“მილანისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება ყოველთვის ეპოქალური ხასიათის საფეხბურთო მოვლენად მიიჩნევა, წელს კი ამ ორი გრანდის საჩემპიონთალიგო შეხვედრას, განსაკუთრებულ ელფერს დევიდ ბექჰემის ფაქტორიც სძენს. “ოლდ ტრაფორდელთა” ყოფილი ვარსკვლავი, დღესაც წითელი შეფერილობის მაისურით გადის მინდორზე, ოღონდ, ამჟამად მისი “სან სიროზე” ეიმედებათ. ცხადია, გუშინწინდელ მატჩამდე და მისი მსვლელობის დროსაც, ბექჰემი განსაკუთრებულ მდგომარეობაში იქნებოდა, ხოლო თუ რა განცდა ჰქონდა დევიდს და როგორ ემზადება იგი “ოლდ ტრაფორდზე” დასაბრუნებლად, ამას იმ ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მილანელთა 32-ე ნომერს “მილანი”-“მანჩესტერის” პირველი სამერვედფინალე შეხვედრის შემდეგ ჩამოართვეს.
- “იუნაიტედთან” მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, როცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრის შედეგი გავიგე, აღელვებისგან კინაღამ ავტირდიო...
- მართლაც ენით აუხსნელი გრძნობა დამეუფლა - მე ხომ იმ გუნდის წინააღმდეგ მომიწევდა თამაში, რომელსაც ადრეული ბავშვობიდან ვქომაგობდი, მოგვიანებით კი მისი ნაწილი გავხდი. მანჩესტერში უამრავი მეგობარი მყავს და ისინი მხოლოდ “იუნაიტედის” წევრები არ არიან. მოუთმენლად ველოდი სერ ალექსის კრებულთან გაჯიბრებას.
- როგორ ემზადებოდა “მილანი” პრინციპული მატჩისთვის? ლეონარდომ “იუნაიტედზე” რა გკითხათ?
- რაიმე განსაკუთრებული და განსხვავებული მზადება არ გვქონია. “როსონერი” “მანჩესტერს” პატივს სცემს, მაგრამ მისი არ ეშინია. პირადად მე რაც შემეხება, კარგა ხანია “ოლდ ტრაფორდიდან” წასული ვარ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომაც არ მგონია, ლეონარდოსთვის რაიმე სასარგებლო რჩევის მიცემა შემეძლოს. ეს თავად ბრაზილიელმა დამრიგებელმაც მშვენივრად იცის, ამიტომაც მასთან განმარტოებული საუბარი არ მქონია.
- მატჩი თქვენი ახალი გუნდისთვის იღბლიანად დაიწყო. გოლიც ადრეული გაიტანეთ, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეთ და შემდეგ ანგარიშისთვის “მილანისთვის” უფრო სოლიდური უპირატესობის მიცემის რეალური საშუალებაც გქონდათ...
- პირველი ტაიმი მართლაც დიდებულად ჩავატარეთ. გატანილი ბურთის შემდეგ მინიმუმ სამჯერ შეგვეძლო ვან დერ სარის დამწუხრება. თუნდაც ერთი ხელსაყრელი მომენტი რომ გოლად გარდაგვესახა, სულ სხვა თამაში წავიდოდა - მე მგონი, ეს არავისთვისაა საკამათო. ყოვლად დაუშვებელია “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაპირისპირებისას შანსის ხელიდან გაშვება. მით უმეტეს, როცა მას ისეთი დონის ფორვარდი ჰყავს, როგორიც ვაზაა (უეინ რუნი - რედ.), ასეთ შემთხვევაში სასჯელი არ აგცდება. მეორე ტაიმში უპირატესობას უკვე მეტოქე ფლობდა. “მენიუმ” ჩვენზე მეტი ხელსაყრელი მომენტი შექმნა და მათი რეალიზაციაც მოახდინა. იმედს კლარენს ზეედორფის მიერ ულამაზესი სტილით გატანილი ბურთი მიტოვებს. ამ გოლმა საბოლოო წარმატების მცირედი იმედი ჩაგვისახა, თუმცა, ყველას მშვენივრად გვესმის, “ოლდ ტრაფორდზე” ურთულესი ორთაბრძოლა რომ გველის.
- “სან სიროზე” მანჩესტერელი გულშემატკივრებიც იყვნენ. როგორ შეგხვდნენ ადამიანები, რომელთა კერპი ბრძანდებოდით, დღეს კი მოწინააღმდეგის ბანაკში აღმოჩნდით?
- ორივე გუნდის ქომაგები გულთბილად შემხვდნენ. ჩემთვის სავსე ტრიბუნები ყოველთვის დამატებითი სტიმულია. დასანანი კი მხოლოდ მატჩის საბოლოო შედეგია.
- შეხვედრის მსვლელობის ერთ-ერთ ეპიზოდში პოლ სქოულზთან შეტაკება მოგიხდათ. გულშემატკივრებს ახსოვთ, ადრე მასთან ერთ-ერთი ვარჯიშის დროს უთანხმოება გქონდათ...
- სქოულზი მებრძოლი ხასიათის ადამიანი მოთამაშეა. მასთან გასაყოფი არაფერი მაქვს.
- რამდენად მომზადებული შეხვდებით განმეორებით პაექრობას?
- 7 წელია, რაც “იუნაიტედის” წევრი არ ვარ. ძალიან რთული იქნება ამხელა პაუზის შემდეგ “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერის” მოწინააღმდეგის რანგში გასვლა. მინდორზე გასვლის წინ ყოველთვის მშვიდად ვარ, მაგრამ 10 მარტს “ოლდ ტრაფორდზე” სულიერი წონასწორობა დამერღვევა.
- დავუშვათ და ისე მოხდა, რომ თქვენმა გოლმა “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა. გატანილ ბურთს იზეიმებთ?
- ხანდახან გატანილი გოლის შემდეგ, ემოციის ისეთი მოზღვავებაა, საკუთარ თავს ვერ აკონტროლებ. გარწმუნებთ, “იუნაიტედთან” ამგვარი რამ არ მოხდება. უდიდეს პატივს ვცემ კლუბსაც და მის მილიონობით ქომაგსაც, ამიტომაც წარმატებას თავშეკავებით შევხვდები.
- შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ “მილანი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”? ამასთან რა სხვაობას ხედავთ პრემიერლიგასა და სერია A-ს შორის?
- ორივე უმდიდრესი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ფანტასტიკური კლუბია. ინგლისური და იტალიური ჩემპიონატები ერთმანეთს ბევრი მომენტით ჰგვანან. აპენინზე ფეხბურთელები ტექნიკურად თამაშობენ, მაგრამ ხასიათის სიმტკიცით, ბრძოლისუნარიანობით არავის ჩამოუვარდებიან. პრემიერლიგა კი, დაარსების დღიდან, განსაკუთრებული ტურნირია. მას შემდეგ, რაც მე მანჩესტერი დავტოვე, ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო პირველობა კიდევ უფრო განვითარდა და წინ წავიდა.
- დღევანდელ “მანჩესტერ იუნაიტედზე” არაფერი გითქვამთ. მიმდინარე სეზონში მას შედარებით ნაკლებად ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ, რადგან სპეციალისტთა დიდი ნაწილის მტკიცებით, ფერგიუსონმა კრიშტიანუ რონალდუს სათანადოდ შეცვლა ვერ შეძლო...
- ასეთი საუბარი რომ იქნებოდა, ჯერ კიდევ იმ დღეს ვივარაუდე, როცა პორტუგალიელმა “ოლდ ტრაფორდი” დატოვა. რა გამოლევს პესიმისტებს, რომლებიც ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ - ეჰ, ადრე რა გუნდი გვყავდაო... “იუნაიტედი” კი მაინც მოწინავეთა შორის მყარად ინარჩუნებდა პოზიციას. სერ ალექსი ყოველთვის ახერხებდა კრიტიკოსთა გაჩუმებას. გუნდში სადღეისოდაც ბევრი უმაღლესი კატეგორიის ფეხბურთელია და არ მესმის, რატომ არ უნდა იბრძოლოს “მანჩესტერმა” პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.
- საუბრის მიწურულს ერთსაც გკითხავთ. მოსალოდნელია რომელიმე სტატუსით დევიდ ბექჰემის “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება?
- გულშემატკივრის სტატუსით აუცილებლად დავბრუნდები. თქვენ წარმოიდგინეთ, “ოლდ ტრაფორდზე” დასასწრები სეზონური აბონემენტი ახლაც მაქვს. “იუნაიტედი” და მანჩესტერი ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია. რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ, ამჟამად ძნელი სათქმელია.
მომაზადა გოჩა კაჭარავამ