დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე “ემირეიტსის” სტადიონზე დღეს პრიციპული მოწინააღმდეგეების “არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრა ჩატარდება. ორივე გუნდი მონდომებით ემზადება, ოლდ ტრაფორდელთა წინასამატჩო განწყობაზე კი წარმოდგენას მათ მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესთან ინტერვიუ შეგიქმნით.
- სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილის მიუხედავად “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” დაპირისპირება პრემიერლიგის განსაკუთრებულ მოვლენად რჩება. რა განწყობით ხვდებით და ამზადებთ ფეხბურთელებს პრინციპული მატჩისთვის?
- ჩვენი გუნდების დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული იყო. “იუნაიტედსა” და “არსენალს” პრემიერლიგის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ და მომავალ პაექრობასაც ზედმეტი აფიშირება არ სჭირდება. ცხადია, შედეგის წინასწარ გამოცნობაც მეტად რთულია, მაგრამ “ემირეიტსზე” სათამაშოდ 3 ქულის მოსაპოვებლად გავალთ. დარწმუნებული ვარ, მოწინააღმდეგეც ამგვარი განწყობით ითამაშებს, რაც შეხვედრას ინტრიგას მატებს. ჩვენ “ოლდ ტრაფორდზე” “არსენალის” დამარცხება შევძელით. “იუნაიტედი” კვლავინდებურად რჩება ტოპკლუბად და ამის დამტკიცებას ლონდონშიც შევეცდებით. გარდა იმისა, რომ “არსენალი” კარგი გამაღიზიანებელია, გასულ კვირას 2 ქულა დავკარგეთ და უკანდასახევი გზა მოჭრილი გვაქვს.
- როდის დაუბრუნდებიან გუნდს ფილ ჯონსი და მარუან ფელაინი და თუ აპირებთ მათ “არსენალის” წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში ჩართვას?
- ჯონსმა 1-ელ თებერვალს “სტოკ სიტისთან” დაპირისპირებისას ტვინის შერყევა მიიღო, ფელაინი კი გასული წლის 4 დეკემბრიდან მოყოლებული მინდორზე არ გასულა. მარუანს ოპერაცია ჩაუტარდა და აღდგენითი პერიოდი უკვე გაიარა. ჯონსიცა და ფელაინიც თანდათან ფორმას იკრებენ და არაა გამორიცხული, “არსენალთან” ითამაშონ.
- სეზონის დასრულების შემდეგ “მანჩესტერში” დიდი ცვლილებები იგეგმება. ნემანია ვიდიჩის გარდა, გუნდს რიო ფერდინანდი და პატრის ევრაც დატოვებენ...
- ჯერჯერობით მხოლოდ ვიდიჩის წასვლაა გადაწყვეტილი. “ვიდამ” თავად გამოთქვა ამის სურვილი და უნდოდა, ჩვენ ურთიერთობაში ნათელი შეეტანა. ფერდინანდსა და ევრას რაც შეეხება, რიო 35 წლისაა, პატრისი – 32-ის. ასაკოვანი ფეხბურთელების გუნდიდან წასვლა ნებისმიერ მომენტსაა შესაძლებელი. მაგრამ გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. მითუმეტეს, ფერდინანდიცა და ევრაც ბევრს ვარჯიშობენ, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის კი მაგალითის მიმცემები არიან. რიოსა და პატრისის დარი ფეხბურთელები გვჭირდება, მათი მომავალი კი მალე გაირკვევა. ჟურნალისტებმა იჩქარეს, როდესაც ფერდინანდისა და ევრას “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგება გადაწყვეტილ ამბად გამოაცხადეს.
- “იუნაიტედი” ასოციაციისა და ლიგის თასებს ჩამოშორდა, ამიტომ “არსენალთან” დაპირისპირების შემდეგ 10 დღიანი სათამაშო პაუზა გექნებათ. როგორ გამოიყენებთ ამ პერიოდს?
- ზამთრის პერიოდში დუბაიში გამგზავრება სერ ალექს ფერგიუსონმა დაამკვიდრა და ამ ტრადიციას ჩვენც გავაგრძელებთ. სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის საფუძვლიანად მზადება გვმართებს. მითუმეტეს, მალე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პაექრობების ჩატარება მოგვიწევს. მანამდე კი “კრისტალ პალასთან” დაპირისპირება გველის...