პოპულარული იტალიელი ფეხბურთელის - ალესანდრო დელ-პიეროს მეუღლის – სონია ამორუზოს თქმით, ბოლო პერიოდში მისი ქმარი ძალიან შეიცვალა, რისი მიზეზიც, არა მხოლოდ ასაკის მატებაა, არამედ სონიას აზრით, ისიც გახლავთ, რომ ”დელპოს” მამობის გრძნობა ბოლო დროს ძალიან გაუმძაფრდა და მთელს თავისუფალ დროს თავის ორ შვილთან – ტობიასთან და დოროტეასთან ერთად ატარებს.
”ხან მთელი თვე ისე გავა რომ, ალექსის შეიძლება არც კი გაახსენდეს, რომ ამ ქვეყნად მრავალი საინტერესო გასართობი არსებობს. ადრე, ერთად დავდიოდით კინოთეატრებში, რესტორნებსა და სხვა გასართობ ადგილებში. ბოლო დროს კი, ალექსს თავისი შვილების გარდა, აღარაფერი აინტერესებს” – დაიწუწუნა სონია ამორუზომ, რომელიც ალესანდრო დელ პიეროს 1999 წლიდან იცნობდა და ხვდებოდა, თუმცა ამ წყვილის ოფიციალური ქორწილი გაცნობიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ – 2005 წელს შედგა.
შეიძლება სონია ამორუზოს საწუწუნო მართლაც აქვს და ჩვენ აბა, რას ჩავწვდებით სხვათა სულიერ თრთოლვებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ალესანდრო დელ პიერო თავისი მრავალი კოლეგისაგან განსხვავებით, არასოდეს ყოფილა დიდი დისკოთეკო-მანი და ზოგადად, აქტიურ გართობაზე დაფეთებული კაცი. ალესანდროს სიმყუდროვე და ოჯახური სიმშვიდე ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა.