ინტერვიუები

10:06 | 6.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემი: “მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონატზე თამაში მწადია”

დევიდ ბექჰემს აქვს შანსი მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს მე-4 ჩემპიონატზე. ინგლისელი ფეხბურთელის ხილვა გულშემატკივრებს აქამდე 1998, 2002 და 2006 წლების მუნდიალებზე შეეძლოთ. ვეტერანი ფეხბურთელის სამუნდიალო განაცხადში შეყვანის შესახებ კომენტარი გააკეთა ფაბიო კაპელომ: “რა თქმა უნდა, ბექჰემს განაცხადში შევიყვან იმ შემთხვევაში, თუ მას კლუბში სათამაშო დრო ექნება და ფიზიკურად კარგად იქნება მომზადებული. ჩემთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია კლასი და ის ბექჰემს ნამდვილად აქვს. იგი სერიოზული, ნამდვილი პროფესიონალია, რომელსაც ძალიან უნდა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლა”.
ფიფას ოფიციალურმა საიტმა 2010 წლის პირველი ინტერვიუს ჩაწერა სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედის” და მადრიდის “რეალის” ყოფილ ვარსკვლავთან ისურვა. ინტერვიუს დროს ბექჰემი საუბრობს თავის სამუნდიალო გამოცდილებაზე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე – ლეო მესიზე და რა თქმა უნდა, სამხრეთ აფრიკაში გასამართ ჩემპიონატზე.
- თქვენ მოახდინეთ მსოფლიოს 2010 წლის ოფიციალური ბურთის, ადიდასის ჯაბულანის წარდგენა კეიპთაუნში. თუ გქონდათ ამ ბურთით ვარჯიშის საშუალება და რას ფიქრობთ მასზე?
- დიახ, ამ ბურთით ვარჯიშის საშუალება რამდენიმე თვის წინათ მქონდა. ყოველთვის სასიამოვნოა ადიდასის განხორციელებული იდეების ხილვა. მოძრაობა, მგრძნობელობა, აკურატულობა – ამ ბურთს ყველაფერი შესანიშნავი აქვს.
- 115 სანაკრებო შეხვედრა 13 წლის განმავლობაში – რა შეიცვალა საერთაშორისო ფეხბურთში ამ ხნის განმავლობაში?
- ბევრი რამ შეიცვალა: თამაში უფრო სწრაფი გახდა, გაუმჯობესდა ტექნოლოგიები, ბურთები, ბუცები. საგრძნობი ცვლილებებია თამაშის ტაქტიკაში. ფეხბურთი მუდამ იცვლება და ვითარდება.
- რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში?
- ესაა უდიდესი საფეხბურთო ღონისძიება. ეს ტურნირი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულია. თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი იმის გამო, რომ სამ მუნდიალზე ვითამაშე, მაგრამ მსურს მეოთხეზე ასპარეზობაც.
- როგორია თქვენი პირველი მოგონებები მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით?
- მახსენდება 1982 წლის მუნდიალზე მანჩესტერელი ბრაიან რობსონის მიერ გატანილი გოლები. იგი ჩემი გმირი იყო და მსურდა ყველაფერი გამემეორებინა, რასაც მან კარიერის განმავლობაში მიაღწია. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.
- მსოფლიოს ჩემპიონატები თქვენთვის იმედგაცრუებასთან ასოცირდება. 1998 წელს არგენტინამ გაჯობათ, 2002-ში ბრაზილიამ, ხოლო 2006-ში პორტუგალიამ. რომელი მათგანი იყო უფრო დიდი იმედგაცრუება?
- ყველა. ვერც კი აღგიწერთ, რა გრძნობაა, როდესაც ასეთ ტურნირს ემშვიდობები. მოლოდინი ყოველთვის დიდი გაქვს და საბოლოოდ ძალზე იმედგაცრუებული რჩები.
- მუნდიალებზე არაერთი მატჩი ჩაგიტარებიათ და გოლებიც გაგიტანიათ. რომელი მათგანი გახსენდებათ ყველაზე კარგად?
- პერსონალური მხრივ, არგენტინასთან 2002 წელს გამართულ მატჩს გამოვარჩევდი, როდესაც თერთმეტმეტრიანით გადამწყვეტი გოლი გავიტანე. ეს მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იყო იმ მხრივ, რომ მანამდე ოთხი წლის წინათ, არგენტინასთან გამართულ მატჩში მოედნიდან გამაძევეს და ის თამაში თერთმეტმეტრიანების სერიით დავთმეთ.
- ამჟამად არგენტინის ნაკრებში თამაშობს ფეხბურთელი, რომელიც ცოტა ხნის წინათ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ იქნა დასახელებული. რას გვეტყვით მის შესახებ?
- ლიონელ მესი არის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია და რომლის თამაშიც მინახავს. იგი ძალზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ლეო მესის თამაში დიეგო მარადონასთან მაქსიმალურად მიახლოებულია. იგი დიეგოსავით ვნებით თამაშობს. მესი უდავოდ წარმატებული და ძალიან კარგი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.
- თქვენი აზრით, ვინ იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ლიდერი?
- ვთვლი, რომ გუნდში არაერთი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს: უეინ რუნი, სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი, რიო ფერდინანდი. იღბლიანი გუნდი ვართ იმის გამო, რომ ამდენი ასეთი დონის ფეხბურთელი გვყავს.
- სამხრეთ აფრიკის მუნდიალი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ფაბიო კაპელოსთვის. მასთან ერთად გიმუშავიათ როგორც ინგლისის ნაკრებში, ასევე მადრიდის “რეალში”. რას გვეტყვით იტალიელ სპეციალისტზე?
- კაპელო განსაკუთრებული მწვრთნელია. იგი ძალზე გამოცდილია. მან იცის, თუ როგორ უნდა მოიგო მატჩები და ტურნირები. დარწმუნებული ვარ იგი იამაყებს მუნდიალზე ჩვენი გუნდის თამაშის ხილვით.
- თქვენ მონაწილეობთ არაერთ საქველმოქმედო აქციაში, რომლებსაც კავშირი აქვთ აფრიკასთან. როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკას და მთლიანად “შავ კონტინენტს”?
- ფეხბურთი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი აფრიკისთვის ბევრი დადებითის მომტანი იქნება. კეიპთაუნში ყოფნის დროს, ერთ-ერთ საავადმყოფოში ვნახე შიდსით დაავადებული ქალი და ბავშვი და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. იმედი მაქვს, რომ ასეთ დაავადებებთან ბრძოლა უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს. მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგად სამხრეთ აფრიკაში ბევრი ფული შევა, რაც ქვეყნის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

0.116276