ფეხბურთი

16:48 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ტურინში: “არწივების” მერვე ცდა

 

1961 და 1962 წლებში ლისაბონის ”ბენფიკამ” ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთას თასი. მწვრთნელ ბელა გუტმანს ბრწყინვალე გუნდი ჰყავდა ეუსებიოს მეთაურობით, თუმცა 1962 წელს გუნდიდან გაუშვეს და 3 წლის შემდეგ დააბრუნეს. ერთი წელი იმუშავა “ბენფიკაში” და ისევ გაუშვეს... მან ხელფასის გაზრდა მოითხოვა, კლუბმა უარი უთხრა და გაბრაზებული გუტმანი ამ სიტყვებით დაემშვიდობა ლისაბონს: 

“უჩემოდ, ”ბენფიკა” 100 წლის განმავლობაში ვერ მოიგებს ევროპულ ტიტულს”.

გადიოდა წლები, “ბენფიკა”გადიოდა ფინალებში, მაგრამ მუდმივად აგებდა. გუტმანის შემდეგ, ”არწივებს” ევროტიტული აღარ მოუგიათ – 7 ფინალი წააგეს. თან,უმეტესად ერთი ბურთის სხვაობით, ან პენალტებით მარცხდებოდნენ...  გავიხსენოთ შარშანდელი ევროპის ლიგის ფინალი, როცა “ჩელსის” ხვდებოდნენ, 1:1 იყო და ბოლო წუთებზე ივანოვიჩმა თავით გაუტანა. ეგებ, მერვე ცდაზე?

“სევილია” კი, პირიქით, ორჯერ გასულა ევროტურნირების ფინალში და ორივეჯერ მოუგია: ზედიზედ, 2006 და 2007 წლებში. პირველად “მიდლსბროს” 4:0 სძლიეს, ხოლო მომდევნო წელს “ესპანიოლთან” 2:2-ის შემდეგ, პენალტების სერიაში იმარჯვეს. 

“სევილია” მეხუთე ადგილზეა ესპანურ პრიმერაში, “ბენფიკა” კი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ლისაბონელებმა ნახევარფინალში გამოთიშეს ევროპის ლიგის ფავორიტი “იუვენტუსი” (2:1, 0:0), ხოლო ანდალუსიელებმა “ვალენსიას” ბარიერი სტუმრად მეტი გატანილი გოლის წყალობით გადალახეს: უნაი ემერის გუნდმა შინ 2:0 იმარჯვა, გასვლაზე 0:3-ს აგებდა და მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე სენეგალელმა მბიამ თავურით გაიყვანა გუნდი ფინალში.

ორივე გუნდი აგრესიულ, სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. “სევილიას” ეს განსაკუთრებით ეტყობა საშინაო შეხვედრებში, სტუმრად კი ისე მწვავედ ვერ ირჯება. მათი საუკეთესო ფეხბურთელი ხორვატი ივან რაკიტიჩია, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. დიდწილად სწორედ ხორვატზეა დამოკიდებული, რამდენად მოიპოვებს ცენტრში უპირატესობას “სევილია”.     

უნაი ემერი: “ლისაბონელებს ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ და მათი თამაშის ყურება სიამოვნებაა. მომწონს, როგორ თამაშობენ დაცვაში. “სევილიამ” ძველი წარმატებები უნდა დაივიწყოს და მობილიზებული უნდა შეხვდეს ფინალს. დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის მოუგო ფინალამდე. ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ბოლო მატჩს ვატარებთ”.

ჟორჟე ჟესუსი: ”არ ვაპირებ წყევლაზე და ამდაგვარ რამეზე საუბარს. ფეხბურთელთა უმეტესობას სულაც არ აინტერესებს ეს სტატისტიკა. მერე რა, რომ აქამდე ფინალებს ვაგებდით? ეს ერთის მხრივ კარგიც შეიძლება იყოს, რადგან უფრო მოტივირებულს გხდის. ჩვენ შარშანდელზე კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “სევილიას” უნდა ეშინოდეს. მოკლედ, ფავორიტი არ არსებობს”.

აი, რას ამბობენ ციფრები:  

“ბენფიკა” და “სევილია” აქამდე მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ევროტურნირებზე: 1957/1958 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასზე ესპანურმა კლუბმა მეოთხედფინალში გამოთიშა ლისაბონელები – 3:1, 0:0.  

“სევილიას” 16 მატჩი ჩაუტარებია პორტუგალიის გუნდებთან: 8 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება. “ბენფიკას” კი 22-ჯერ უთამაშია ესპანურ გუნდებთან: 5 მოგება, 7 ფრე,10 მარცხი.

დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ ხაირო (“სევილია”), ენცო პერესი, ლაზარ მარკოვიჩი, ედუარდო სალვიო (“ბენფიკა”).

 

სავარაუდო შემადგენლობები:

სევილია: ბეტუ – კოკე, პარეხა, ფასიო, ნავარო – კარისო, მბია, იბორა, რეიესი – რაკიტიჩი - ბაკა.    

მწვრთნელი: უნაი ემერი

ბენფიკა: ობლაკი – მაქსი პერეირა, ლუიზაო, გარაი, სიკუერა – ფეისა, ამორიმი, გაიტანი, სულეიმანი – როდრიგო, ლიმა.

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)  

0.114375