ფეხბურთი

11:08 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ მოიესი: “ტოპკლასის ნახევარმცველის შეძენას შევეცდებით”

 ახალი მთავარი მწვრთნელის დევიდ მოიესის მეთაურობით ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” აზიური ტურნე მოიარა და პრემიერლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას ევროპაში განაგრძობს. ალბიონელმა ჟურნალისტებმა შოტლანდიელ სპეციალისტს აღმოსავლეთური შეკრების შეჯამება სთხოვეს და მოსალოდნელ ტრანფერებზეც დაუსვეს კითხვა.

 - მოკლედ როგორ შეაფასებდით აზიაში ჩატარებულ ტურნეს?

- საკმაოდ ცუდ მინდვრებზე მოგვიხდა თამაში და ბიჭებმა ამის მიუხედავად, მაყურებელს კარგი ასპარეზობა უჩვენეს. “კიტჩისთან” დასკვნით მატჩს რაც შეეხება, განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში გამოვიყურებოდით, მეორეში მოწინააღმდეგემ აშკარად მოუმატა, მთლიანობაში კი ბიჭების გარჯით კმაყოფილი დავრჩი, ფეხბურთელებმაც თავიანთი თამაშისგან სიამოვნება მიიღეს. ახალი სეზონისთვის მთელი მონდომებით ვემზადებით და მეტად ცხელ ამინდში თამაშის გამოცდილება სასიკეთოდ წაგვადგება.

- წინასასეზონო მზადების მომდევნო ეტაპს სად გაატარებთ?

- რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურ წვრთნას მანჩესტერში გავივლით, შემდეგ კი შვედეთში გავფრინდებით. ამ სკანდინავურ ქვეყანაში ტესტ-მატჩების ჩატარებასაც ვაპირებთ. კერძოდ, 6 აგვისტოს აიკ-ს შევხვდებით.

- თქვენი თქმით, “მანჩესტერმა” ნაყოფიერი შეკრება ჩაატარა, თავად რა სამწვრთნელო გამოცდილება მიიღეთ ახალ გუნდთან მუშაობისას?

- “იუნაიტედთან” ერთად პირველ ტურნეში ვიყავი და როგორც მწვრთნელმა კოლოსალური გამოცდილება შევიძინე. გარდა იმისა, რომ თვალნათლივ დავინახე, რამდენად პოპულარულია ჩვენი კლუბი მთელ მსოფლიოში, ახლოს გავიცანი ფეხბურთელები და გუნდთან ადაპტაციაც გავიარე. ბიჭებმაც კარგად გამიცნეს და გარკვეულწილად ჩემ სადამრიგებლო თავისებურებებსაც აუღეს ალღო. ეს მეტად მნისვნელოვანია – ისინი ხომ მრავალი წლის განმავლობაში ბრწყინვალე საფეხბურთო სპეციალისტთან და აღმზრდელთან მუშაობდნენ.

- რა დასკვნა გამოიტანეთ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებთან ურთიერთობისას?

- ცხადია, ჯერ კიდევ გვჭირდება დროის გარკვეული პერიოდი, რათა ერთმანეთს კიდევ უფრო გავუშინაურდეთ, მაგრამ უკვე დღეს თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ “იუნაიტედის” მოთამაშეებთან მუშაობა მომეწონა. თვალნათლივ დავინახო მათი მიდგომა საქმისადმი და როგორი მეგობრული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, ამიტომაც სულაც აღარ მიკვირს, “მანჩესტერმა” ამდენ წარმატებას რომ მიაღწია. რამდენიმე ფეხბურთელს ადრეც ვიცნობდი, ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ ახალგაზრდების საქმეში ხილვა. პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი ადნანის, ლინგარდის, ზახას შესახებ. აზიაში მოგზაურობისას მათ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს და თავადაც კმაყოფილები არიან.

- “მანჩესტერს” სესკ ფაბრეგასის გადაბირება სურდა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, “არსენალის” ყოფილი წევრი თამაშს “ბარსელონაში” გააგრძელებს. ამბობენ, ლუკა მოდრიჩის ყიდვა განიზრახეთ და მადრიდის “რეალს” ხორვატის სანაცვლოდ 25 მილიონ გირვანქას შესთავაზებთ...

- ჯერჯერობით ამ ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია. მოდრიჩი კარგა ხნის განმავლობაში “ტოტენჰემში” წარმატებით თამაშობდა და ინგლისურ ფეხბურთთან ხელმეორე გაშინაურება არ გაუჭირდება, “რეალში” კი ხშირად მხოლოდ შეცვლის შემდეგ უწევს თამაშში ჩაბმა. ვიმეორებ, ჯერ კონკრეტული არაფერია და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “იუნაიტედი” წინასასეზონოდ რომელიმე ტოპკლასის ნახევარმცველის შეძენას შეეცდება.

- მასმედიელთა მტკიცებით, იმის გამო, რომ “ჩელსის” უეინ რუნის გადაბირება სურს, ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა გაგიფუჭდათ. ადასტურებთ ჟურნალისტთა ამ ვარაუდს?

- მოურინიოს სამწვრთნელო კარიერით აღფრთოვანებული ვარ, გავრცელებულ ხმას კი რეალობასთან კავშირი არ აქვს. როდესაც ჟოზემ სამუშაო დაკარგა, მე მას მხარდაჭერის სიტყვებით გაჯერებული წერილი მივწერე. არასწორია, თითქოს ჩვენ შორის რაიმე სახის გაუგებრობაა. ცხადია, მე და მოურინიო ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ, ოღონდ მეტოქეობა საფეხბურთო მინდორს არ გასცდება. ჩვენი გუნდები პრემიერლიგის მოსაგებად იბრძოლებენ, მაგრამ კორექტულობის გრძნობას არც მე დავკარგავ და არც პორტუგალიელი. 

0.114589