ფეხბურთი

13:05 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ მოიესი – რუნის გარეშე და გაძლიერების იმედით

 

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი, პრემიერლიგის მესამე ტურში “ლივერპულთან” გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებს ესაუბრა.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე, ანუ ორშაბათს 23 საათამდე გუნდის გაძლიერების იმედი აქვს.

“საფეხბურთო ბაზარზე გაცხოველებული მუშაობაა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში გაძლიერებას ჩვენც მოვახერხებთ, მაგრამ გარანტირებულად რამის თქმა გამიჭირდება. იოლი არ იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგან გუნდში ახალი მოსული ვარ და ფეხბურთელების გასაცნობად დრო მჭირდებოდა. ამასთან, გუნდს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს და სიახლესთან შეგუებას მუდამ დრო სჭირდება. ორ-სამ ფეხბურთელს ვაკვირდებოდით და მათი გაფორმება გვსურდა, მაგრამ რაღაც ვერ გამოგვივიდა, გარკვეული მიმართულებით მუშაობა ახლაც გრძელდება” - თქვა მოიესმა.

დევიდმა გვერდი ვერ აუარა უეინ რუნის საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. 27 წლის ფორვარდმა პირველ ტურში “სუონსისთან” მოგებულ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ორშაბათს “ჩელსისთან” მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილი გულშემატკივარი მას ოვაციით შეხვდა. მოიესი ფიქრობს, რომ რუნი მორალურად და ფიზიკურად მზადაა, გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმაროს.

“რუნისთან დაკავშირებით კომენტარი პირველსავე დღეებში გავაკეთე და არა მგონია რამის დამატება იყოს საჭირო. მრავალი წელია ის “მანჩესტერისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. მან საუკეთესო თვისებები ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, “ევერტონში” თამაშისას გამოავლინა. მისი კარიერა ზუსტად ისე ვითარდება, როგორც ველოდით. განვლილ თამაშებში ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა როგორც ფსოქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. მოცემული მომენტისთვის უეინი კარგ ფორმაშია და მაქსიმუმს გავიღებთ, ეს ფორმა რომ შეინარჩუნოს” - განაცხადა მოიესმა.

მიუხედავად ამისა, რუნი გუნდს დღეს, “ლივერპულთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება. ერთ-ერთ უკანასკნელ ვარჯიშზე, ის ფილ ჯონსს შეეჯახა და თავი გაუსკდა. დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მას ათი ნაკერი დაადეს. კლუბის ექიმებმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ისიც აცნობეს, რომ თავდამსხმელს ეროვნული გუნდის თამაშების გამოტოვებაც მოუწევს. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისელები 6 სექტემბერს მოლდოვას, ხოლო 10 სექტემბერს უკრაინას ეთამაშებიან.

დღეს მოიესი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად ეწვევა “ენფილდ როუდს”, თუმცა, 2002 წლიდან მოყოლებული ის “ევერტონთან” ერთად ამ სტადიონს არაერთხელ ეწვია და მას კარგად იცნობს:

“ენფილდი” რთული ადგილია გასვლითი მატჩის ჩასატარებლად. მაგრამ ის დიდებული სტადიონიცაა და მოუთმენლად ველი იქ დაბრუნებას. გარკვეული თვალსაზრისით, მომავალი შეხვედრა სხვა თამაშებისგან არაფრით განსხვავდება - მოგების შემთხვევაში აქაც სამი ქულა იწერება, მაგრამ თუ მართლაც გავიმარჯვეთ, ეს უდიდესი გამარჯვება იქნება. “ლივერპული” ერთ-ერთი უძლიერესია ამ სეზონში და კარგი იქნება მათ დამარცხებას თუ შევძლებთ.

არ ვიცი, სხვანაირია თუ არა “მანჩესტერთან” ერთად “ენფილდზე” თამაში, რადგან მსგავს სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ ამ გუნდებს შორის დიდი ხნის მეტოქეობაა. ამ მხრივ “ევერტონთან” მსგავსებაა და მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას. “ლივერპული” ერთ-ერთია იმ ორი გუნდიდან, რომელმაც სეზონი ძლიერად დაიწყო და ასპროცენტიანი შედეგი აქვს. მათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატეს და ისედაც, ის მუდამ იყო დიდი გუნდი, რომელიც ყოველთვის ტიტულისთვის იბრძოდა”.

0.117621