ბრაზილიაში დაბადებულ გაზრდილმა დეკომ, როდესაც შეატყო, რომ “პორტუში” საკლუბო დონეზე მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ისტორიული სამშობლოს ეროვნულ ნაკრებში თამაში არ მოუწევდა, პორტუგალიის მოქალაქეობა მიიღო და დღემდე ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 71 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. დეკომ, პორტუგალიელებთან ერთად, ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა, 2006 წელს კი, გერმანიაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშიც ითამაშა. ლონდონის “ჩელსის” 33 წლის შემტევი ნახევარმცველი ახლა სამხრეთ აფრიკის მუნდიალისთვის ემზადება და მომავალ პერიპეტიებზე, ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ესაუბრა.
- ოთხი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ნახევარფინალში ითამაშეთ. იმ ტურნირიდან რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?
- მსოფლიოს თასი რაღაც განსაკუთრებულია – ყველაზე დიდი ტურნირი, რომელში მონაწილეობაზეც, ნებისმიერი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოცნებობს. ამ მოვლენის რაიმესთან შედარება არ შეიძლება. მაშინ, რამდენიმე მატჩი კარგად ჩავატარე, მაგრამ საერთო ჯამში, ჩემთვის ტურნირი რთულად წარიმართა, რადგან ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა მომიწია, ერთ-ერთ მატჩში მოედნიდანაც გამაძევეს. თუმცა, პორტუგალიის ნაკრებისთვის ასპარეზობა წარმატებული გამოდგა. ნახევარფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ერთი გოლი გავუშვით და დავმარცხდით. იმ შეხვედრაში იღბალი ფრანგების მხარეს იყო და ფინალს მიღმა დავრჩით.
- რა განსხვავებაა თქვენი გუნდის იმ შემადგენლობას, როგორც სამწვრთნელო, ასევე მოთამაშეების მხრივ, რომელიც 2006 წელს გერმანიაში იმყოფებოდა და ამჟამინდელს შორის, რომელსაც გამგზავრება სამხრეთ აფრიკაში მოუწევს?
- ამჟამინდელ შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელი აღარაა, ვინც მაშინ თამაშობდა. უმეტესობისთვის, ტურნირი ცხოვრებაში რაღაც ახალი იქნება. მოთაშეების ოსტატობის დონე მსგავსია, მაგრამ ისეთი გამოცდილება არ გვაქვს, როგორც ოთხი წლის წინ. იგივე შეიძლება ითქვას სამწვრთნელო შტაბის შესახებაც: 2006 წლამდე, სკოლარის ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული, ხოლო ჩვენთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა. კარლუშ კეირუშისთვის კი, მომავალი მუნდიალი სანაკრებო დონეზე პირველი ტურნირი იქნება. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ კეირუში საუცხოო სპეციალისტია, რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და წარმატებული გამოსვლისთვის ყველა ინგრედიენტი გვაქვს.
- თავად პორტუგალიას, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებს თუ მიაკუთვნებთ?
- არა, რადგან ფავორიტებს შორის ისინი არიან, ვისაც ამ ტურნირზე წარმატებულად გამოსვლის გამოცდილება აქვს და წარსულში მუნდიალიც მოუგია. პორტუგალიას მსგავსი გამოცდილება არ აქვს, რადგან მსოფლიოს პირველობა არასოდეს მოგვიგია და ფინალშიც არ ვყოფილვართ. ასე რომ, ფავორიტად ჩვენი განხილვა არ შეიძლება. თუმცა, ამავე დროს, გვყავს გუნდი, რომელშიც ნამდვილი ვარსკვლავები თამაშობენ და შორს წასვლა შეგვიძლია.
- იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელს უთამაშია ბოლო წლებში პორტუგალიაში, ეროვნული ნაკრებების დონეზე რატომ ვერაფერი მოიგეთ?
- მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ხომ ძალიან რთულია. მსგავს შედეგს, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიაღწია. მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოებია, რომელთაც მუნდიალი დღემდე არ მოუგიათ. საქმე ისაა, რომ ყოველთვის რაღაც ნიუანსები წყვეტდნენ ყველაფერს. ზოგჯერ, იღბალი დიადებსაც არ სწყალობთ.
- მიმდინარე სეზონში ბევრი საუბრობს, რომ მადრიდის “რეალის” თამაში დიდადაა დამოკიდებული კრიშტიანუ რონალდუზე. იგივეს თქმა, პორტუგალიის ნაკრებზეც თუ შეიძლება?
- ჩვენ მასთან ერთადაც მოგვიგია და მის გარეშეც. დღესდღეობით, ვერ დამისახელებთ დიდ გუნდს, რომელიც მხოლოდ ერთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. იგივე “მანჩესტერ იუნაიტედი” კრიშტიანუს გარეშეც საუცხოოდ გამოიყურება. “რეალსაც” გაუმარჯვია მის გარეშე, ისევე, როგორც პორტუგალიას. ცხადია, ყველა აღნიშნავს, როდესაც დიდი ფეხბურთელი გაკლია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი მხოლოდ რონალდუზე არაა დამოკიდებული. ბუნებრივია, ყოველთვის სასურველია, მოედანზე საუკეთესოები გყავდეს და როდესაც ასე არ ხდება, ეს იგრძნობა. რა თქმა უნდა, კრიშტიანუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და პორტუგალიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
- ჯგუფში თამაში ბრაზილიასთან მოგიწევთ, პორტუგალიის ნაკრებში კი, საკმაოდ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ ქვეყანაში დაიბადნენ, მათ შორის თქვენც. როგორც გუნდის ერთ-ერთი ვეტერანი, ფიქრობთ, რომ არსებულ ვითარებაში, “სელესაოს” წინააღმდეგ ასპარეზობის გამოცდილება აუცილებელია?
- ბრაზილიის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში და არა დიდ საფეხბურთო ტურნირებზე. თუმცა გეთანხმებით, რომ ბრაზილიასთან თამაშის გამოცდილების ქონა თავისთავად მნიშვნელოვანია. თუმცა, მსოფლიო თასი სულ სხვა ისტორიაა. ბრაზილიელი ვარ, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქობა მივიღე, რადგან პორტუგალიამ ძალიან ბევრი მომცა და იქ დიდი ხანი გავატარე. სიმართლე გითხრათ, პირადად, კოტ დივუართან შეხვედრაზე უფრო ვფიქრობ. მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი თამაში აფრიკელებთან გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსი გვექნება. ამ მატჩში დამარცხებულ გუნდს, 1/8-ფინალში გასვლა ძალიან გაუჭირდება.
- პირველად კოტ დივუარს ხვდებით, შემდეგ ბრაზილიას და შესაძლოა, 1/8-ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდეთ. აქედან გამომდინარე, თქვენს სამწვრთნელო ბანაკში რა განწყობაა? ტურნირის სტარტზე ერთბაშად ძალიან ბევრი ხმაურიანი სახელი ხომ არ იყრის თავს?
- ეს არ გვაღელვებს. ჩვენ მათ უნდა ვეთამაშოთ და ასეც მოვიქცევით. მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის წინ თუ ფიქრობ, ვისთან მოგიწევს თამაში, ან მეტოქეს ირჩევ, სჯობს ასეთ დროს სახლში დარჩე.
- მომავალში, საკლუბო დონეზე, ბრაზილიის, ან პორტუგალიის ჩემპიონატში თამაშს ხომ არ აპირებთ?
- საერთოდ, ბრაზილიაში პირადი მიზეზების გამო უნდა დავბრუნდე. ჩემი ოჯახი იქაა, ხოლო თავად, 13 წელიწადია ევროპაში ვცხოვრობ. პორტუს, სადაც სახლი მაქვს, მივეჩვიე, მაგრამ სულით ბრაზილიელი ვარ, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის თითოეული წევრი. სამშობლოში, ქალაქ ინდაიატუბაში, დეკუს სახელობის ინსტიტუტის გახსნა მსურს. თუმცა, ამის გაკეთებას 2011 წელს, ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტის დასრულების შემდეგ ვაპირებ. იმ პერიოდში თუ კვლავ აქტიური ფეხბურთელი ვიქნები, შესაძლოა, რომელიმე ბრაზილიურ გუნდს წარმატება მოვუტანო.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა