ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ Sport.es-თან ინტერვიუში სამხრეთ აფრიკაში თავს გადახდენილი ყველაზე მწვავე და ნათელი მომენტები გაიხსენა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, სანამ ამ წარმატებით დატკბებოდა, ბევრი წინაღობის გადალახვა მოუხდათ.
- ზუსტად ერთი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახდა...
- მთელი საფეხბურთო სამყარო აღფრთოვანებული იყო იმ თამაშით, რომელიც ჩვენმა გუნდმა აჩვენა. ის ადამიანებიც კი, რომლებისთვისაც ფეხბურთი უცხოა, ვერ დარჩნენ გულგრილი ესპანეთის ნაკრების მიმართ.
- რის ხარჯზე მიაღწია ესპანეთის ნაკრებმა ასეთ წარმატებას?
- სწორედ იმ მომენტების ხარჯზე, რაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე იყო. შემადგენლობა ბრწყინვალე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით იმისაკენ, რომ მუნდიალზე წარმატებისთვის მიგვეღწია. ეს იყო ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან ძნელი იყო, მაგრამ იყო ოცნება, რომლითაც ყველა ჩვენთაგანი ცხოვრობდა. იღბალმაც გაგვიღიმა, რომელიც წარმატების მისაღწევად ყოველთვის აუცილებელია.
- რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- ძალიან ბევრი რამ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდში არ მომხდარა არცერთი ჩხუბი და შიდა კონფლიქტი. ვერცერთ ნეგატიურ მომენტს ვერ გავიხსენებ. მახსოვს ის ურთულესი მონაკვეთი, რომელიც შვეიცარიასთან სადებიუტო მატჩში მარცხის (0:1) შემდეგ გადავიტანეთ. მოვლენების ასეთი, არასასურველი განვითარებისთვისაც მზად ვიყავით. ესპანეთი არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ტურნირს აუცილებლად მოიგებდა.
- შვეიცარიასთან თქვენი მარცხის შემდეგ, ჯგუფის სხვა გუნდებმა გამოანათეს...
- დიახ, ასე იყო. რაც ყველაზე მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნეთ. იმ თერთმეტი ფეხბურთელიდან, რომლებმაც შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშეს, მეორე მატჩში, ჰონდურასის წინააღმდეგ მოედანზე ცხრა გავიდა, მეათე, ინიესტამ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
- არასოდეს ეჭვობდით იმ სათამაშო სტილის სისწორეში, რომელსაც ესპანეთის ნაკრები ქადაგებდა?
- არა, რადგან გუნდში ერთი ფეხბურთელიც კი არ არის ისეთი, რომელიც ნაკრების სათამაშო სტილს არ შეესაბემება. შემადგენლობაში არიან განსხვავებული კუთხის მოთამაშეები, ისეთები, როგორებიც ჩავი, ფაბრეგასი, კასორლა, ხავი მარტინესი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო არიან. მათ კიდევ დიდი ხანი უნდა ითამაშონ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. თუმცა, მათ დიდი კონკურენცია ელით, რადგან დავიდ სილვა და ინიესტა ფორმის პიკში იმყოფებიან.
- წარმატებისკენ მავალ გზაზე, ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი?
- ძალიან ბევრმა: კასილიასის დამაჯერებელმა თამაშმა, დავიდ ვილიას სიზუსტემ, რა თქმა უნდა, ინიესტამ და მისმა გადამწყვეტმა გოლმა ჰოლანდიასთან შეხვედრის 116-ე წუთზე. ყველა მათგანის თამაში გადამწყვეტი იყო. თუმცა, სანამ ამ მომენტებამდე მივიდოდით, სხვა არაერთი მომენტი გავიარეთ.
- 11 ივლისი თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან დღედ იქცა?
- დადგა ის დღე, როდესაც ერთი პატარა ბიჭის ოცნება რეალობად იქცა. მე მოვახერხე და ისტორიაში საკუთარი კვალი დავტოვე. რაღა თქმა უნდა, სასიამოვნო მოგონებები კარგია, მაგრამ დადგა დრო, როდესაც ახალი წარმატებებისთვის უნდა მოვემზადოთ.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა