დღეიდან 20 მაისის ჩათვლით მოსკოვის ოლიმპიურ კომპლექს “ლუჟნიკში”, სამბოში ევროპის 2012 წლის ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან. კონტინენტის პირველობა პირველად 20 წლის წინ, 1992 წელს სწორედ მოსკოვში ჩატარდა. მას შემდეგ რუსეთის დედაქალაქმა ტურნირს ერთხელაც უმასპინძლა – 2005 წელს.
წლევანდელი ჩემპიონატი წინამორბედებზე წარმომადგენლობითი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, საქმეში 33 ქვეყნის ნაკრების 450-მდე სპორტსმენი ჩაერთვება. მათ შორის 12 ქართველიც იქნება. მამაკაცებში საქართველოს ნაკრები სრული, 9-კაციანი შემადგენლობით იჭიდავებს, ქალებში კი ჩოხას 3 ქართველი მოირგებს.
დღეს ევრომედლები მამაკაცთა 52, 68 და 90 და ქალთა 48, 60 და 72 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გენადი ჩირგაძე (52 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), დავით კარბელაშვილი (90 კგ) და ნინო ოძელაშვილი (72 კგ) გავლენ. 19 მაისს უშანგი კუზანაშვილი (57 კგ), ბექა ბერულავა (74 კგ) და მირიან პავლიაშვილი (100 კგ), შორენა შარაძე (64 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) იჭიდავებენ. ევროპირველობის დასკვნით დღეს კი – დავით ასუმბანი (62 კგ), გიორგი ბაინდურაშვილი (82 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ).
ევროპის ჩემპიონატს წინ მოსკოვში ევროპის სამბოს ფედერაციის საანგარიშო საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელზეც მთავარი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. დელეგატებმა ნდობა კვლავ სერგეი ელისეევს გამოუცხადეს. ეს უკანასკნელი ევროპულ სამბოს სათავეში 2004 წლიდან უდგას და ყრილობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, უფლებამოსილება 2016 წლამდე გაუგრძელდა.
ოთარ მაღლაკელიძე