Euro 2016

10:13 | 12.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

დღეს 00 საათზე

დღეს 00 საათზე ვასკო და გამას მონიშნულ ალაგას დიდი ამბავი იქნება. დიდი და ფიქრის გამჩენი ამბავი! გაუტეხელი ხორვატები თუ საკუთარი კედლებით წელგამაგრებული მოუხელთებელი ბიჭები? მონდომება თუ ძალმოსილება? გამარჯვების წყურვილი თუ გენიალურობა? დღეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი საკადრისი და შესანიშნავი მატჩით – ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებთა შეხვედრით იხსნება!

წლების წინ ლეგენდარულ ვისენტე ფეოლას თავისი ფეხბურთელებისთვის უთქვამს, ტყუილად ქილიკობთ ევროპის პატარა ქვეყნებზე, რადგან მოვა დრო და მათთან თამაში ჩვენთვის ადვილი აღარ იქნებაო. ფეოლას ეს წინასწარმეტყველება რა თქმა უნდა, შამანობითა და მჩხიბავობით არ იყო ნაკარნახები და მას უკან გამოცდილება და საქმეში ჩახედულობა ედგა, მაგრამ დიდი ფეოლა ევროპის პატარა ქვეყნებში მაშინ სულაც არ გულისხმობდა მრავლატანჯულ ხორვატიას, რადგან ეს პატარა და ლამაზი ქვეყანა ევროპის რუკაზე არ არსებობდა და სტალინის მანიაკალური სურვილებით შექმნილ იუგოსლავიის იმპერიაში იყო ძალით შეტენილი.   

ამის შემდეგ წლები გავიდა და ხორვატია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა კი წარმატებული თამაში თითქმის დაარსების დღიდანვე დაიწყო და ეს მშვენიერი ტენდენცია დღემდე გრძერლდება. ჩვენში ყოველთვის ძალიან პოპულარული თემა იყო ხორვატიასა და საქართველოს შორის პარალელების გავლება. ჩვენ ხომ თითქმის ერთნაირად რთული და ეკლიანი გზა გამოვიარეთ სანამ დამოუკიდებელი ქვეყნები გვერქმეოდა და ხორვატიის ნაკრების წარმატებები ბევრ ჩვენებურს უნერგავდა იმედს, რომ დადგებოდა დრო, როცა საქართველოც ხორვატების გზას დაადგებოდა. ახლა ოცნებები ცოტათი მიგვენავლა, მაგრამ დღეს როდესაც ხორვატიის ნაკრები მინდორზე გავა, მას საქართველოში შეიძლება ბრაზილიაზე მეტი ქომაგი აღმოაჩნდეს (დიდი გუნდების ბედი ხომ ასეთია – მათ მარტო საკუთარი ქომაგები გულშემატკივრობენ. დანარჩენები კი ნებისმიერ სხვა გუნდისკენ არიან გრანდის წინააღმდეგ ვინც ითამაშებს) და ეს ”აღმოჩენა” თვითონ გულშემატკივრებსაც გაუკვირდეთ.

ბრაზილიაში ერთი კაცი ცხოვრობს. სახელად ლუის მარია ფერეირა ჰქვია. ეს კაცი ადრე სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა ბრაზილიის გაზეთებში და თავისი ხელობის ხალხში სახელიც კარგი ჰქონდა. ახლა ეს ჩვენი ლუის მარია ფერეირა პენსიაშია გასული და ათასში ერთხელ გაზეთებს სხვადასხვა მატჩებზე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და პროგნოზებს უგზავნის. როგორც ბრაზილიაში ამბობენ, ამ კაცის პროგნოზები იშვიათი სიზუსტით მართლდება და რა გასაკვირია, რომ მას ბრაზილია-ხორვატიის მატჩის შესახებაც დაეკითხნენ.

ბრაზილიაში ბრაზილიის ნაკრებზე აუგის თქმა დაახლოებით იმის ტოლფასია, ირანში აიათოლა ჰომეინი რომ მოიხსენიო ცუდად. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ლუის მარიას სჯერა საკუთარი ავტორიტეტის წყაულგაუვალობისა და დაწერა, რომ ბრაზილია-ხორვატიის თამაშში თუკი ბრაზილიის ნაკრები ვერ გაიმარჯვებს, ეს დიდ ტრაგედიად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან პირველი მატჩია, ხორვატია ძალიან ძლიერი გუნდია და ბრაზილია ასეც და ისეც, მერვედფინალში მაინც გავაო.

ამ ნათქვამს ბრაზილიაში დიდი სიხარულით რა თქმა უნდა, არავინ შეხვედრია, რადგან ამ ქვეყანაში ხალხი ნაკრებისგან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას და თან უბრალოდ გამარჯვებას კი არა, ღირსეულად, სათანადო სტილში გამარჯვებას ითხოვს. ბრაზილიელები ასეთი ხალხია და ასე უცხოვრიათ. მათ უამრავი პრობლემები და დიდი ბრძოლები გამოიარეს და იციან, რომ დამარცხების იქით არაფერია! მაგრამ სადაც ბრძოლაა, იქ ხორვატიაც არ უნდა დაგვავიწყდეს!

0.114869