საკლუბო დონეზე მოგებული არაერთი ტიტულის მიუხედავად, დევიდ ბექჰემს ნაკრებში მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია, რაც ფეხბურთელს გულში ხინჯად აქვს ჩარჩენილი. ცოტა ხნის წინ, მან განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თამაში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე სურს, ხოლო Marca-სთან საუბარში გაირკვა, რომ ნახევარმცველი არც 2014 წლის მუნდიალზე გამოსვლაზეა უარს. გარდა ამისა, ესპანურ გამოცემასთან საუბარში, მან ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ “მანჩესტერიდან” წასვლის შემდეგ, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებაზე არ უფიქრია. ყველაფერთან ერთად, ბექჰემმა თავისი შთაგონების წყაროც გაამხილა.
- კარიერის განმავლობაში არაერთ უდიდეს ფეხბურთელთან ერთად თამაში მოგიწიათ. თქვენი აზრით, საუკეთესო ვინ იყო?
- ფეხბურთში ჩემი საუკეთესო მეგობარი გარი ნევილია. მასთან ერთად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ასაკობრივ გუნდებში, ძირითად შემადგენლობაში და ინგლისის ეროვნულ გუნდში მითამაშია. ჩვენ მრავალი წელიწადია ვმეგობრობთ. წმინდა საფეხბურთო ასპექტში რობერტო კარლოსს, რონალდოს, კანტონასა და ზინედინ ზიდანს გამოვყოფდი. თუმცა, ერთ-ერთი მათგანის არჩევა რომ შემეძლოს, ზიდანს ავირჩევდი, რადგან მას ნამდვილ საფეხბურთო გენიოსად ვთვლი.
- შეგიძლიათ აღწეროთ ის მატჩი, რომლითაც კარიერის დასრულება გსურთ?
- ეს იქნება 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში გოლს გავიტან. მართალია, იმ დროისთვის 39 წლის ვიქნები, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. რატომაც არა?
- თანამედროვე ფეხბურთში, ბევრი “ვარსკვლავი”, კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობას იწყებს. შესაძლებელია, რომ თქვენც იგივე გზით წახვიდეთ?
- სიმართლე გითხრათ, მწვრთნელობაზე არ მიფიქრია. ფეხბურთი და ყველაფერი რაც მას უკავშირდება, მიყვარს. ჩემი მწვრთნელებისგან, კერძოდ ალექს ფერგიუსონისგან, რომელსაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ვთვლი, ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ჯერჯერობით, თამაშის გაგრძელებას ვაპირებ. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ თუ რა ემართებათ მათ, ვინც ფეხბურთიდან მიდის და არ მინდა მსგავსი ბედი გავიზიარო. ვფიქრობ, ბავშვებთან ერთად ვიმუშავებ და UNICEF-ის ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მათთვის რამეს გავაკეთებ. დიდი გეგმები მაქვს, რომლებშიც ჩემი ბავშვებიც შედიან. სხვათა შორის, ჩვენ ხშირად ერთად ვთამაშობთ Lego-ს.
- როგორ ფიქრობთ, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალისთვის” იდეალური მწვრთნელია, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა კვლავ მოიგოს?
- ჟოზე უდიდესი მწვრთნელი და საუცხოო ადამიანია. მან პრემიერლიგაში და იტალიაში ყველა ტიტული მოიგო, რის მოგებაც შეიძლებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად, “რეალი” დიდ წარმატებას მიაღწევს და არაერთ ჯილდოს მოიპოვებს. თუ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგას “მანჩესტერ იუნაიტედი” ვერ მოიგებს, მაშინ ამას “რეალი” გააკეთებს. მსურს ფლორენტინო პერესსაც შევეხო, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ და საუცხოო პიროვნებად ვთვლი. მისი მადლობელი ვარ, რომ თავის დროზე “რეალში” მოვხვდი. მაშინ მას კლუბი რომ არ დაეტოვებინა, კარიერას “რეალში” დავასრულებდი.
- სამხრეთ აფრიკაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე რას ფიქრობთ?
- ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი დამსახურებულად გახდა, რადგან ამ გუნდს, არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი უდგას. რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვარ. ინგლისელებმა კარგი სამუშაო გასწიეს, მაგრამ ერთ მომენტში ყველაფერი ისე განვითარდა, რასაც არავინ ელოდა. მადლობელი ვარ ფაბიო კაპელოსი, რომ მან, თანაგუნდელებთან ერთდ ყოფნის საშუალება მომცა.
- “ფურია როხას” წარმატებამ გაგახარათ?
- დიახ, ძალიან. ფინალს შვილებთან ერთად ვუყურებდი და ესპანეთის ნაკრებს ტაშს ვუკრავდით. განვლილ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთმა საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა. იკერ კასილასმა კი, დიდოსტატობა გამოავლინა. არიენ რობენის დარტყმის მერე, მას რომ საკუთარი კარი არ გადაერჩინა, ჩემპიონის ტიტულს ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელები მოიპოვებდნენ. იკერი ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა. გარდა ამისა, ის საუცხოო ადამიანი და ძალიან კარგი მეგობარია.
- ფიფას გადაწყვეტილებას, მსაჯებისთვის დამატებითი დახმარებისთვის ახალი ტექნოლოგიების შემოღებას, რამდენად ემხრობით?
- ვფიქრობ, იოზეფ ბლატერმა ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიოანტებზე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ინგლისელი ვარ და არ ვეთანახმები მსაჯის გადაწყვეტილებას, როდესაც ბურთმა გერმანელთა კარის ხაზი ერთი მეტრით გადაკვეთა. თუ იქ მთელი ორი მეტრი იყო? (იცინის).
- რას გრძნობდით, როდესაც განვლილ სეზონში, “მილანის” შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგაში “ოლდ ტრაფორდზე” სათამაშოდ დაბრუნდით?
- ბევრი ემოცია მქონდა. სინამდვილეში, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ულამაზესი და დაუვიწყებელი მომენტი იყო.
- კარიერის განმავლობაში ბევრი ტიტული მოიგეთ. დარჩა ჯილდოები, რომლის მოპოვებაც აუცილებლად გსურთ?
- ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს, ან ევროპის ჩემპიოანტზე გამარჯვება. ეს კიდევ შესაძლებელია, რადგან კარიერის დასრულების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება, არ მიმიღია. მონაწილეობა სამ მსოფლიოს ჩემპიონატში მივიღე და ძველებურად გუნდთან ერთად ვარ. ვფიქრობ, მას კიდევ გამოვადგები.
- დევიდ ბექჰემი რომ არ ყოფილიყავით, ვინ გინდოდათ ამ ცხოვრებაში გამხდარიყავით?
- სტივ მაქუინი, ან ზინედინ ზიდანი. სტივი საოცარი მსახიობი იყო, ხოლო ზინედინი საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც კი, ოდესმე მინახავს. ყოველთვის, როდესაც მას ბურთი ფეხებში ჰქონდა, ნამდვილი სპექტაკლი იწყებოდა. მსოფლიოში მსგავსი ფეხბურთელები აღარ არიან.
- მოგვითხრეთ თქვენი სვირინგების შესახებ. ყველაზე მეტად რომელი გიყვართ?
- მართლაც, სვირინგების დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომელიც ზურგზე მახატია და შთაგონებას მაძლევს – ჩემი ბავშვებისა და ცოლის გამოსახულება.
- პრემიერლიგაში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
- გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩემი ქვეყნის საფეხბურთო ლიგაში დაბრუნების შესაძლებლობა არ განმიხილავს.
- დაასახელეთ სამი რამ, რის გარეშეც ვერ იცხოვრებდით...
- ჩემი ცოლი ვიქტორია, ჩემი სამი ვაჟიშვილი და ფეხბურთი.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა