ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ მოახლოებულ ზაფხულში გასამართ კონფედერაციის თასზე, იკერ კასილიასი “ფურია როხას” განაცხადში აუცილებლად იქნება, მაგრამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მწვრთნელი “რეალის” სათადარიგო მეკარეს სათამაშო დროს ვერ ჰპირდება.
“მიუხედავად ყველაფრისა, კონფედერაციის თასზე, იკერი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში იქნება. მაშინაც კი, თუ ის ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვერ მოიპოვებს, ჩვენთან ერთად იქნება, რათა დანარჩენებს დაეხმაროს.” – აცხადებს ვისენტე დელ ბოსკე.
იკერ კასილიასმა, რომელიც გასულ წლებში, მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ არაერთმა გამოცემამ დაასახელა, ხელის ტრავმა უკვე დიდი ხანია მოირჩინა, მაგრამ ჟოზე მოურინიო მას თავის გამოჩენის შანსს არა და არ აძლევს. იკერი დიეგო ლოპესის რეზერვისტია, რაც, ბუნებრივია, ეროვნულ გუნდში მის პოზიციებს არყევს.