შოტლანდიელმა სპეციალისტმა დევიდ მოიესმა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული, ინგლისის სუპერთასი მოიპოვა, “უიგან ატლეტიკის” 2:0 დამარცხების შემდეგ კი მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- მისტერ მოიეს, “მანჩესტე იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგეთ. რა კომენტარს გააკეთებთ ინგლისის სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ?
- ამ მოგებას მეც და ფეხბურთელებიც სერ ალექს ფერგიუსონს ვუძღვნით. ჩვენი პრესკონფერენცია ტელევიზიით გადაიცემა და სერ ალექსი ტრანსლაციას უცქერს. მას მინდა ვუთხრა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ ფერგიუსონის საქმეს ვაგრძელებთ. სუპერთასზე რომ ითამაშო ჩემპიონობა ან თასი უნდა გქონდეს მოგებული. გასულ სეზონში სერ ალექსმა გუნდს პრემიერლიგის გამარჯვებულისთვის დაწესებული თასი მოიგო და ჩვენ უფლება არ გვქონდა, სუპერთასის მატჩი მოწინააღმდეგისთვის დაგვეთმო.
- რა გრძნობით გაუძეხით “მანჩესტერ იუნაიტედს” “უემბლიზე”?
- ამ ლეგენდარულ სტადიონზე დამრიგებლის რანგში გუნდი უწინაც რამდენჯერმე გამიყვანია. ზოგი მატჩი მომიგია, ზოგიც წამიგია, მაგრამ დღევანდელი წარმატება განსაკუთრებულია – თავადაც წარმოგიდგენიათ, როგორი სიხარული და იმავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა ოლდ ტრაფორდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდის ამ სარბიელზე გაყვანა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, კლუბის ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებს და ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც სუპერთასის მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალყურს. ვფიქრობ, ისინი გავახარე და ჩემით ამაყობენ კიდეც.
- მოგებით კმაყოფილი უნდა იყოთ, ყველაზე მეტად კი, ალბათ, რობინ ვან პერსის შედეგიანმა თამაშმა გაგახარათ...
- გასულ სეზონში რობინი გუნდის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახლდათ და თუკი მან სათანადო ფორმა აკრიბა, ნებისმიერ ტურნირზე ჩვენი საბოლოო გამარჯვების შანსი საგრძნობლად გაიზრდება. ვან პერსის მიერ სუპერთასზე შესრულებული დუბლი წინასასეზონო მოთელვად შეგვიძლია ჩავთვალოთ – სეზონის მსვლელობისას ჰოლანდიელი ფორვარდი მოუმატებს და მაისისთვის შთამბეჭდავი შედეგი ექნება.
- თქვენმა გუნდმა წინასასეზონო მზადების პროცესში დიდად მოუმატა?
- თვალნათლივ ჩანს, რომ უმრავლეს კომპენენტში გუნდი გაცილებით უკეთ გამოიყურება იმასთან შედარებით, რა სურათიც მზადების დასაწყისში გვქონდა. დარჩენილ დროში ინტენსიური სამუშაო უნდა გავაგრძელოთ. ვიმედოვნებ, უკეთეს გუნდს შევკრავ, ვიდრე ბოლო სეზონების “იუნაიტედი” გახლდათ. ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა მოვასწარი, მალე მათთან საბოლოო შეკავშირებას მოვახერხებ.
- კვლავინდებურად არ ცხრება საუბარი უეინ რუნის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით. ადასტურებთ ამ ხმებს?
- რუნის გაყიდვას არ ვაპირებთ და არც მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ამის თაობაზე. უეინთან არანაირი უთანხმოება არ მაქვს. სარეზერვო გუნდთან იგი საკუთარი თხოვნის გამო ვარჯიშობდა, რადგანაც ექიმებმა მას იმგვარ წვრთნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს, რომლებშიც ფიზიკური კონტაქტია გათვალისწინებული.
- თავად თუ აპირებთ ახალი ფეხბურთელების მოწვევას?
- სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დრო არაა, თუმცა, გამორიცხული არაა, ჩვენ რიგებში ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. ასეც რომ არ მოხდეს, დღევანდელი შემადგენლობითაც კმაყოფილი ვარ.