გლაზგოს ”რეინჯერსთან” კონტრაქტის კიდევ ერთხელ გახანგრძლივების შემდეგ, დევიდ უეირს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის ყველაზე ხნიერ მინდვრის მოთამაშედ გახდომის შანსი გაუჩნდა. ცნობილი ნიდერლანდელი კიპერი ედვინ ვან დერ სარი მაისში ლიგის ფინალების ყველაზე ხნიერი მონაწილე გახდა. მან აქტიური საფეხბურთო კარიერა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში ”ბარსელონასთან” (1:3) წაგების შემდეგ, 40 წლისა და 211 დღის ასაკში დაასრულა. თუმცა, ”მანჩესტერის” ლეგენდარული მეკარეც არაა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ხნიერთა ლიდერი. ამ მაჩვენებლით, ჰოლანდიელი მე-3 ადგილს უეირს ეზიარება, რომელსაც თურქულ ”ბურსასფორთან” თამაშის დღეს, მის მსგავსად, 40 წელი და 211 დღე შეუსრულდა.
თუ შოტლანდიური გუნდი მიმდინარე ევროსეზონში ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწევს და დევიდ უეირი პირველივე ტურში (13 ან 14 სექტემბერი) ითამაშებს ”რეინჯერსის” მაისურით, ვან დერ სარი მე-4 საფეხურზე დაეშვება. თავად ბრიტანელი კი, იტალიელ კოსტაკურტას გაუსწრებს და მინდვრის მოთამაშეთა შორის, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ხნიერი მონაწილე გახდება.
გთავაზობთ უეფას ვებგვერდის მიერ მომზადებულ მასალას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირებზე მონაწილეთა მოწინავე ხუთეულზე მოგვითხრობს. მათ ყველას ერთი კრიტერიუმი აერთიანებთ - ასაკი.
მარკო ბალოტა
43 წელი და 253 დღე
”რეალი” (მადრიდი) - ”ლაციო” (რომა), 11.12.2007
”ლაციო” გახდა მე-9 და ბოლო პროფესიული კლუბი ”ბოლონიას” აღზრდილის კარიერაში. ”სიყმაწვილეში ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ბევრი უნდა მემუშავა, რათა ოსტატობაში მომემატებინა. ახლა, როცა ამ ხნის და კიდევ ფეხბურთში ვარ, საკუთარ თავს თავად ვაძალებ, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო. არავითარი განსაკუთრებული საიდუმლო არ არსებობს, საჭიროა მხოლოდ მოტივაციის შენარჩუნება და რაც ყველაზე მთავარია - ვარჯიშისა და თამაშისგან ძველებურ სიამოვნებას უნდა იღებდე”, - ასეთი კომენტარი გაუკეთა საკუთარ სპორტულ დღეგრძელობას სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ხნიერმა ფეხბურთელმა.
იტალიურ კლუბებში 546 მატჩის ჩამტარებელი კიპერი მარკო ბალოტა დიდ ფეხბურთს 2008 წლის ზაფხულში გამოეთხოვა, მაგრამ უკვე მორიგ სეზონში სამოყვარულო გუნდ ”კალჩარა სამოჯაში” თავდამსხმელის ამპლუაში გამოჩნდა. ”არასოდეს გამიტანია გოლი და ძალიან არ მყოფნიდა ეს შეგრძნება”, - ასე ხსნიდა ამპლუის მოულოდნელ ცვლილებას ბალოტა.
ალესანდრო კოსტაკურტა
40 წელი და 213 დღე
აეკ (ათენი) - ”მილანი” 21.11.2006
თანაგუნდელ მაურო ტასოტის, ფრანკო ბარეზისა და პაოლო მალდინისთან ერთად, კოსტაკურტამ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო დაცვითი ხაზი შექმნა. გოლის ძალზე იშვიათად გამტანი იტალიელის ანგარიშზეა ყველაზე ”ხნიერი” გოლი სერია A-ს ისტორიაში. ეს აღსანიშნავი მომენტი 2007 წელს მოხდა, როცა ”მილანმა” ”უდინეზესთან” 2:3 წააგო.
კოსტაკურტას საფეხბურთო მონაგარს ანალოგი თითქმის არ გააჩნია და კაცი ”პირღია” თუ წაიკითხავ: მე-3 ადგილი ”მილანში” გამართული მატჩების მიხედვით - 458 სერია A-ში, 660 ყველა ტურნირში, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და 23 ტიტულის მფლობელი! მათ შორისაა 7 სკუდეტო და 5 ჩემპიონთა თასი. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, კოსტაკურტა იტალიაში პოპულარული ტელეკომენტატორი გახდა.
ედვინ ვან დერ სარი
40 წელი და 211 დღე
”ბარსელონა” - ”მანჩესტერ იუნაიტედი”, 28.05.2011
მას კარიერის მაჟორულ ნოტზე დასრულება არ გამოუვიდა, რადგან ”წითელ ეშმაკუნებს” ლიგის თასის ფინალში ”ბარსამ” აჯობა. თუმცა, ისეც არ წასულა ფეხბურთიდან, რომ ეს თასი თავსზემოთ არ აეღმართა - ერთხელ ”აიაქსთან” (1994-1995) ერთად ხვდა წილად ეს ბედნიერება, მეორედ კი, ”მანჩესტერთან” (2007-2008). ეს საუკეთესო მიღწევა იყო ჰოლანდიელისა, რომელსაც ”იუვენტუსშიც” უთამაშია და ”ფულემშიც”.
ეროვნულ ნაკრებში ვან დერ სარმა ჰოლანდიისთვის მატჩების რეკორდული რაოდენობა ითამაშა - 130. ”ყველა ოცნებობს საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვას და ჩემპიონთა თასი აღმართოს. სულ რაღაც ხუთიოდე წამი გიწევს თასის ხელში დაკავება და მერე სხვას გადასცემ. მეორე დღეს, როცა სურათებს ათვალიერებ, გამოუთქმელი ემოციები გეუფლება - მართლაც ღირს ამისთვის ცხოვრება”, - უზიარებს ვან დერ სარი შთაბეჭდილებებს ერთ-ერთ ჟურნალისტს.
დევიდ უეირი
40 წელი და 211 დღე
”ბურსასფორი” - ”რეინჯერსი”, 07.12.2010
უეირმა პირველ პროფესიულ კონტრაქტს ხელი 22 წლისამ მოაწერა, ”რეინჯერსის” რიგებში დებიუტი კი 36 წლისას ჰქონდა. კარიერის დასაწყისში შოტლანდიელი ”ფალკირკისა” და ”ჰართსის” ღირსებას იცავდა, მერე კი, ინგლისის პრემიერლიგის ”ევერტონში” აღმოჩნდა, სადაც კარგა ხანს კაპიტნის სამკლავური ებარა. უეირმა ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიცვალა ამპლუა - თავდამსხმელი იყო და საკმაოდ საიმედო მცველად ჩამოყალიბდა.
შოტლანდიის ნაკრების მაისურის 69 მატჩში მომრგებს, არასოდეს მიუნიჭებია მნიშვნელობა საკუთარი ასაკისთვის. ”საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. საკუთარ თავს განვიხილავ გუნდის ერთ-ერთ მოთამაშედ. ძალიან ხშირად მიწევს ჩემს ასაკზე პასუხის გაცემა, მაგრამ ამით არაფერი იცვლება - ისევ ძველებურად ვთამაშობ”, - პასუხობს უეირი უეფას ვებგვერდის კითხვას.
დანი ვერლინდენი
40 წელი და 117 დღე
”ბრიუგე” - ”აიაქსი”, 09.12.2003
ამ კიპერმა ”ბრიუგეს” შემადგენლობაში 1988-დან 2004 წლამდე 5-ჯერ მოიგო ბელგიის ჩემპიონატი. მას ეკუთვნის ევროპული ქვეყნების უმაღლესი დივიზიონების რეკორდი, როცა ვერლინდენმა კარი ზედიზედ 1390 წუთის განმავლობაში შეინახა ”მშრალად”. ეს სერია გრძელდებოდა 1990 წლის 3 მარტიდან 26 სექტემბრამდე - მთელი 16 მატჩის განმავლობაში.
”ლიერსის” ყოფილმა მოთამაშემ, რომელსაც მეტსახელად ”კედელი” შეარქვეს, ბელგიის ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ვერლინდენის კარიერის დასრულებას წინ საკმაოდ კურიოზული ეპიზოდი უსწრებდა. ბელგიის თასის 2003-2004 წლების გათამაშების ფინალში, რომელიც ”ბრიუგემ” ”ბევერენს” 4:2 მოუგო, კიპერმა მშვენიერი ავტოგოლი გაიტანა - გულშემატკივართა კუმირმა ეფექტურ ნახტომში ისეთი ”მაკრატელა” გაუტანა საკუთარ თავს, ბევრ ფორვარდს შეშურდებოდა. ”ყველაფერი წამიერად მოხდა. არ მგონია, როდესმე ასეთი ლამაზი გოლი გამეტანოს. ის აუცილებლად იქნება წარდგენილი თვის საუკეთესო გოლის ნომინაციაში”, - უთხრა ”ცხელ გულზე” ვერლინდენმა ჟურნალისტს.
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა