საკმარისია, ჟურნალისტებმა მისი პერსონისა და ოჯახისადმი ყურადღება ოდნავ მაინც მოადუნონ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ყველა ღონეს ხმარობს საყოველთაო ყურადღების ცენტრში დასაბრუნებლად. არადა, დევიდისებრი პოპულარობა ბევრ, მასზე კარგ ფეხბურთელსაც კი არ დასიზმრებია. გუშინწინ, ერთ-ერთ საქველმოქმედო ვახშამზე ცოლ-შვილის გარეშე მისულმა ბექჰემმა საჯაროდ განაცხადა, რომ იგი მეტროსექსუალია და ამაში სათაკილოს ვერაფერს ხედავს.
ცნობისათვის, მეტროსექსუალობა რაიმე სექსუალურ გადახრა-გადმოხრას არ ნიშნავს და ეს ტერმინი აერთიანებთ იმ მამაკაცებს, რომლებსაც თავის მოვლა ზედმეტად უყვართ და საკუთარ გარდერობსა და გარეგნულ მხარეებს უდიდეს ყურადღებას აქცევენ. ხოლო ბექჰემს ლამაზად ჩაცმა ყოველთვის რომ უყვარდა და არც კანის მოვლის საშუალებებს იკლებდა, ეს ისედაც ცნობილი ფაქტი იყო ყველასათვის.
როდესაც დევიდ ბექჰემმა თავისი მეტროსექსუალობა აღიარა, აღმოჩნდა, რომ ვახშამზე შეკრებილი ადამიანებიდან ბევრმა არ იცოდა ამ ტერმინის მნიშვნელობა და ფეხბურთელის სიტყვებმა ერთგვარი მცირე შოკი გამოიწვია. ზოგიერთმა მეტროსექსუალობა ჰომოსექსუალიზმთან გააიგივა და იქ რა ჩურჩულიც დაიწყებოდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ისე კი, უნდა ითქვას, რომ მეტროსექსუალობა, რა თქმა უნდა, არც ჰომოსექსუალიზმს გამორიცხავს, მაგრამ მეტროსექსუალზე ვერ ვიტყვით, რომ იგი აპრიორი ჰომოსექსუალი უნდა იყოს.