცაა. ბოლო დროს “უდინეზე” მეოთხე-მესამე ადგილებს იკავებს, რაც შეეხება იმ დარტყმას ის პირველი შეხებით შევასრულე და ყოჩაღ კასილასს, აიღო. ყველაფერი წამის მეასედში ხდება და იმისათვის რომ სხვები განსაჯო, თავად უნდა თამაშობდე ფეხბურთს.
- ახლა ცივი გინებით საუბარი შეიძლება. ესპანელები დაუმარცხებლები არიან?
- ვფიქრობ, მათთან ჩატარებული პირველი შეხვედრა, ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო. ესპანეთი მართლა სხვა პლანეტიდანაა და კულტურის თვალსაზრისით გვჯობნიან. გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდები, რომლებიც თამაშით სიამოვნებას იღებენ, ინიესტა კი, უბრალოდ შეუდარებელია. ფინალურ მატჩს გადაღლილები შევხვდით, გვყავდა ტრავმირებულები...
- პირლო უძლებს ინიესტასთან კონკურენციას?
- პირლო პლანეტის ხუთ საუკეთესო მოთამაშის შორისაა და ძალიან ბევრს, ერთი თავით სჯობნის. სწორედ მასზეა აწყობილი იტალიის ნაკრების თამაში. ვფიქრობ, მას შეუძლია 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება. ის ბუფონივითაა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა.
- ბალოტელი?
- პოტენციალურად ძალიან ძლიერია. მას ძალა აქვს, დიდებულად ურტყამს მარჯვენა ფეხით. ახლა უნდა ისწავლოს თანაგუნდელებზე თამაში და უბურთოდ გარკვეული მოძრაობები აითვისოს. თუ ის ზუსტად გაიგებს რა ესაჭიროება, “ოქროს ბურთამდე” “გაქაჩავს”. მარიოს თავში მხოლოდ გოლის გატანა უტრიალებს.
- თქვენი ბიჭი ახლა “სუპერ მარიოს” ფანია?
- დიახ, მან ბალოტელის მაისური თხოვა, ტელეფონზე ესაუბრება. ახლა ისეთივე თმის ვარცხნილობა უნდა, როგორიც მას აქვს, რასაც მე ვეწინააღმდეგები.
- კასანო?
- გერმანიასთან მან დიდებულად ითამაშა. ახლა ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოცნებობს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ სტაბილურად ითამაშოს.
- ამ ნაკრებს მომავალი თუ აქვს? იქნებ მეორე ადგილი უბრალოდ საოცრება იყო და მეტი არაფერი?
- საოცრებებს მხოლოდ იესო ახდენდა. ჩვენს ნაკრებს აქვს მომავალი, რადგან ის თამაშობს. მომავლის ნაკრებში ორი გვარი გაიბრწინებს: დესტრო, ძალიან ძლიერი მოთამაშე და ჯოვინკო, რომელსაც აქვს კლასი და “იუვენტუსში” მას ამ კლასის წარმოჩინება შეუძლია. მას ძალიან უჭირდა, რადგამ ევროპის ჩემპიონატზე მოედანზე ძალიან ცოტა დროს ატარებდა, მაგრამ მე ავუხსენი, რომ მომავალი მისია. აუცილებლად დავაკვირდები ინსინის, ჩემის აზრით, კარგი ფეხბურთელი დადგება.
- ყველაზე ყურადღების მიქცევა ისწავლეთ?
- ეს “ემპოლიში” ვისწავლე - მუდამ უნდა უსმინო და პატივი სცე შენზე ძლიერებს და უფროსებს. ახალგაზრდებს მუდამ ვახსენებ რინო გატუზოს სიტყვებს: არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ უკვე ყველაფერს მიაღწიე.
- პრანდელი თქვენი მადლობელი იყო?
- მან მე შესაძლებლობა მომცა და თავი საჭიროდ მაგრძნობინა. ის ძალიან კარგი ადამიანია, კი არ ყვირის, გიხსნის. ზუსტად იცის რა უნდა, გამშვიდებს და უწინარეს ადგილზე ადამიანურ ფაქტორებს აყენებს.
- თქვენ გაგიმართლათ, ასეთი სეზონი გვიდოლინიდან პრანდელამდე...
- სინიორ გვიდოლინის ვუთხარი, რომ ჩემს წარმატებაში მისი და თანაგუნდელების როლი ძალიან დიდი იყო. 22-ში ვარჯიში ტოსკანაში დავიწყე, ხოლო 27-ში შვებულება მიმთავრდება და გუნდს შევუერთდები. მინდა 21 აგვისტოს სრულ მზადყოფნაში ვიყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგა იწყება. ამ დროისთვის ყველა ფეხბურთელი უკვე ადგილზე იქნება.
- გულშემატკივრები გაღიზიანებული არიან.
- ყველამ სიმშვივდე უნდა შეინარჩუნოს. პოცოს ოჯახმა იცის, რასაც აკეთებს. ვიღაც გაყიდეს, მაგრამ იციან ის როგორ შეცვალონ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ყველას უნდა ესმოდეს, რომ, უდინეში, მოთამაშე 2-3 წელიწადს გაატარებს და მერე უნდა წავიდეს. ჩვენ დავკარგეთ ასამოა, ისლა და ჰანდანოვიჩი, მაგრამ ბრკიჩი, მიურიელი, ბადუ და ახალბედები, ძლიერები არიან.
- მიურიელისგან დიდ გარღვევას ელიან.
- მას აქვს დონე, მაგრამ მეორე წელი მუდამ პირველზე რთულია. თუ ის ამ კონცეპციას დაიჭერს, ახალ სანჩესად იქცევა.
- “უდინეზეს” შეუძლია ევროთასებზე წარმატების მიღწევა?
- ვფიქრობ, კი და მინდა ამის ნაწილად ყოფნა. “არსენალთან” თამაშისას ეს თითქმის გამომივიდა. ვიცი, ფორმა როგორ შევინარჩუნო, მაგრამ რაღა თქმა უნდა, 50 თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩავატარებ.
- პოცოსი გწამთ?
- აბსოლუტურად. პრეზიდენტმა უდიდესი საჩუქარი გამიკეთა, როდესაც თვითმფრინავი გამომიყო, რათა ოჯახი ევროპის ჩემპიონატზე წამეყვანა. ეს კარგი ჟესტი იყო მისი მხრიდან, ისევე, როგორც კონტრაქტის გახანგრძლივება 2014 წლამდე. მეც გავაგრძელებ მასთან მუშაობას - მასთან და საფეხბურთო სკოლასთან: აი ნახავთ, “უდინეზეს” ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებს აღვუზრდით.
- მერე?
- შემდგომში საკუთარ თავს მმართველად ვხედავ. კარნევალესგან ვსწავლობ. მომწონს მოთამაშეებთან მოლაპარაკების წარმოება. მწვრთნელად მუშაობა რთულია, ბევრი უნდა ითმინო.
- ვინ მოიპოვებს “სკუდეტოს?
- “იუვენტუსი”. ასამოასა და ისლასთან ერთად, ის კიდევ უფრო გაძლიერდა.
- საუკეთესო ბომბარდირი ვინ გახდება?
- მოხარული ვიქნები, თუ “უდინეზეში” გატანილ გოლთა რაოდენობას 150-მდე გავზრდი (ამჟამად დი ნატალეს ანგარიშზე 135 გოლია). მერე ზეიმს მოვაწყობ. ყველაზე ძლიერი ალბათ მილიტოა. ვაღმერთებ მის მოძრაობებს, ნამდვილი ცენტრფორვარდია.

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

0.160353