ჩრდილოლონდონური “არსენალის” ლეგენდარული მეკარე, დევიდ სიმენი ჰაიბერელთა ღირსებას 13 წლის განმავლობაში იცავდა და ამ ხნის განმავლობაში, “მეთოფეებთან” ერთად თასების თასი, 4-ჯერ პრემიერლიგის ჩემპიონობა, 3-ჯერ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი, ერთხელაც ლიგის თასი მოიგო. “არსენალის” ხანგრძლივ და სახელოვან ისტორიაში, “ზღვის კაცი” კლუბის საუკეთესო მეკარედაა მიჩნეული, ამიტომაც როდესაც Sport.co.uk-ის ვებ-გვერდზე სიმენის ინტერვიუს წავაწყდით, მისი თქვენს სამსჯავროზე გამოტანა გადავწყვიტეთ.
- ევროპის 1996 წლის ჩემპიონატი ინგლისში ჩატარდა, იმხანად, ჯვაროსანთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყავით და საკუთარი თვალით იხილეთ, როგორ გააერთიანა მთელი ქვეყანა ფეხბურთმა. ასეთი შანსი ინგლისმა გასული წლის დეკემბერში ხელიდან გაუშვა. როგორ ხასიათზე დადექით, როცა მუნდიალ 2018-ის მასპინძლობა რუსეთს არგუნეს და არა თქვენს სამშობლოს?
- ყველაზე მეტად ის მეწყინა, კენჭისყრის შემდეგ რომ გაცხადდა, ინგლისს მოგების შანსი არ ჰქონდაო. ამან ძალიან გამაღიზიანა. ჩვენ ხომ საარჩევნო კამპანიის წარმოებაში 18 მილიონი გირვანქა დავხარჯეთ, რაც წყალში გადაყრილი თანხა აღმოჩნდა. არადა, ტექნიკური ასპექტით ინგლისის განაცხადი საუკეთესო იყო. ვერ ვხვდები, რატომ ვერ დავარწმუნეთ ფიფა ჩვენი კანდიდატურის მხარდაჭერაში. მხოლოდ ერთი ხმა მივიღეთ, რაც ამგვარი ინფრასტრუქტურისა და საფეხბურთო ტრადიციის ინგლისს არ ეკადრება. ახლა რომ ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, 18 მილიონი ბავშვთა ფეხბურთის კიდევ უფრო გასავითარებლად გამოგვეყენებინა.
- საყოველთაო აღიარებით, ინგლისური პრემიერლიგა ეროვნულ ჩემპიონატთაგან საუკეთესოა. ხომ არ გგონიათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მუნდიალის მასპინძლობის არმიცემა შურის მომენტს უკავშირდება?
- ვერ გეტყვით. ჩემი აზრით, ფიფამ შეცდომა დაუშვა, როცა ინგლისს მსოფლიოს საფეხბურთო ფორუმის ჩატარების საშუალება არ მისცა. ვის - ვის და ინგლისელებს საფეხბურთო ზეიმის შექმნა არ გვეშლება. სამწუხაროდ, პირადად მე, ინგლისში მუნდიალს ვერასდროს ვიხილავ.
- 1990-2003 წლებში ინგლისის ნაკრების ნომერ პირველი მეკარე იყავით. იგივე პერიოდი “არსენალისთვისაც” მეტად წარმატებული აღმოჩნდა. ხომ არ თვლით, რომ გუნდიდან თქვენი წასვლის შემდეგ, “მეთოფეებმა” სტაბილურობა დაკარგეს. ბევრი ამას მეკარეთა შედარებით სუსტ თამაშს მიაწერს...
- ჩემთვის ძალიან ძნელია “არსენალის” მეკარეთა კრიტიკა. ხშირად ვარ გუნდის საწვრთნელ ბაზაზე და ახალგაზრდა გოლკიპერების დახმარებას ვცდილობ. ვარჯიშზე ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებიან. არ მინდა, რომელიმეს ასპარეზობაზე აუგი ვთქვა. ამით ხომ ბიჭებს გულს ვატკენ და არც მათ უკეთეს გამოსვლას შევუწყობ ხელს. პოლონელები, ვოიცეხ შესნი და ლუკაშ ფაბიანსკი მაღალი კლასის მეკარეები არიან. თანაც, ორივე მათგანი ახალგაზრდაა. ჩემი აზრით, უახლოეს პერიოდში, სწორედ ისინი იქნებიან კონკურენტები “არსენალის” ნომერ პირველი კიპერისთვის ბრძოლაში. თანდათან მათ გამოცდილება მოემატებათ და ჩვენი გუნდის კარი საიმედო ხელში იქნება.
- საქმეს ისეთი პირი უჩანს, ესპანელი მანუელ ალმუნია, უახლოეს მომავალში “ემირეიტს არენას” დატოვებს. პირენელის “არსენალში” გადმოსვლის მომენტში თუ ელოდით, რომ ალმუნიას ლონდონში წარუმატებელი კარიერა ექნებოდა?
- არა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი აზრით, მანუელის პრობლემა ისაა, რომ იგი უკვე 33 წლისაა და ესპანეთის საუკეთესო მეკარეთა სამეულში ვერა და ვერ შევიდა. “ფურია როხას” მწვრთნელები მას იკერ კასილიასს, პეპე რეინასა და ვიკტორ ვალდესს ამჯობინებენ. ამის გამო, ალმუნიას სანაკრებო-საერთაშორისო დონეზე გამოცდილების მიღების საშუალება არ აქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება უდიდესი სკოლაა, მანუელი კი ამას მოკლებულია.
- “არსენალში” თქვენი დუბლიორი, ავსტრიელი ალექს მანინგერი იყო. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ამჯერად, ტურინის “იუვენტუსის” მეკარე “ჰაიბერის” ვერ მოერგო. რაა ამის მიზეზი?
- ალექსს სამეკარეო ტალანტს ვერავინ დაუწუნებს, ოღონდ ერთია – მატჩის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციას კარგავს. მეკარეს კი, მოგეხსენებათ, წამის მეათედითაც არ აქვს მოდუნების უფლება. ჩვენ ყველას გვახსოვს მანინგერის ფანტასტიკური სეივები, მაგრამ ცოტა ხანში ავსტრიელს ბავშვური შეცდომის დაშვებაც შეეძლო. ამის შემდეგ, იგი მორალურად “ტყდებოდა” და ფსიქოლოგიური წონასწორობის აღსადგენად რამდენიმე დღე სჭირდებოდა. ამის გამო, არსენ ვენგერმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა. სამწუხაროა, ასე რომ მოხდა.
- სადღეისოდ, მეკარეთა გარდა, “არსენალის” უკანახაზელებსაც ხშირად აკრიტიკებენ. გულშემატკივრები აუგად იხსენიებენ მცველებს და მათ მინდვრის სხვა ფეხბურთელებსა და გოლკიპერებთან კომუნიკაციის უნარს უწუნებენ. ფანები იმასაც ამტკიცებენ, რომ თქვენი მოთამაშეობისას საქმე სხვაგვარად იყო და გუნდში ლიდერთა ნაკლებობაც არ იგრძნობოდა. ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?
- ერთ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი. როდესაც “არსენალის” მეკარე გახლდით, დაცვის ოთხეული მთლიანად ინგლისელებისგან შედგებოდა. მათთან ურთიერთობაც უფრო მიადვილდებოდა. აი, როდესაც 2003 წელს “მანჩესტერ სიტიში” გადავედი, გუნდის უკანახაზელები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ. იმხანად, გამოცდილი მეკარე გახლდით, ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაც არ მიჭირდა, მაგრამ ენობრივი ბარიერის გადალახვა საძნელო საქმე აღმოჩნდა. როდესაც ამა თუ იმ პარტნიორს დავუძახებდი – გამოდი ან აიყვანე ეს ფეხბურთელი, თანაგუნდელი ჯერ ჩემი სიტყვების მშობლიურ ენაზე გადათარგმნას და გაგებას ცდილობდა, შემდეგ მოქმედებას იწყებდა, რაც გუნდის ინტერესს აზიანებდა. ჩემი აზრით, იმ დროის “სიტიმ” ამიტომაც ვერ მოახერხა საკუთარი თავის სრულად წარმოჩენა. “არსენალში” კომუნიკაციის პრობლემას რაც შეეხება, ეს მოგვარებადი სირთულეა.
- როგორ გგონიათ, არსენ ვენგერს სატრანსფერო პოლიტიკა შეუსუსტდა? ხომ არ ჯობდა, მას თავის დროზე, ირლანდიელი მეკარე, შეი გივენი ეყიდა ან რომელიმე სხვა ტოპ-კლასის კიპერი გადაებირებინა?
- ამის თაობაზე, თავად მუსიე არსენს უნდა ჰკითხოთ. იმხანად, “არსენალის” სატრანსფერო საქმეებში ჩაბმული არ გახლდით და მიჭირს თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა. მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრათ – ვენგერი მაღალი კლასის მეკარის ყიდვას ცდილობდა, მაგრამ არც მისი გვარი ვიცი და არც მიზეზი, რამაც შეთანხმება ჩაშალა.
- მოდით, დღეს მეკარეთა თემა “დავხუროთ”. “არსენალში” 500-მდე ოფიციალური მატჩი ჩაატარეთ. ხომ ვერ დაგვისახელებდით თქვენს საყვარელ საკლუბო პარტნიორს?
- ურთულეს მდგომარეობაში ჩამაგდეთ. ვიცი ბევრ ყოფილ თანაგუნდელს ვაწყენინებ, მაგრამ საუკეთესო პარტნიორთა სამეულს მაინც დაგისახელებთ. მისი წევრები დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი და იან რაიტი არიან. ხომ არ გაიკვირვეთ, ფორვარდები რომ დაგისახელეთ? ნახევარმცველებსა და უკანახაზელებში, მარტინ კიოუნის, პარტიკ ვიეირას, მარკ ოვერმარსის, ემანუელ პეტის კვარტეტს გამოვარჩევდი. ბედნიერი ვარ, რომ მინდორზე ჩემს მიერ ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ერთად გავდიოდი.
- თქვენს “ჰაიბერიზე” ყოფნისას “არსენალმა” არაერთი ფორმა გამოიცვალა. რომელია საუკეთესო?
- ყველაზე მეტად შავი ფერის საასპარეზო ფორმა მომწონდა.
გოჩა კაჭარავა