ფეხბურთი

13:08 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევდარიანის გოლი, თარხნიშვილის მორიგი ჩემპიონის ტიტული

დანიის სუპერლიგის 32-ე ტურში “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე “ოლბორგს” 3:0 სძლია და ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე დავით დევდარიანმა ჩაიწერა.

ქართველი შემტევი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და ერთი წუთის შემდეგ ანგარიში 3:0 გახადა. მიმდინარე სეზონში დევდარიანმა 25 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. დავით სხირტლაძე მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა. მათე ვაწაძე ტრავმირებულია და არ უთამაშია. “ორჰუსს” 41 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-7 ადგილზეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-7 ტურში, რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, შინ “იელგავას” ვერ მოუგო – 1:1. რიგელთა ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში იყო ლადო დათუნაშვილი, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს. ლევან ჭაჭიაშვილი 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. “სკონტო” 10-გუნდიან ჩემპიონატს 15 ქულით ლიდერობს.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, არსებობის ისტორიაში ჩემპიონის ტიტული მეთორმეტედ გაიფორმა.

31-ე ტურში “შერიფმა” კიშინიოვის “ზიმბრუ” სტუმრად 2:0 დაამარცხა. კიშინიოველთა ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ თორნიკე სტეფნიაშვილმა ითამაშა, რომელიც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. ბაქარ მირცხულავა თადარიგში იყო, ხოლო კონსტანტინე გაბაშვილი 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

თარხნიშვილს ფეხბურთელობისას მოლდოვის ჩემპიონატის ოქროს მედლები 11-ჯერ მოუგია, ხოლო ახლა ჩემპიონობა როგორც სპორტულმა დირექტორმა იზეიმა.

თეგებიდევდარიანი
0.114101